ხათუნა ბურკაძე - აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტით საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება, რაც სტრატეგიულ მოკავშირეობაზე მიანიშნებს

"ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე მზარდი აგრესიის ფონზე. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი. მეტიც, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.


როგორც ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, ამ ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. მისი თქმით, ამის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორზე მეტია, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მოკავშირეა“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის შეფასებას

გააზიარე: