ინტერვიუ „ჯეოქეისი“-ს მკვლევართან, ხათუნა ბურკაძესთან საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად“. „ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ პერიოდში ორიენტირებული იქნება მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაზე, ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებაზე. ხსენებული პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის დაახლოებას და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების სისტემების მოდერნიზებას“, - დასძინა მან. 


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უალტერნატივობა. ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეალურად არათანაბარ საწყისებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების პოვნა“.


მისი აზრით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება ევროკავშირის ლიდერებს მისცემს ახალ იმპულსს ტრანსფორმაციისთვის, უფრო მოქნილი სისტემის განვითარებისთვის, მათ შორის გაფართოების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთანაც თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებზე წლებს ითვლის. „იმედია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გაფართოების პარადიგმას ისე შეცვლის, რომ მის შედეგად კეთილდღეობის მეტი სივრცე შეიქმნება“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 


ამასთანავე, მან განცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი სახელმწიფოების მიერ მიდგომების შეცვლა მცირე სახელმწიფოსგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, სტრატეგიული გზავნილების გამოყენებით კომუნიკაციის არხების მეტად განვითარებას უშუალოდ წევრი ქვეყნების დედაქალაქების დონეზე და მათთვის ნათლად ჩვენებას იმისა, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლით შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა უფრო მკაფიოდ უნდა ჩანდეს ევროპის პოლიტიკურ რუკაზე, რისთვისაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში შესაძლოა ახალი ფუნქციის შეძენაც დაგვჭირდეს. ციფრულ ეპოქაში კი ეს შესაძლოა იყოს ქვეყნის ციფრულ ჰაბად ქცევა რეგიონში და თანამედროვე ეპოქის სიახლეებთან მაქსიმალური ადაპტირება. მით უფრო, რომ ციფრული შესაძლებლობების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია დარგობრივი თანამშრომლობისა და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების განვითარება“.


„დაბოლოს, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით წარმატებით უნდა შევძლოთ თანამედროვე, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ფორმირების პროცესის დასრულება. ეს პროცესი კი კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის ჩვენს ევროპაში სრულფასოვნად დაბრუნებას და ქვეყანას მისცემს რეალურ შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფოს სახელით, საკუთარი ხმის უფლების გამოყენებით, მიიღოს საერთო სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები ევროპული თუ ევროატლანტიკური სივრცის წევრ ქვეყნებთან ერთად“, - დასძინა მან. 

 
გაეცანით ინტერვიუს 

გააზიარე: