"ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა PosTV-ის ეთერში

"ჯეოქეისის" მკვლევარმა, პროფესორმა ზვიად კირტავამ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზებსა და ინდიკატორებზე დაფუძნებული მოქნილი ტაქტიკის მნიშვნელობაზე PosTV-ის გადაცემა „პოლიტიკური პოსტის“ ეთერში ისაუბრა.

საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას ჯეოქეისის მკვლევარმა აღნიშნა, რომ ვირუსი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა დროს გავრცელდა, როცა ევროპაში პირველი ტალღა დასრულდა, შემდეგ დაიწყო მკვეთრი მატება სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. რთული სათქმელია, ამჟამად ჩვენთან დაწყებული მატება მეორე ტალღაა, თუ, - როგორც ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში - ზაფხულის სეზონის პერიოდში  - მობილობისა და ტურიზმის მატების, ასევე, ზოგან სკოლების დაწყების გამო - პიკური მატება.  საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან საფრანგეთში, ესპანეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, ისრაელში გაზაფხულთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატება ფიქსირდება. „ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მოხდა რამდენიმე კლასტერის გამო ქვეყნის ზოგ რეგიონში (ძირითადად, აჭარაში) მზარდი გავრცელება.  ლოკალური კლასტერების მართვა, ისევე, და საერთოდ - ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა, კონტაქტების მოძიება, დადგენა  და ტესტირება, საქართველოსთვის, წინაპერიოდიდან გამომდინარე, არის ერთ-ერთი ძლიერი მხარე და ეპიდემიოლოგიური სამსახურის კარგი მუშაობა, იმედია, მალე სიტუაციის სტაბილიზაციას მოიტანს“, - განაცხადა კირტავამ.   

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა განაპირობებს, რომ ინფიცირების მატებასთან ერთად, საბედნიეროდ,  ლეტალობა არ იზრდება, ექიმი პასუხობს, რომ ეს მსოფლიოშიც და ჩვენთანაც უკეთესი მზაობისა და სწორი მენეჯმენტის შედეგია. „ვირუსი მოულოდნელობას აღარ წარმოადგენს, გვაქვს მეტი ინფორმაცია, უკეთ ვიცით სიმპტომური თერაპია (დექსამეტაზონის გამოყენება), მთავარია ის რგოლები და სისტემა, რომელიც აწყობილია ქვეყანაში - პირველადი ჯანდაცვის, ამბულატორიების,  ცხელების ცენტრების,  კოვიდ-ცენტრების სახით. პერსონალის გამოცდილება. ახლა, თუ დაგვჭირდება, შეიძლება მსუბუქი შემთხვევების დროს გამოყენებულ იქნას ბინაზე მკურნალობის, ან - უმჯობესია - საკარანტინე სივრცეებში მკურნალობის შესაძლებლობა, მით უფრო, რომ საკარანტინე სივრცეებში ადრე 400-მდე ინფიცირებულის გამოვლენა მოხდა და მათ საკმარისი გამოცდილება დააგროვეს. ტესტირება - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით პოზიტიური ტესტების ინდიკატორი,  5%-ზე დაბალი უნდა იყოს, საქართველო ყოველთვის შეესაბამებოდა ამ დონეს, განსხვავებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ამჟამად დაფიქსირებული  6-11%, ლათინურ ამერიკაში - 30%-ზე ზევით.

 „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად რამდენიმე ქვეყანა  - აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი აპირებდა პოპულაციური „ჯოგური“ იმუნიტეტის განვითარების იმედად შეზღუდვითი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის თქმას, თუმცა საბოლოდ, ამ მიდგომის ერთგული მხოლოდ შვედეთი დარჩა და  შვედურმა მიდგომამ ვერ იმუშავა, რადგან ქვეყანა სიკვდილობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო სკანდინავიის ქვეყნებს შორის ინფიცირების ყველაზე მაღალი ტემპი ჰქონდა. შვედეთის მოსახლეობაში კორონავირუსის ანტისხეულების შესწავლამ დაადასტურა, რომ 4%-14% არასაკმარისია ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად,  თანაც ამ ანტისხეულების ნაწილი რამდენიმე კვირაში ზოგჯერ ქრება, ასე რომ ხანგრძლივი და მყარი იმუნიტეტი არცაა.  

სკოლებში სწავლის აღდგენის საკითხზე საუბრისას, ზვიად კირტავა აცხადებს, რომ მსოფლიოში განსხვავებული მიდგომებია. გაზაფხულზე დანია და ნორვეგია ის ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც გაბედეს და ეკონომიკის გახსნა სწორედ სკოლების - კერძოდ სკოლაში უმცროსკლასელების დაშვებით დაიწყეს. ამჟამად მსოფლიოს უმრავლესობა აპირებს ამ მაგალითის გაზიარებას, თუმცა დაფიქსირდა ინფიცირების ზრდის შემთხვევები და აშშ, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის სკოლების დიდი ნაწილი ისევ დაიხურა. ინგლისი აპირებს, რომ სკოლებში სწავლება შეინარჩუნოს, თუმცა ამავდროულად აკრძალა დახურულ სივრცელში 6 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, რაც ვერ მოდის შესაბამისობაში.   საქართველოში, იმედია, სკოლები, თავდაპირველი გეგმის მიხედვით განაახლებენ მუშაობას 2-კვირიანი ინტერვალის შემდეგ, როცა მოხდება ინფიცირების ამჟამინდელი მატების სტაბილიზაცია.

პანდემიის მართვაში მთავარია მიდგომა, რომ პირველ რიგში ვზრუნავთ ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. ამ მიდგომამ ჯერ კიდევ 100 წლის წინ ესპანური გრიპის პანდემიის დროს ამერიკაში დაადასტურა, რომ იმ ქალაქებში, სადაც კარანტინი, ნიღბები და დისტანცირება გამოიყენეს (სენტ ლუისი), არა მარტო სიკვდილობა იყო გაცილებით ნაკლები, არამედ შემდეგ ეკონომიკური აღმავლობაც მალე და მეტად დაფიქსირდა, ვიდრე იქ, სადაც კარანტინი და დისტანცირება არ გამოიყენეს და აღლუმები ჩაატარეს (ფილადელფია). 

ზოგადად კი, პანდემიის დროს აუცილებელია ინდიკატორებზე დაფუძნებული მოქნილი ტაქტიკის გამოყენება და მათი ცვლილებების მიხედვით რეგულაციების პერიოდული კორექტირება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100,000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების ინდიკატორი, მატების მიუხედავად, საქართველოში არაა ისეთი მაღალი, როგორც სხვა პიკური გავრცელების ქვეყნებში.  ამასთან „უნდა ხდებოდეს კარგი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მოსახლეობის ადექვატური პასუხი რეკომენდაციების დაცვის კუთხით, რათა შევინარჩუნოთ წინა ეტაპის კარგი შედეგი“ - აღნიშნა ზვიად კირტავამ.

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი
 

გააზიარე: