ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუქარესტში მიმდინარე ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმში იღებს მონაწილეობას

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით - ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუქარესტში მიმდინარე ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმში იღებს მონაწილეობას.

 

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები აშშ-დან, საქართველოდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, ნატო-ს გაფართოების პერსპექტივებს, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს.

 

ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში და მის პოტენციალს, როგორც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობ ქვეყანას.

 

„ფორუმის ფარგლებში გვქონდა საინტერესო დისკუსია შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეებთან ერთად რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. აშკარაა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, რადგან დასავლეთი განიხილავს საქართველოს, როგორც ევროპის და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს. უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი, რომ გარდაიქმნას რეგიონულ მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და სტაბილურობის ხელშეწყობა. ახლა გახსნილია შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მყისიერად უნდა იქნას გამოყენებული. პირველ რიგში საჭიროა სამთავრობო დონეზე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ასევე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ დონეზე სპეციალური სამთავრობო ფორმატების ჩამოყალიბება, რომლებიც უშუალოდ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული. ანალოგიური ფორმატების საჭიროება არსებობს ასევე კვლევითი ცენტრების დონეზე, რადგან რეალურად არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების უდიდესი პოტენციალი. იამ პროცესის სწრაფი წარმართვა ასევე დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზეც.“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გააზიარე: