ხათუნა ბურკაძე - ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს

„ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში ვერ განხორციელდება, სანამ კრემლი არ შეწყვეტს მის აგრესიულ პოლიტიკასა და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ აღდგება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.  შესაბამისად, სანქციები კვლავ ძალაშია და მისი მოქმედების ვადა  ერთი წლით განისაზღვრება, ნაცვლად 6 თვისა, რომელიც აქამდე იყო“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მიღებული დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ევროპარლამენტის დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტ პუტინის საგარეო პოლიტიკა მკაფიოდ აგრესიული და რევანშისტულია. ის ცდილობს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგული ე.წ. „გავლენის სფეროების“ აღდგენას. პუტინის რეჟიმი უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, არ იცავს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის იმ პრინციპებს, რომლებიც ასახულია გაერო-ს წესდებაში, 1975 წლის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და 1990 წლის ეუთო-ს პარიზის ქარტიაში. ასევე, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ათასზე მეტი გადაწყვეტილება არ აღასრულა“. 


მისი თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი რეჟიმი რუსეთში საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში ადამიანის უფლებების სისტემური, უხეში დარღვევებით. ასევე, ის ახორციელებს აგრესიულ  საგარეო პოლიტიკას, მათ შორის მასშტაბური სამხედრო წვრთნებით, ოკუპაციით, ანექსიითა და საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით, დესტაბილიზაციით, კიბერშეტევების განხორციელებით, არჩევნებში ჩარევით. 


როგორც ხათუნა ბურკაძემ განაცხადა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა და ნატო-მ უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებთან მიმართებით. ამავდროულად, ევროკავშირი განიხილავს ევროპის თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების საკითხს. აღნიშნული ძალები თავის წვლილს შეიტანენ თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. ამასთანავე, ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს თანამშრომლობა მისი წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან რუსეთის საზიანო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად და ხელი შეუწყოს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავენ უსაფრთხოების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სათანადო უნარების განვითარებას. 


ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მომავალში განსახორციელებელ ზომებს. კერძოდ, ევროპარლამენტარების აზრით, თუ რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს საფრთხის შექმნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის და სამხედრო მოქმედებების განხორციელებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების წინააღმდეგ, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს რუსეთის გათიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან და ასევე, მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის შესაჩერებლად.


მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ უპირობოდ შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები, კერძოდ გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 


„დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე, მათ შორის ევროპის თავდაცვის სააგენტოს მეშვეობით და მათ კიბერმედეგობის გაძლიერებაზე. ასევე, ევროკავშირი ნატო-სთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მეტ ჩართულობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში“, - დასძენს ხათუნა ბურკაძე. 


მისი განმარტებით, ევროკავშირი გააძლიერებს მონიტორინგსა და ანალიზსს რუსეთის ჰიბრიდული დესტრუქციული მოქმედებების შესახებ, კერძოდ, დეზინფორმაციულ კამპანიებზე, კიბერშეტევებზე, შპიონაჟზე, არჩევნებში ჩარევაზე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განავითარებენ სათანადო ინსტრუმენტებს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირებისათვის, შეკავებისა და მათთან გამკლავებისათვის. 


ევროინტეგრაციის კონტექსტში დოკუმენტის შეფასებისას ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდაჭერას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ასევე, ევროკავშირი ხელს შეუწყობს  ამბიციური სტრატეგიის შემუშავებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ასოცირების შეთანხმება აქვთ დადებული. ეს ნიშნავს ასოცირებული ტრიოს მიერ რეფორმების განხორციელებას ევროკავშირის მიერ კვლავ ფინანსურ და ინსტიტუციურ რესურსებზე წვდომის შეთავაზებითა და მომავალში ევროკავშირში წევრობისათვის ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებით“.
 

გააზიარე: