ხათუნა ბურკაძე - ციფრული ტექნოლოგიების ერაში ქართული დიპლომატია ტრანსფორმაციას მოითხოვს

ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“  საქართველოს საგარეო უწყების გაციფრულების  შესახებ ისაუბრა. 
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა:“საქართველოს საგარეო უწყების გაციფრულების კონტექსტში სასურველია, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და მის საფუძველზე დაწესდეს ახალი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა - ციფრულ საქმეთა ელჩი. მისი მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ქართულ დიპლომატიაში ციფრული მიღწევების დანერგვას, მათ შორის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებისას ციფრული მმართველობის ინსტრუმენტების გამოყენებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემების, განსაკუთრებით დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას. აღნიშნული პოზიციის შემოღება მნიშვნელოვანია ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების თვალსაზრისითაც. კერძოდ, მას ექნება პერმანენტული ურთიერთობა ტექნოლოგიურ კომპანიებთან. ციფრული ბიზნესის ლობირებისათვის ხელშეწყობით კი ქვეყანას გაუჩნდება შესაძლებლობა ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე ორიენტირებულმა ტრანსნაციონალურმა ორგანიზაციებმა ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ასევე, თავიანთი წარმომადგენლობები გახსნან“.


ამასთანავე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, მომავალში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ეკონომიკური და სხვა პროფილის დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ციფრული დიპლომატიის პოლიტიკის წარმართვისათვის სასურველია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ციფრული დიპლომატიის ოფისის დაფუძნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ციფრულ პლატფორმათა გამოყენების პროცესს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, მათთვის პერმანენტულად შეიმუშავებს ინოვაციურ წინადადებებს ციფრულ პლატფორმათა შინაარსობრივ, ვიზუალურ საკითხებზე“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
 

მისი თვალთახედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სისტემის დაცვისა და კიბერ დიპლომატიასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისათვის მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში კიბერ საკითხების კოორდინატორის პოზიციის შემოღება. აღნიშნული პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 2011 წლის 22 თებერვლიდან არსებობს. რაც შეეხება საკონსულო ურთიერთობებს, ამ მიმართულებით შესაძლოა „ჩეთბოტ კონსულის“ მექანიზმის დანერგვა. კერძოდ, საკონსულო ურთიერთობების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ონლაინ დიალოგის ფორმატში შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უწყვეტად საკონსულო მომსახურების გაწევა და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ავტომატიზებული მიდგომების დანერგვა.


გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს



 

გააზიარე: