ვიქტორ ყიფიანი კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის შესახებ

ავტორი:

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

 

ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო გაცილებით მეტია, ვიდრე გეოგრაფიული ერთეული და ეს არის ჭეშმარიტი პარტნიორობა, რომელიც ურთიერთშემხვედრ ვალდებულებებზეა დაფუძნებული. 

 

„ჩვენი ქვეყანა განმსაზღვრელია რეგიონში ევროპული რეფორმების წარმატებულობისა, იმ ფინანსური და ინტელექტუალური ძალისხმევისა, რომელიც ევროპამ გაიღო საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობისა. ეს არის ევროპული რბილი ძალის წარმატებულობის ერთგვარი ნიშნული, ასე რომ როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთი მხარე ერთმანეთთან დავალებული არაა, მაგრამ მადლიერი და ხელშემწყობი აუცილებლად უნდა იყოს. ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა განსაზღვროს, რომ მიუხედავად საპარლამენტო მანდატების რაოდენობისა, მათ აერთიანებთ ქვეყნის ინტერესები. ქვეყნის მომავლის გადასახადიდან ისტორია ვერ შემოინახავს, ვინ იყო მეტად ბრალეული. ისტორია თანაბრად განსჯის ყველა პოლიტიკურ აქტორს და აქ რამდენიმე ელემენტს უნდა გავუსვათ ხაზი. ჯანმრთელი ოპოზიციის არსებობა საქვეყნო საკითხია, ამიტომ პირადად მე ვისურვებდი, რომ ჯანსაღმა ოპოზიციამ შთანთქას არაკონსტრუქციული ოპოზიცია. ჯანსაღი ოპოზიციის ხმა იმდენად განმსაზღვრელი უნდა იყოს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მათი მიდგომა იყოს დომინანტი. გარდა ამისა, ოპოზიციურმა პარტიებმა ლიდერშიფში ახალი სახეების შეყვანა უნდა დაიწყონ. დადგა დრო, რომ ძველი სახეები ახლებმა ჩაანაცვლონ“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ვიქტორ ყიფიანის აზრით, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში საქართველოსთვის ასოცირების დღის წესრიგის საკითხის შეჩერების განხილვა არარეალურია.

 

„არ ვიცი რას ეყრდნობა ეს ინფორმაცია. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან თამამი პროგნოზი, რომელიც ერთგვარად არარეალისტური არის სწორედ იმ ინტერესთა თანხვედრიდან გამომდინარე, რაც ამ შემთხვევაში ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებს. ეს ერთიანობა არის რეგიონებში ჩვენი საერთო ევროპული ინტერესების თანხვედრა და გამარჯვება. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ პროცესი ასეთი უკიდურესი სცენარით განვითარდეს“, - აღნიშნა ყიფიანმა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „საქართველო სულ ერთი არ არის ევროპისთვის, ისევე როგორ ევროპა სულ ერთი არ არის ჩვენთვის“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.

გააზიარე: