ნიკოლოზ ხატიაშვილი: ვფიქრობ, მინისტერიალი იქნება კარგი შესაძლებლობა ქართული მხარისთვის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების წინაშე წარმოადგინოს თავისი ხედვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც მოიცავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა შეაფასა და აღნიშნა: „საქართველოს, როგორც ალიანსის არაწევრი ქვეყნის მიწვევა მინისტერიალზე არის ნატო-ს მხრიდან თავისი სტრატეგიული მიზნის გამოვლინება, რაც ერთი მხრივ გამოხატავს ნატო-სთვის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას უსაფრთხოების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ ეს არის მკაფიო გზავნილი თუ რამდენად ახლოს არის საქართველო ნატო-სთან და იგი აღიქმება, ნატო-ს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად“. 


მისი თვალსაზრისით, ხაზგასასმელია, რომ საქართველო უკრაინა და მოლდოვა ერთად მიიწვიეს მინისტერიალზე, რადგან სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევების წინაშე დგას. 


„ვფიქრობ, მინისტერიალი იქნება კარგი შესაძლებლობა ქართული მხარისთვის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების წინაშე წარმოადგინოს თავისი ხედვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც მოიცავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებს, რადგან ნატო-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ეს რეგიონი გახდა, რაც ასახულია ნატოს ახალ კონცეფციაშიც. მინისტერიალის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იქნება, ასევე, მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულების ნაწილის განხილვაც, რადგან ერთ-ერთ საკითხი წარმოადგენს საქართველოს გაძლიერებულ დახმარებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ალიანსის პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - დასძინა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
 

გააზიარე: