ხათუნა ბურკაძე - რუსეთის კიბერშეტევები უკრაინის წინააღმდეგ საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის მიღებას ცხადყოფს

„14 იანვარს უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია კიბერშეტევებს, როგორც ომის წარმოების თანამედროვე ფორმას კვლავ აქტიურად იყენებს სუვერენულ სახელმწიფოთა ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ არაერთგზის აღმოვჩნით მსგავსი აგრესიული მოქმედებების სამიზნეები და სამწუხაროდ, არსებული უმძიმესი ვითარების ფონზე, იზრდება საქართველოს წინააღმდეგაც ანალოგიური კიბერთავდასხმების საფრთხე“,  - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ  განაცხადა.
 

მისი თქმით, მისასალმებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადება. „ასევე, აუცილებელია, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება და  განხორციელება“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
 

„კიბერშეტევების მასშტაბი, ტიპები და მახასიათებლები მიანიშნებენ, რომ აღნიშნული საფრთხეები უნდა განვიხილოთ ჰიბრიდულ გამოწვევათა კონტექსტშიც.  მეტიც, საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შეიმუშავოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია. ახალი ხედვითა და მიდგომებით მეტად შესაძლებელი იქნება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება და ჰაკერთა თავდასხმებისაგან საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 
 

„ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია უნდა შეეხებოდეს თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების ტიპებს, მათ შორის, კიბერინციდენტებს, დეზინფორმაციას, პროპაგანდას,  საბოტაჟს. დოკუმენტი მკაფიოდ უნდა წარმოაჩენდეს ჰიბრიდული გამოწვევების არასამხედრო მახასიათებლებს, ტაქტიკას, აანალიზებდეს მათ შესაძლო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებზე და მათთან ბრძოლის გზებს გამოკვეთდეს. ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია შესაძლოა ეფუძნებოდეს გამოწვევებთან ბრძოლის სამკომპონენტიან მექანიზმს (ეს ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოცდილებას): 1) ჰიბრიდული საფრთხეებისთვის მომზადება, რაც გულისხმობს შესაძლო ჰიბრიდული აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზსს, ასევე, გადაწყვეტილებების მიმღებთა აღჭურვას შესაბამისი მონაცემებითა და ცოდნით; 2) ჰიბრიდული საფრთხეების შეკავება, რაც ნიშნავს შესაბამისი სამთავრობო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ დროულად და ეფექტიანად შეძლონ ჰიბრიდული გამოწვევის შესაძლო ნეგატიური, დესტრუქციული შედეგის თავიდან აცილება; 3) თავდაცვა - თუ შეკავების პოლიტიკამ ვერ მიაღწია სასურველ სტრატეგიულ მიზანს, აუცილებელია ჰიბრიდულ საფრთხეებთან სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების განვითარება“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
 

„ამასთანავე, აუცილებელია მეტი სიხშირით ერთობლივი სიტუაციურ სცენარებზე მორგებული ტრენინგებისა და კიბერსავარჯიშოების ჩატარება პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკელ, ესტონელ კოლეგებთან. ეს ხელს შეუწყობს კიბერინციდენტებზე სწრაფ რეაგირებასა და, საჭიროების შემთხვევაში, კიბერკრიზისების ეფექტიანად მართვას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: