ზღვარწაშლილი „(უ)წესრიგობის“ ზღურბლზე
ძველი წესრიგიდან ახლის ფორმირებისაკენ მიმავალ ტენდენციებზე არაერთგზის მისაუბრია. ამ მომენტისათვის, იმ ახალი წესრიგის შინაარსზე გადაჭრით და დამაჯერებლად საუბარი არათუ ნაადრევი, არამედ საკმაოდ რთულია. ასეთი სირთულის მთავარი მიზეზი, მაღალი ალბათობით, არის პოლიტიკური მიზნების ჭარბი კომერციალიზაცია და ეროვნული ინტერესის ერთმანეთში მოსარიგებლად თუ გასარიგებლად ერთ-ერთ „სავაჭრო ნომენკლატურად“ ქცევაა.
ამიტომაც, შემთხვევითი როდია, რომ ძველიდან ახლისკენ არსებულ გარდამავალ ეტაპს, ე.წ. „უწესრიგო წესრიგად“ მოვიხსენიებ, სადაც სტრატეგიული გეგმარება სტრატეგობანას დაემსგავსა, ხოლო პოლიტიკოს და დეველოპერს შორის ზღვარი წაიშალა.
აღნიშნული „(უ)წესრიგობის“ ყველაზე მძიმე ნიშანსვეტად სწორედ რომ იმ ძველი წესრიგის ჯანსაღი პრინციპების შეუჩერებელი რღვევის მხდელობაა, რაც საერთაშორისო-სამართლებრივი წესწყობილების ფუნდამენტს ქმნიდა. ამ მხრივ, უპირველესად, სახელმწიფო საზღვრის ხელუხლებლობა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მიიჩნეოდა (შენიშვნა: სტატიის ამ ნაწილში ზმნას წარსულ დროში ვაქცევ, რითაც საკითხის სიმწვავის აღნიშვნას ვცდილობ).
დღეს აშკარად ვხედავთ, რომ საზღვრების გადაწერით გატაცება და ტერიტორიული დათმობებით მანიპულირება, პრაქტიკულად, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა სისტემაშემქმნელი აქტორის ღიად დეკლარირებულ ხელწერად იქცა. თანაც, ახალი გლობალური ფორმაციისაკენ მიმავალი „უწესიგო წესრიგის“ ამ „ახალი ნორმით“ სარგებლობას არცერთი აქტორი - მიუხედავად ამა თუ იმ ქვეყნის მმართველობითი ტიპოლოგიისა - არ თაკილობს. მეტიც, შექმნილი კონიუქტურის მოშველიებით, ყოველი „ძლიერი ამა ქვეყნისა“ (ზოგი საქმით, ზოგი კი ჯერჯერობით სიტყვით) ცდილობს მაქსიმალური შედეგი მიიღოს საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გავლენების სფეროთა განსამტკიცებლად.
ხოლო ტერიტორიებითა და საზღვრებით გლობალურად „გარიგებითი“ (ტრანზაქციური) პოლიტიკური ხაზის შეუქცევადობაზე საბოლოო დასკვნა, ჯერჯერობით, მაინც ნაადრევია, გავლენათა სფეროების ახალი ფორმატით აღმოცენება თუ დამკვიდრება უკვე მეტად პრაქტიკულად და ხილულად ამოქმედებული პროცესია.
სქოლიო შენიშვნა
გავლენათა სფეროები, როგორც ვთქვი, ძირითადად ძლიერი და დიდი ქვეყნის პრივილეგიაა, რომელიც - სამხედრო, ეკონომიკური თუ დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით - ზეწოლას ახდენს ამა თუ იმ სამიზნე ქვეყანაზე ან ქვეყნებზე თუ მათ რეგიონული ან სხვა ნიშნით გაერთიანებაზე სამიზნეს საგარეო-საშინაო კურსში მისთვის სასურველი ცვლილებების მისაღებად.
გეო-სივრცობრივ გავლენათა სფეროზე არაერთი აკადემიური განმარტება, სამონიტორინგო ინდექსი და დამხმარე ფორმულა არსებობს. ამ სიმრავლის მიუხედავად, გასაგები ენით ასეთი გავლენა გამოიხატება გავლენის განმახორციელებელი ქვეყნის მხრიდან იძულებისა ან/და აღკვეთის ეფექტიანი ზემოქმედებით. უფრო მარტივად რომ ითქვას, გავლენის მქონე ფლობს ყველა უნარს და შესაძლებლობას: ა) სამიზნე აიძულოს გააკეთოს ის, რაც გავლენის მქონეს სურს, და ბ) სამიზნეს ხელი ააღებინოს იმაზე, რაც გავლენის მქონეს არ სურს რომ მოხდეს.
იალტიდან „იალტამდე“?
სიტყვა „იალტა“, როგორც 1945 წლის ცნობილი იალტის კონფერენციის აღმნიშვნელი, გლობალურ სახელმწიფოებს შორის ასევე გლობალურად გავლენათა სფეროების სინონიმად იქცა. იალტის სამიტმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს მოწყობა ათწლეულებით წინ განსაზღვრა. თუმცაღა, აქვე აუცილებელია ითქვას, რომ გავლენათა სფეროების არსებობა საკაცობრიო ისტორიის და, მათ შორის, ომების ისტორიის, თანმდევი მოვლენაა, ხოლო 1945 წლის თებერვლის იალტის სამიტი, უფრო, გავლენის სფეროებზე თანამედროვე ეპოქაში შესავალია.
ისტორია ვახსენეთ და, გავლენის სფეროს კატეგორიაზე, მისი ევოლუციონირების „ჩარბენით“ მონიშვნას მოვახდენ. ითქვა უკვე, რომ გეოგრაფიულ სივრცეში დომინირების სურვილს კაცობრიობა მუდმივად ავლენდა, თუმცა გავლენის სფეროს დოქტრინალურ საწყისად 1823 წლის ამერიკის შეერთებული შტატების მონროს დოქტრინა თუ დასახელდება. მისი მიხედვით დასავლეთი ნახევარსფერო აშშ-ს ინტერესების საგანგებო ზონად გამოცხადდა, რომელშიც სხვათა - აღნიშნული ნახევარსფეროს გარეთ მყოფი ქვეყნების - მხრიდან ჩარევა დაუშვებლად მიიჩნეოდა.
ევოლუციონირების მორიგ მნიშვნელოვან საფეხურად 1884-85 წლის ბერლინის კონფერენციას მიიჩნევენ, სადაც გავლენის სფეროს ირგვლივ გაგებამ მეტი მასშტაბურობა შეიძინა. კერძოდ, კონფერენციის მონაწილე ევროპული სახელმწიფოების ამოცანას,მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, საკურატორო ზონებზე შეთანხმება წარმოადგენდა.
ისტორიულ რაკურსში, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდს, რამეთუ იმ დროისათვის არსებული ოთხი მსხვილი (ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის, რუსეთისა და გერმანიის) იმპერიის გეოპოლიტიკური „კოჰაბიტაცია“, არსებითად, მათივე მხრიდან კოლონიურ ერებზე შესატყვისი გავლენის ზონებს ეფუძნებოდა.
1945 წლის იალტის კონფერენციაზე და მის მნიშვნელობაზე გლობალურად გავლენის სფეროების დაყოფის თვალსაზრისით უკვე ვახსენეთ. მაშინდელმა დაყოფამ დიდი დროით გამოცდას გაუძლო. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ იალტაში დადგენილმა თამაშის წესებმა, - რამაც სამყაროს ორპოლუსიანობა განაპირობა - ცივი ომის პერიოდში კაცობრიობა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ცხელი ფაზის დაპირისპირებისგან იხსნა. მართალია, არც მაშინდელი ორპოლუსიანობა გამოირჩეოდა აბსოლუტური სტაბილურობით. საქმე ისაა, რომ ეს ორი ზესახელმწიფო ე.წ. „მეორად გეოგრაფიებში“ მათივე „პროქსი“ (proxy) ძალების მეშვეობით, ფარული თუ ღია კონფრონტაციის რეჟიმში, აგრძელებდნენ დანაწილებულის შემდგომი გადანაწილების მცდელობას. თუმცა, ბირთვული იარაღის შემაკავებელმა ფაქტორმა და ე.წ. „გარანტირებული მოსპობის“ კონცეფციამ სამყარო საბედისწერო შედეგებს აარიდა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ და მასთან ერთად ცივი ომის დასასრულმა გავლენის სფეროებზე გაგებას ახალი, და ხშირად, საკმაოდ წინააღმდეგობრივი დატვირთვა შესძინა. ამ მხრივ, ახლო ისტორიული წარსულიდან რამდენიმე, გასახსენებლად არცთუ სასიამოვნო პასაჟის წამოწევა მოგვიწევს.
სსრკ-ს დაშლას, თითქოსდა, არ უნდა წარმოეშვა არავითარი ბუნდოვანება საბჭოეთის ყოფილი ერების მიმართ, განსაკუთრებით, იქ სადაც ეროვნული იდეა და სწრაფვა ახალი გეოპოლიტიკური კავშირებისკენ ასე ცხადად იყო გამოხატული.
ნაწილობრივ ეს ასეც მოხდა, რამეთუ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც სსრკ-ს მიერ მართულ 1955 წლის ვარშავის პაქტში იყვნენ გაწევრიანებული, მათი საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, პრაქტიკულად, მყისიერი აღიარება ჰპოვეს დასავლეთის მხრიდან. ამასთანავე, პოსტ-საბჭოურ-რუსული გავლენისგან დახსნის პროცესი ბევრად რთულად წარიმართა (და ეს დღესაც ასეა) საბჭოთა კავშირის ექს-რესპუბლიკების შემთხვევაში.
ასე მაგალითად, 1991 წლის 1 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ უკრაინის რადაში წარმოთქმულმა სიტყვამ, სადაც მან უკრაინელები „სუიციდალური ნაციონალიზმის“ (ფაქტობრივად კი, ეროვნული დამოუკიდებლობის) საფრთხეზე გააფრთხილა, დასავლეთის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა კავშირის სივრცის მიმართ საკმაოდ ორაზროვანი გახადა. სამაგიეროდ, ამ გამოსვლის სათავისოდ ინტერპრეტაციამ მოხერხებულად აღჭურვა რუსების პროპაგანდა „ახლო საზღვარგარეთის“, როგორც რუსეთის „უკანა ეზოს“, მათი პრივილეგირებული ინტერესების გეოგრაფიად გამოცხადების კონტექსტში. მართალია, ბუშმა მოგვიანებით თავი იმით იმართლა, რომ ამ გამოსვლით მისი მიზანი სსრკ-ს ლიდერის გორბაჩოვის მხარდაჭერა და საბჭოეთის შიგნით ძალადობის თავიდან აცილება იყო. ნაწილობრივ, მაშინდელი მოვლენების გადმოსახედიდან, ალბათ, ეს რაციონალიც შესასმენია. მაგრამ, დიდ სურათში - სამეზობლოს მიმართ რუსული ექსპანსიონიზმის შემდგომი „დასაბუთების“ მხრივ - მოსახდენი მოხდა.
ასე თუ ისე, გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვაკუუმში აღმოჩენილი ქვეყნების (საქართველო და უკრაინა - პირველ რიგში) საკითხის დროებით „თაროზე შემოდებით“, ცივი ომის დასრულებიდან მომდევნო წლებში გავლენების სფეროებზე საუბარი, თითქოსდა, შეწყდა. მეტიც, გაჩნდა მოლოდინი რომ დიდ ევროპულ სივრცეში მოხდებოდა არა მხოლოდ მართვის მოდელების დაახლოვება, არამედ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წარსულში მეტოქე ქვეყნების მონაწილეობით, საერთო და მისაღები სისტემების შექმნა. მეტიც, 1997 წლის მაისში “ნატო-რუსეთის ურთიერთდახმარების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების დამფუძნებელ აქტზე“ ხელმოწერით გეოპოლიტიკური მიზნების კონვერგენციისაკენ თუ არა, ახალ რეჟიმში გეოპოლიტიკური კოჰაბიტაციისაკენ მოძრაობა უნდა დაწყებულიყო.
აქაც ასეთი მოლოდინი ინფანტილური პოლიტიკის მსხვერპლად იქცა. რამდენიმე მოვლენამ, - მათ შორის, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ, საქართველოს მიმართ 2008 წელს რუსეთის ახლა უკვე ღია აგრესიამ, ყირიმის ანექსიამ - გავლენის სფეროების რეაქტივაცია და გეოპოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ახალი გამყოფი ხაზების აღმოცენება განაპირობა. შეიქმნა ისეთი მოცემულობა, რამაც დღეს არსებულ „უწესრიგო წესრიგს“ ნოყიერი ნიადაგი შეუმზადა.
ფაქტია, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის განახლების შედეგად მიმდინარე ომი, მასთან დაკავშირებული ქაოტური პოლიტიკური პროცესი, ახალი „გარიგებების“ ხანას მოასწავებს, მათ შორის, ტერიტორიებისა და საზღვრების ხარჯზე. ასეთ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს ავტორიტარული რეჟიმების გააქტიურების კვალდაკვალ დემოკრატიული რეჟიმების ჰიბრიდულებად ქცევა, მათი დე-ისნტიტუციონალიზაცია და დე-მერიტოკრატიზაცია, „ძლიერი კაცის“ (strongman) მიდგომის გაფეტიშება, ასევე, პირდაპირ აისახება საერთაშორისო პოლიტიკის „საქმოსნურ“ ქმნაში.
ამდენად, „იალტიდან იალტამდე“ ქვესათაურიც გადამეტებულად არ მიმაჩნია. საერთაშორისო წესრიგის ნარჩენი კონსტრუქციის დემონტაჟის მცდელობა საკმაოდ რეალურს ხდის საერთაშორისო ურთიერთობების ბრუნვაში სტაბილურობის - ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის - მზიდი კედლების ზეხისტი „რეალპოლიტიკით“ ჩამოშლას. ეს კი, პრაქტიკულად, გლობალური მასშტაბის ტექტონიკურ კატასტროფას უდრის.
უფრო ვრცლად კი...
..აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო გამოკვეთავს ძლიერის მხრიდან ძალის უპირობო ფაქტორს და ძალისმიერი პოლიტიკით „მართლის ქმნას“ ან „უსწორობის გასწორების“ დასაშვებობას. ასევე, ერთ-ერთ შედეგად იქცევა საქართველოს მსგავსად სხვა კომპაქტური (მცირე) ქვეყნების დაუცველობა. მით უფრო მოწყვლადად წარმოგვიდგენია ისეთი ქვეყნები, რომლებიც გავლენათა სფეროების გამყოფი ხაზის გასწვრივ ან ასეთი ხაზის „არასწორ მხარეს“ აღმოჩნდებიან.
ტერიტორიებითა და საზღვრებით უპასუხისმგებლო მანიპულირებას დამატებით ამძაფრებს გლობალურად დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. პრაქტიკულად, ძველისგან ახალი იალტის განსხვავება შესაძლოა დემოკრატიული სამყაროს სრულ განეიტრალებაში თუ არა, მის მნიშვნელოვან დაკნინებაში გამოიხატოს. ეს კი, როგორ განვმეორდე, უშუალოდ ემუქრება არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას, არამედ საშუალო და კომპაქტური (მცირე) ერების ინტერესებს.
ძალის ფაქტორის ასე დაუფარავად გამოყენება და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უგულებელყოფით გავლენათა სფეროებზე „ხელის ჩამოკვრით“ პოლიტიკის ქმნა ანტიკური ხანის ერთ მეტად უსიამოვნო პრინციპს გააცოცხლებს. კერძოდ, მისი მიხედვით, ძლიერთა უფლება იყო ეკეთებინათ რასაც კი მოისურვებდნენ, ხოლო სუსტების ვალდებულება იყო მოეთმინათ ის რისიც მოთმენა მათ ევალებოდათ. აღსანიშნია ისიც, რომ თანამედროვე პოლიტიკაც დღეს, პრაქტიკულად, სრულად დე-იდეოლოგიზირებულია, ხოლო წამყვანი ხაზი სარგებლის მიღების აბსოლუტიზაციაა. აქვე იმასაც დავძენ, რომ სამართლის ეს პრინციპები - ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა - ყველა მხრიდან, პოლიტიკური წყობის მიუხედავად, მოურიდებელი შეტევის ობიექტად იქცა.
ასე თუ ისე, სწორედ აღნიშნული ხელწერა იქცა დღესდღეობით, ერთგვარ, „აღმოცენებად კულტურად“. ფაქტია ისიც, რომ ამ მომენტისათვის ასეთ „კულტურას“ შემდგომი პოპულარიზაციის პერსპექტივა უჩანს, რამეთუ იგი სრულად პასუხობს „ძლიერი კაცის“ სუბკულტურას, ზედმეტს ხდის როგორც დიპლომატიას, ისე ინტელექტუალურ პოლიტიკაზე მოთხოვნას, ხოლო საგარეო ასპარეზზე „მტრის ხატის“ შექმნის მოშველიებით ამარტივებს ქვეყნის შიგნით პრობლემათა მოჩვენებითი - მათი თითქოსდა - გადაწყვეტის ილუზიას.
გაგრძელება მეორე ნაწილში..