ნიკოლოზ ხატიაშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მკვლევარამა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეაფასა და აღნიშნა:“ სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომი და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობები წარმოადგენს დიდ უსაფრთხოების გამოწვევას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში, საქართველოს გააჩნია სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო სომხეთთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სამივე ქვეყანასთან ჩამოყალიბებული კავშირები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მოცემულობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს რეგიონული მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყანა, სადაც თბილისი გახდება ერთგვარი მოლაპარაკებების არენა სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიაციისთვის.“


ნიკოლოზ ხატიაშვილის თვალსაზრისით: „აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავს მზაობასა და სურვილს, რომ ეს პროცესი გააქტიურდეს. ასევე, შესაძლებელია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ფორმატის გარდა, განხილული იყოს საპარლამენტო ფორმატის შექმნაც, სადაც კანონმდებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებების პროცესში.“


„ეს ხელს შეუწყობს პროცესის ინკლუზიურობას და ეფექტიანობას. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში,“ - დასძინა მან.
 

გააზიარე: