„ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
 

მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა კულმინაციის ფაზაში შედის. უკრაინის საზღვართან მობილიზებულია 100000 ზე მეტი რუსი სამხედრო.

 

ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება სხვა სამხედრო ოლქებიდან დამატებითი საჯარისო შენაერთებით. ამის გარდა, რუსული სამხედრო ტექნიკა ფაქტობრივად საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ასევე, ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, სირიიდან უკრაინის საზვართან რამდენიმე რუსული სამხედრო დანაყოფის გადასროლის შესახებ.
 

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის და მაღალი თანამდებობის პირის ოფიციალური განცხადება, რომლებიც პირდაპირ, თუ ირიბად მიუთითებენ უკრაინის საზღვართან არსებული სიტუაციის ესკალაციის რეალურ საფრთხეზე. საყურადღებოა, რომ დაძაბულობის ფონზე ბოლო 2 დღის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ნიდერლანდებმა, ისრაელმა, ფინეთმა, ნორვეგიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა ღიად მოუწოდეს თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ. როგოც ჩემთვის ცნობილია, რუსი დიპლომატებიც ეტაპობრივად ტოვებენ უკრაინის ტერიტორიას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა,“-აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
 

მკვლევარის აზრით, ამჟამად რუსეთი იმყოფება რთული დილემის წინაშე. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, 2014 წელთან შედარებით, ის მიიღებს გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს. კერძოდ, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, მას ექნება მნიშვნელოვანი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები, საერთაშორისო თანამეგრობობის მხრიდან დაწესდება ძალიან მკაცრი სანქციები და რუსეთი მოექცევა ნაწილობრივ იზოლაციაში, რაც სამომავლო პერსპექტივაში ძალიან მძიმე აღმოჩნდება რუსეთის ეკონომიკისთვის.
 

ასევე, დიდი ალბათობით, საფრთხე შეექმნება ქვეყნის შიდა სტაბილურობასაც, რადგან რუსეთის მოქალაქეებს და საზოგადოების წევრებს ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნიათ ომთან დაკავშირებით. ეს გარემოებები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთში შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული პროტესტი, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის რუსეთის ხელისუფლებას.
 

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან დაიხევს და არ შეიჭრება უკრაინაში, რუსული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ეს აღიქმება როგორც ქვეყნის სისუსტე, ხოლო პუტინის, როგორც ძლიერი მმართველის იმიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის იმპერიალისტურ იდელოგიას. გასათვალისწინებელია, რომ 2024 წელს რუსეთში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები, რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადება რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი რეიტინგი მომდევნო წლების განმავლობაში სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იქნება მისთვის,”-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
 

ანალიტიკოსის შეფასებით, შესაძლოა რუსეთს გააჩნდეს კიდევ ერთი სცენარი, რომელიც მოიაზრებს მცირე სპეცოპერაციებს, რომელსაც არ მოჰყვება მასშტაბური სამხედრო ესკალაცია, უკრაინის შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევის მცდელობებს და ფართსომასშტაბიან კიბერ შეტევებს უკრაინულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე.
 

ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის მთავარი ამოცანა იქნება უკან დახევა ისე, რომ ერთი მხრივ დასავლეთის თვალში არ წარმოაჩინოს თავი როგორც სუსტი ქვეყანა, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს თავისი რეიტინგი.
 

„საყურადღებოა, რომ დღეს შედგება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რის შედეგადაც, დიდი ალბათობით, პუტინის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დავინახავთ კონკრეტულად რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები უკრაინის ირგვლივ,“ - აღნიშნა ხატიაშვილმა.

გააზიარე: