ხათუნა ბურკაძე - ანექსიის ფონზე, რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნებს უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები სჭირდებათ

„რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის ფონზე, კრემლის აგრესიის სამიზნე ქვეყნებს უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები სჭირდებათ. აღნიშნული სახელმწიფოებისათვის შეკავებისა და თავდაცვის მეტი ინსტრუმენტი, მექანიზმია შესაქმნელი. კრემლის მიზანია მათი, როგორც ერების, სახელმწიფოების განადგურება და შთანთქმა. ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა და სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილების რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად ქცევა ხელყოფს, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და საერთაშორისო არენაზე მთელი რიგი გარდამტეხი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას თვალნათლივ წარმოაჩენს. სხვაგვარად შესაძლოა, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს. მით უფრო, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყანას - რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. კრემლის მიერ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობა კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას აფერხებს“, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.


„კრემლის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ გაერო-ს წესდების ყველა ნორმა უგულებელყო, რასაც სათანადო რეაგირება სჭირდება, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, გარდაქმნა აუცილებელია. თუმცა ვიდრე ეს პროცესი გააქტიურდება, მნიშვნელოვანია რეგიონალური მექანიზმების მასშტაბის გაზრდა. გაერო-ს უმოქმედობის ფონზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის გლობალური როლი ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ ევროკავშირის მიმართულებით პროცესების დაჩქარებას, არამედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისითაც მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროა, როდესაც ზეპარტიულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებით პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია არ ხდება. თითქოს გვიჭირის იმ საფრთხეების რეალურად გაანალიზება, რომლებიც ყოველდღიურად ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული ფორმების თუ ელემენტების სახით ვლინდება“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 


„პროაქტიული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მეტი შესაძლებლობა და მექანიზმი ორმხრივ, მრავალმხრივ ფორმატებში. პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ ქვეყანა ერთიანობით, რეფორმებით საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის განვითარების პროცესში  საკუთარი როლის, ფუნქციის მეტად გამოკვეთას შეძლებს“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: