„ჯეოქეისი“-ს მკვლევარი ლიკა ჭიპაშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ლიკა ჭიპაშვილმა POST-TV-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ სტუმრობისას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის თაობაზე ისაუბრა.


ლიკა ჭიპაშვილმა გადაცემაში მიმოიხილა აშშ-ის აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, მათ შორის, საქართველოზე. „არჩევნების ასეთი შედეგი [ჯო ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში] კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ აყენებს საერთაშორისო ლიბერალურ წესრიგს და იგი მეტწილად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ნორმალიზების ხელშემწყობ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ“, - განაცხადა ლიკა ჭიპაშვილმა.


საუბრისას მან ხაზი გაუსვა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების მნიშვნელობას ევროპისთვის იმ საერთო დასავლური ღირებულებების განმტკიცების საკითხში, რომელიც ფუნდამენტური გახლავთ ევროპულ-ამერიკული ურთიერთობების პროცესში. 


გადაცემაში ლიკა ჭიპაშვილმა მიმოიხილა, აგრეთვე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისა და მისი გუნდის წარმომადგენლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ევროკავშირთან, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) თუ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთოების წარმართვის კუთხით. 


ამასთან, „ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა გადაცემაში ისაუბრა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის პერსპექტივებზე თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის კონტექსტში და აღნიშნა, რომ ბაიდენისა და მისი გუნდის წარმომადგენლების საქართველოსადმი მხარდაჭერა მხოლოდ პროგრესზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობად შეიძლება განვიხილოთ. „ბაიდენის [აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში] გამარჯვება არის ძალიან კარგი ნიშანი საქართველოს ეროვნული ინტერესების ფართოდ გატარების კონტექსტში, როგორც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ასევე ორმხრივი ურთიერთობების წარმართვის კუთხით“, - განაცხადა ლიკა ჭიპაშვილმა.


იხილეთ  გადაცემის სრული ჩანაწერი

 

გააზიარე: