„ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს ელჩი ტადაჰარუ უეჰარა შემოუერთდა

 

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს იაპონიის ყოფილი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა შემოუერთდა.

 

ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ 2017-2020 წლებში. როგორც მაღალი რანგის დიპლომატს, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური საკითხების მიმართულებით საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია.

 

გარდა მისი წარმატებული დიპლომატიური კარიერისა, ბატონი უეჰარას პროფესიული პორტფოლიო მოიცავს რამდენიმე მაღალი დონის პოზიციას სადაზღვევო ინდუსტრიაში, კერძოდ, იგი მუშაობდა Tokio Marine Holdings-ში, რომელიც იაპონიის უმსხვილესი კერძო სადაზღვევო ჯგუფია, ასევე იაპონიის ოფიციალურ საექსპორტო საკრედიტო სააგენტოში - Nippon Export and Investment Insurance. იგი ფლობს სიღრმისეულ ცოდნას გლობალური რისკების მართვის მიმართულებით.

 

ამჟამად კი ბატონი უეჰარა სხვადასხვა ნახევარგამტარისთვის ფოტორეზისტული მასალების საუკეთესო მწარმოებელი იაპონური კომპანიის - „ტოკიო ოკა კოგიოს“ - აუდიტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.  

 

მას დამთავრებული აქვს ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (ტოკიო, იაპონია).

 

როგორც „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ელჩი უეჰარა კონცენტრირებული იქნება იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ორი ქვეყნის ბიზნესისა და კულტურის წრეებს შორის კავშირების გაღრმავების ხელშეწყობის გზით. იგი, ასევე ჩართული იქნება იაპონიასა და საქართველოსთან დაკავშირებული აქტუალური თემების ირგვლივ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში.

 

„უაღრესად ვაფასებ ელჩ უეჰარას გადაწყვეტილებას შემოუერთდეს „ჯეოქეისს“. იგი  საგარეო პოლიტიკის საკითხებში კარგად გათვითცნობეირებული პროფესიონალია, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი იაპონია-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი შემოერთება „ჯეოქეისს“ კიდევ უფრო გააძლიერებს, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიტიკის თვალსაზრისით. პირადად ჩემთვის დიდი პატივი იქნება მასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: