რას კარგავს საქართველოს სპეცსამსახურების სისტემა დასავლეთისგან დისტანცირებით

ავტორი:

შალვა ლომიძე
თადარიგის გენერალ-მაიორი 
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი
ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისის” მრჩეველი

 

საქართველოში, ბოლო დროს, გაზრდილ საფრთხეებთან ერთად იზრდება უსაფრთხოების სექტორის როლიც. მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, საბჭოთა თუ დასავლური? 


მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე იკვეთება რიგი გარემოებები, რაც ცხადს ხდის დასავლური სამყაროსგან ქვეყნის დისტანცირებას. აქვე, თუ  გავითვალისწინებთ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (ს.უ.ს.) 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში გამოკვეთილ ანტიდასავლურ ნარატივებს, ადვილი მისახვედრია, რა მიმართულებით განვითარდება აღნიშნული სამსახური ახლო მომავალში (თუ ამის შესაძლებლობა მიეცა) და რა საკითხების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული ეს უწყება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მოტივით. 


განვიხილოთ, სპეციალური სამსახურების სისტემებში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გართულების ან საერთოდ გაწყვეტის შეთხვევაში, რა ტიპის პერსპექტივები გვესახება და რას ვკარგავთ სფეროში, რომელიც არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საწინდარი. 


დემოკრატიულ სახელმწიფოებში სპეციალური სამსახურები წარმოადგენენ ღირებულებებზე დაფუძნებულ სტრუქტურებს და ჩართულნი არიან სახელმწიფო მმართველობის პროცესში. ღირებულებები, რომლებსაც ამ სამსახურების მუშაობა ეფუძნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ინსტიტუციური გამჭვირვალობაა. სწორედ, ეს ღირებულებები უზრუნვეყოფენ პროცესების კონტროლსა და სპეციალური სამსახურების განვითარებას.  დასავლური სისტემა თავისთავად ქმნის ისეთ რეალობას, სადაც უსაფრთხოების ორგანიზაციები არ მონაწილეობენ განსხვავებული ჯგუფების დევნასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში.  პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიზანია, სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის შენარჩუნება.  დასავლეთში სპეცსამსახურები მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, რაც გამოიხატება მაღალი დონის ანგარიშვალდებულებაში. დასავლურ ქვეყნებში პროფესიონალიზმი განისაზღვრება ეთიკური ქცევით, სპეციალური ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. მინიმუმამდეა დაყვანილი კომპრომისები პიროვნული და პროფესიული სტანდარტების მიმართ. ნათლად არის დადგენილი კარიერული საფეხურები, ადამიანური რესურსების განვითარება ხდება კვლევებითა და შეფასებებით. მოქმედებს ღირებულებათა სისტემა, რომლის ძირითადი პრინციპებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, ობიექტურობა, ანგარიშვალდებულება, ტექნიკური და სხვა საშუალებების მიზნობრივი გამოყენება, კორუფციასთან ბრძოლა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავება. უზრუნველყოფილია ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება. დასავლური სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა არ არის მხოლოდ არჩევანი, ეს არის აუცილებლობა, ვინაიდან თანამედროვე საფრთხეები მოითხოვს ფართომასშტაბიან, მჭიდრო, თანმიმდევრულ და სისტემურ თანამშრომლობას. დასავლეთის სპეცსამსახურები მოქმედებენ როგორც უსაფრთხოებისა და დაზვერვის ქსელის ნაწილი, სადაც ერთი ქვეყნის წარმატება ან წარუმატებლობა პირდაპირ აისახება სხვებზე. 


მნიშვნელოვანია, გავიგოთ რა ტიპის სირთულეებს წავაწყდებით ქართულ რეალობაში, თუკი მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა ეროვნულ სპეცსამსახურებში გაქრება დასავლური მიდგომა და სტანდარტები:  


-    შეიზღუდება სამსახურების წვდომა დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახისა თუ მასშტაბის სწავლებებზე, შესუსტდება საექსპერტო თანამშრომლობა. ქართული სპეცსამსახურებისათვის მნიშვნელოვანია ტრენინგები თუ გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო ტერორიზმის მიმართულებით, კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე, ანალიტიკური და ოპერატიული საქმიანობის თანამედროვე ტენდენციებზე. მომავალი კადრები აღმოჩნდებიან იზოლირებულ სისტემაში. 
 

-    შემცირდება ინფორმაციის ნაკადი (ტერორიზმზე, კიბერშეტევებზე, რეგიონულ დესტაბილიზაციაზე). აღარ გვეცოდინება, რას გეგმავენ მოწინააღმდეგეები ან რას ხედავენ ჩვენი მოკავშირეები. სპეცსამსახურები გადაიქცევიან პროპაგანდის იარაღად, ეროვნული უსაფრთხოება მოერგება პირთა ერთ ჯგუფს.

 
-    დიდი ხნით დაიკარგება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლების პოტენციალი. მისი აღდგენის შემთხვევაში კი, მუდმივად იარსებებს გარკვეული უნდობლობა და მომეტებული მონიტორინგის აუცილებლობა დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

 
-    მოხდება იზოლაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელებიდან, სამსახურების დისკრედიტაცია დასავლელი პარტნიორების თვალში და სამსახურების არასანდოდ წარმოჩენა. არ გამოირიცხება, რომ პროფესიულ წრეებში ჩავითვალოთ როგორც დეზინფორმაციის წყარო. გაქრება ნდობა.

 
-    მივიღებთ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, შეგვექმნება პრობლემები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. 
 

-    მოხდება სამსახურებში დასაქმებული სპეციალისტების გადინება. განათლებული და დასავლური ხედვის მქონე თანამშრომლები გავლენ სისტემიდან, გადავლენ დასავლურ სამოქალაქო სექტორში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ გამოირიცხება რომ დატოვონ ქვეყანა, რაც გაზრდის ინფორმაციის გაჟონვის რისკებს. პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ლოიალური, მაგრამ პროფესიულად უუნარო პირადი შემადგენლობის რიცხობრივი მაჩვენებელი. სახეზე იქნება საკადრო პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მმართველი ძალის ინტერესებს, რაც გამოიწვევს პროფესიული დონის ვარდნას. 


-    დროთა განმავლობაში მივიღებთ პოლიტიკურ ლოიალობას პროფესიონალიზმის ნაცვლად. შეიქმნება საფრთხეების არასწორი შეფასების, გართულებული ოპერაციების, დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა. 
 

-    სამსახურებში შეიქმნება სხვა კულტურა და საქმიანობა დაეფუძნება სხვა ღირებულებებს. გაიზრდება ნეპოტიზმის, ნიჰილიზმის რისკები, კორუფციასთან “მორგების” შესაძლებლობები.


-    გაღრმავდება ქართული სპეცსამსახურების გაუცხოვების პროცესი საზოგადოებისაგან და მათში დასაქმებული თანამშრომლები, განსაკუთრებით მაღალი რანგის ოფიცრები თუ სამოქალაქო პირები, კიდევ უფრო მოექცევიან ყოვლისშემძლეობისა და დაუსჯელობის ხიბლში. 
 

-    დროთა განმავლობაში ქართულ სპეცსამსახურებში მივიღებთ შიდა სტრუქტურას, რომელიც ემსახურება არა სახელმწიფოს, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესებს. სპეცსამსახურები იმუშავებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. უსაფრთხოების სისტემა გახდება პარტიული. 


ამ პირობებში გარდაუვალია დასავლელი პარტნიორების ჩანაცვლება სხვა ე.წ. “პარტნიორებით”. ქართული სპეცსამსახურები დაიწყებენ ახალი “პარტნიორების” ძიებას, ხოლო პოტენციური “პარტნიორები” შექმნიან შესაბამის პირობებს ქართულ სპეცსამსახურებთან საერთო ენის გამონახვის მიზნით. მაგალითისთვის, პირველ ეტაპზე ადვილად შესაძლებელია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, რეგიონული და მრავალმხრივი ფორმატების შექმნა. ასევე, არალეგალური მიგრაციის მიმართულებით ან საზღვრის დარღვევის ფაქტებზე თანამშრომლობის გაფართოება. ნარკოდანაშაულის სფეროში თანამშრომლობის შექმნა, მოგვიანებით “პარტნიორი ქვეყნების” მოქალაქეთა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნებში საქმიანობის თაობაზე გარკვეული სპეციფიური ამოცანების დაკვეთა ან ერთობლივი შესრულება, აგრეთვე ქართული სპეცსამსახურების დანაყოფების (ოპერატიული, ტექნიკური და ანალიტიკური მიმართულებები) გამოცდილების გაზიარებისათვის ტრენინგების ორგანიზება და მონაწილეობა, ერთობლივი ოპერაციები, ორმხრივი დახურული შეხვედრები მაგალითად კიბერუსაფრთხოებაზე. ყოველივე ამის მიზანი იქნება თანამშრომლობისათვის საერთო შეხების წერტილების მოძებნა ან გამიზნულად შექმნა, რათა სამომავლოდ ამ თანამშრომლობიდან გასვლა საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გაცილებით რთული გახდეს. ასევე, აუცილებლად მოხდება ქართულ სპეცსამსახურებში მათდამი ლოიალურად განწყობილი ინდივიდების შერჩევის, მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერისა და სამომავლოდ გამოყენების მცდელობები. 


და ბოლოს, სტატიაში განხილული თემა არაა მხოლოდ პროფესიული საკითხი. საქართველოს უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს იმის გაგება, ერთხელ და საბოლოოდ, თუ როგორ სპეცსამსახურებს ვაშენებთ - ღირებულებებზე დაფუძნებულს თუ სახელისუფლებო გავლენის ქვეშ მყოფს? 


როცა ვირჩევთ გავლენას, მაშინ უსაფრთხოება აღარ ეფუძნება ღირებულებებს. ის ხდება პოლიტიზირებული და ცენტრალიზებული, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი სტრუქტურა. თუ მივატოვებთ ღირებულებებს გავლენის სასარგებლოდ, მივიღებთ სისტემას, რომელიც აღარ იცავს ხალხს, არამედ აკონტროლებს მათ. მივიღებთ სისტემას, რომელიც აღარ მუშაობს თავისუფლებისთვის, არამედ მხოლოდ ძალაუფლებისთვის.
 

გააზიარე: