ვიქტორ ყიფიანი: მივედით იმ ვითარებამდე, როდესაც ბიზნესინტერესები მგრძნობიარედ შეეხო ეროვნულ ეკონომიკებს, რასაც უკავშირდება პოლიტიკური დღის წესრიგი

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „კურიერი ps-ის" ეთერში უკრაინაში ომის სამი თვის მიმდინარეობისა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრა. 

 

„გაჭიანურებულ სამხედრო მოქმედებებს ერთი უცნაური თვისება აქვს, პირველი ემოციური შოკი როდესაც გადადის- ომის სურათის ლოკალიზება, ანუ მისი აღქმა ხდება როგორც ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენისა, ასეა ადამიანების და პოლიტიკოსების აღქმა. მეორე ელემენტია ის, რომ როდესაც ბიზნესინტერესები თავის დინებას მიჰყვება, ქვეყნები იწყებენ პრაგმატულად თავის ინტერესებზე ფიქრს. ჩვენ რამდენიმე სასანქციო პაკეტი ვნახეთ, როდესაც აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს არ გაუჭირდათ საერთო ნიშნულამდე მისვლა, მაგრამ როგორც კი საკითხი ენერგომატარებლამდე მივიდა, პრაქტიკულად დაიწყო ინტერესების შეჯერება. პირველად ამან თავი ქვანახშირთან იჩინა და რეალურად იქ კომპრომისი ორი ელემენტის წყალობით იქნა მიღწეული. პირველი, ეტაპობრივი ჩახსნა და მეორე, საერთოდ ქვანახშირის იმპორტს ევროკავშირის ენერგოსტრუქტურაში მცირე ნაწილი უჭირავს,"-აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ევროპულ ოჯახში ერთ აზრზე შეჯერება ვერ ხერხდება, მთავარი მიზეზი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს.რატომ ჭიანურდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რა კონკრეტულ საკითხებზე ვერ ახერხებენ ქვეყნები შეთანხმებას.

 

„გაცილებით დიდი პრობლემები წამოვიდა, როდესაც ნავთობს მივადექით. აქ წინააღმდეგობის ორი ცენტრი უნდა მოვნიშნოთ. უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი - აქ საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს მილსადენით იღებენ და შესაბამისად ზღვაზე გასასვლელიც არ აქვთ, ანუ მათ არ შეუძლიათ ძალიან სწრაფად მილსადენით შემოსული რუსული ნავთობის ჩანაცვლება ალტერნატიული გზებით. შესაბამისად, ერთი წინააღმდეგობის ცენტრი არის ასეთიო ჯგუფი ქვეყნებისა, რომლებთანაც კომპრომისი გამოსაძებნი არის და მეორე, ჩვენ ვახსენეთ ზღვით გადაზიდვა. ყველაზე მსხვილი გადამზიდი არის ბერძნული ფლოტი. საბერძნეთი, ფაქტობრივად წინააღმდეგ წავიდა ემბარგოსა და შეზღუდვაზე რუსული ნავთობის, ანუ პრაქტიკულად მივედით იმ ვითარებამდე, როდესაც ეს ბიზნესინტერესები ძალიან მგრძნობიარედ შეეხო ეროვნულ ეკონომიკებს, შესაბამისად ეროვნულ ეკონომიკას უკავშირდება პოლიტიკური დღის წესრიგი და  აი ახლაც ეგ საკითხი არის გამოკიდებული. ეს არის პირველი სერიოზული გამოცდა. ბუნებრივი აირი, რომელიც ალბათ ყველაზე მაღალი რანგის და თამასის გამოცდა იქნება,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: