ხათუნა ბურკაძე - აშშ-სთვის უმნიშვნელოვანესია მხარეებმა მოლაპარაკებებით მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოს ევროპული მომავლისათვის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: “ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე ჩატარებული მოსმენის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, რომელიც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ფუნდამენტური კომპონენტია და ქვეყნის შემდგომი პროგრესის წინაპირობაა”.


ასევე, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს სენატში ისაუბრეს საპარლამენტო მანდატების მნიშვნელობასა და საერთო შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარის ჩართულობაზე. გარდა ამისა, ხათუნა ბურკაძემ  დასძინა, რომ  გაკეთდა განცხადება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემაზე.


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „პოლიტიკოსების ვალდებულებაა უპირველეს ყოვლისა მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე გაანალიზონ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოთამაშისათვის ვიწრო პარტიული დღის წესრიგი კვლავ მთავარ ფაქტორად რჩება.


უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა, და უშუალო წვლილი შევიტანოთ ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა პრობლემების დაძლევაში. ასევე, უნდა გავაგრძელოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება სამართლის, კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად.ეს კი მხოლოდ ევოლუციური გზითა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმითაა შესაძლებელი.“

 
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია 
 

გააზიარე: