იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი
ახალი გავლენათა სფეროების...
...ფორმირების პროცესი მრავალწახნაგოვანი პროცესია. გარდა იმ „ჩარჩო“ ზოგადი ხელწერისა, ამავე პროცესის იმ რამდენიმე საკითხზე შევჩერდები, რასაც - ცვალებადი ხარისხით - საკუთარი და განკერძოებული გავლენა ექნება:
(1) ომი უკრაინაში
მიუხედავად ნებისმიერი ომისათვის დამახასიათებელი ტრაგიზმისა, ყველა ომი როდია ერთნაირი სამხედრო-პოლიტიკური შედეგის მომტანი. ასეთ ფონზე, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა სისტემაშემქმნელ ომებს აქვთ.
რუსული აგრესიის განახლების შედეგად უკრაინაში მიმდინარე ომი სწორედ სისტემაშემქმნელ ომს წარმოადგენს. მისი ნებისმიერი შედეგის გაფორმება არსებით გავლენას იქონიებს ახალ გლობალურ გეოპოლიტიკასა და ასევე ახალი, „უწესრიგო“ წესრიგის „უპრინციპო“ პრინციპებზე.
ამავე ომმა უკვე განსაზღვრა ითქვას შემდეგი:
(ა) ცივი ომის შემდგომი პერიოდის წესრიგი წარსულს ჩაბარდა და რომ უკრაინაში ომი იმ ძველთან მიბრუნების თეორიულ შესაძლებლობასაც კი გამორიცხავს;
(ბ) ძალის გამოყენება იქცა ნორმად, - ყოველ შემთხვევაში, ახლო და განჭვრეტადი მომავლისათვის;
(გ) ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოვება აღმოსავლეთით, სულ მცირე, 90-იანების ბოლო დასასრულისა და 2000-იანების დასაწყისის ე.წ. „დიდი აფეთქების“ მსგავსად და ელვისებურად ვეღარ მოხდება; ეს კი, თავის მხრივ -
(დ) აქტუალურს ხდის უსაფრთხოების მხრივ მოწყვლადი ქვეყნების მიერ ალიანსში წევრობის პარალელურად სხვა დამატებითი და შემავსებელი - უსაფრთხოების საკომპენსაციო მოდელებზე მუშაობის აუცილებლობას. საკომპენსაციო მოდელებზე წარსულში არაერთგზის მისაუბრია და ახლა ამ საკითხზე აღარ შევჩერდები.
ზემოთქმული გარემოებების მასშტაბურობის მიუხედავად, უკრაინაში ომს არანაკლებ - შესაძლოდ გაცილებით უფრო დიდი შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი: არის თუ არა ტერიტორიების გაცვლა ან მათი დათმობა საომარი მოქმედების დასრულებისა და პოლიტიკური დარეგულირებისათვის მისაღები გზა? მოხდება თუ არა ტერიტორიებით გარიგების თანამედროვე დიპლომატიისა და პოლიტიკური პროცესის ახლებურ, ლეგიტიმაციის მქონე საშუალებად აღიარება?
(2) აშშ და ტრამპიზმი
ეს ორი შემთხვევით არ გავაერთიანე, ვინაიდან შეერთებული შტატების პოლიტიკა - როგორც საშინაო, ისე საგარეო - ამ ეტაპისათვის უაღრესად პერსონიფიცირებული და ინსტიტუტების ჩვეული ზემოქმედებისგან „თავისუფალი ცურვის“ რეჟიმშია. მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის თავისებურებებს ამ ახლო წარსულში რამდენიმე ვრცელი პუბლიკაცია მივუძღვენი და იქ აღნიშნული, პრაქტიკულად, ყველა მოსაზრება თუ შენიშვნა, ჯერჯერობით, ძალაშია.
ფაქტია, რომ ტრამპის მიერ ტრადიციული ამერიკული ჩარჩო პოლიტიკისგან გადახვევამ, საკუთრივ, აშშ-ს ოფიციალურ მიდგომაში სარგებლის ღია დეკლარირება და მისი ტრანზაქციული ფორმით მიღება მონიშნა ძირითად ქვაკუთხედად. აღსანიშნია ისიც, რომ ზესახელმწიფოსათვის ბუნებრივად დამახასიათებელი ეროვნული ინტერესის ქცევამ ეგო-ამბიციად არა მარტო ამერიკული ისტებლიშმენტი, არამედ მსოფლიო დააბნია და სრულიად ახალი დილემის წინაშე დააყენა. ამაზეც ვრცლად გვაქვს ნასაუბრები და აღარ განვმეორდებით.
პრაქტიკულად, ტრამპიზმის პოლიტიკური კულტურა, გარდა „ძლიერი კაცის“ კონცეფციისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშანთვისებებისა, რადიკალურად ცვლის ადრე გაბატონებულ გაგებას აშშ-ზე, როგორც „მაგალითად მისაბაძ“ (leadership by example) ქვეყანაზე და ძირითად აქცენტს ახდენს „ძალა ქმნის სიმართლეს“ (might makes right) პრინციპის პრაქტიკულ რეალიზებაზე.
ყველაფერთან ერთად კი, ზემოაღნიშნული მიდგომა, ასევე მეტად თავისებურად განმარტავს „კონფლიქტის გადაწყვეტას“. კერძოდ, ადმინისტრაციის გაგებით ამა თუ იმ კონფლიქტის (ომის) დარეგულირება, სავალდებულოდ, არ ნიშნავს სამართლიანი სტატუს ქვო-ს აღდგენას. მეტიც, თუ კი რეალიები ამას მოთხოვენ, აუცილებელია პრეტენზიების უკან მოტოვება და „წინსვლა“. ასეთი „წინსვლა“, მათ შორის, შეიძლება განაპირობებდეს ტერიტორიის ფაქტორით ოპერირებას (მათ შორის, ტერიტორიების დათმობის ან მათი გაცვლის ჩათვლით) პრაქტიკული შედეგის - კონფლიქტისა თუ ომის დარეგულირების - მისაღწევად.
ერთი სიტყვით, ახალი წესრიგი ფორმირებაზე საუბრისას, ტრამპის ადმინისტრაციაზე დიდ წილად არის დამოკიდებული როგორც ასეთი წესრიგი (თუ უწესრიგობის) საბოლოო კონტურები, ისე შემდეგ კითხვაზე პასუხი: შეასრულებს თუ არა შეერთებული შტატები ახალი გლობალური ურთიერთობების სტაბილიზატორის თუ დესტაბილიზატორის ფუნქციას? ამავე კითხვას უკავშირდება როგორც გავლენის სფეროების ახლებურად გავლების, ისე დასავლეთის „საკურატორო“ სფეროს რეალური შინაარსი. თავის მხრივ კი, შინაარსზე საუბრისას, საკვანძო საკითხია: განაგრძობს თუ არა დემოკრატია შემდგომ უკუსვლას თუ მოხდება მისი შემობრუნება?
უდავოა, რომ ტრამპიზმმა სრულიად ახალ სამყაროში გაგვაღვიძა. თუმცა, მაინც მგონია, რომ აშშ-ში აზრის ორ ძირითად სკოლას - თვითშეზღუდვისა (restraint) და აქტიური თანამონაწილეობის (engagement) - შორის პაექრობა საბოლოოდ ჯერ არ შეჯერებულა. ფაქტია ისიც, რომ თუკი აშშ-ს მიერ გლობალურად თანამონაწილეობა არ იქნება მსოფლიოს ყველა წერტილში და ყველგან თანაბრდა, იგი განსხვავებულად წარიმართება რეგიონებისა (ე.წ. „პირველადი და მეორადი ინტერესების გეოგრაფიები“) და კონკრეტული კონიუნქტურული ინტერესების მიხედვით. ესეც, ცხადია, ვაშინგტონის მხრიდან გავლენათა სფეროების განსაზღვრას მეტად „უტილიტარულს“, ანუ უფრო, პრაქტიკული და გამოყენებითი დატვირთვისას გახდის. თავის მხრივ კი, აშშ-ს მიერ მსოფლიოს „ახალი წაკითხვა“ საკუთარი „ეროვნული ინტერესების“ პრიზმაში საქართველოს აიძულებს ასევე პრაქტიკულად მიუდგეს ქართული ეროვნული ინტერესების პროეცირებას, მათი დანიშნულებამდე მიტანას და ჩვენთვის სასურველი და მეტად ხელშესახები შედეგის გამოდნობას.
(3) ახალი ევროკავშირი
ევროპისადმი ტრამპის დამოკიდებულებისა და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში ევროკავშირი დილემის წინაშე აღმოჩნდა: იპოვოს საკუთარი თავი ისე და იმგვარად, რომ არც აშშ-თან დააზიანოს სტრატეგიული ალიანსი და, ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალურ რუკაზე ანგარიშგასაწევ გეოპოლიტიკურ აქტორად დაიმკვიდროს თავი.
ეს ამოცანა არცთუ იოლი მისაღწევია შეერთებული შტატების მხრიდან ევროკავშირის მისამართით „გეოპოლიტიკური ძიძის“ როლზე უარის თქმის მზაობისა და აშშ-რუსეთი-ჩინეთის სამკუთხედში გავლენათა სფეროების შესაძლო გადანაწილების პირობებში. ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირმა ბალანსირების (ჰეჯირების) წარმატებული პოლიტიკა შესძლოს. შედეგად, მას სანახევროდ არჩევანის შესაძლებლობა ესპობა, ხოლო რეალური არჩევანი კი ქმედითი გავლენის მქონე გეოპოლიტიკურ სუბიექტსა და დიდად არაფრის მთქმელ გეოგრაფიულ აგლომერაციას შორისაა.
ალბათ, მიმდინარე წელი მრავლის მთქმელი იქნება იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ მოახერხებს ევროკავშირი, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებისგან უსაფრთხოების ქოლგის სრულად შენარჩუნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩინეთთან ასე საჭირო ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ასევე, ახალი ენერგეტიკისა და მიზიდულობის ევროპულ კავშირს უზრუნველსაყოფი ექნება კიდევ ერთი მეტად დელიკატური ამოცანა, - რომ აშშ-სა ჩინეთს შორის ურთიერთობაში არ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში. უკრაინაზე ერთი ცნობილი განცხადების პერეფრაზს თუ მოვახდენთ, ოფიციალური ბრიუსელის ქვაკუთხედ მოწოდებას შემდეგი თუ იქცევა, სახელდობრ, „არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე“.
(4) კვლავ აქტუალური რუსეთი
ისეთი წესრიგის პირობებში, რომელიც „უწესრიგო წესრიგით“ გამოირჩევა, რუსეთი კვლავაც შეინარჩუნებს თავის ადგილს. გასაგებია, რომ განსხვავებით ცივი ომისგან, მოსკოვს - გაცხადებული სურვილების მიუხედავად - პრაქტიკულად გაუჭირდება გლობალურ მოთამაშედ პოზიციონირება. თუმცა, ასეთი შესაძლებლობების „სიგრძე და სიგანე“ ისევ და ისევ აშშ-სა და დასავლური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ერთობის სიმტკიცესა და სიცოცხლისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული: უპირველს და უწინარეს ყოვლისა.
სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, აღსანიშნია რუსეთის „გაგლობალურების“ შეუძლებლობის შემდეგი მიზეზებიც, კერძოდ: (ა) რუსეთის შეზღუდული წვდომა გლობალური მიწოდება-მომარაგების მარშრუტების კონტროლზე, სადაც ასეთ კონტროლს, ძირითადში, აშშ და ჩინეთი ახორციელებენ, და (ბ) რუსეთის შეზღუდული საზღვაო შესაძლებლობები, რაც ასევე ხელშემშლელია გლობალურად დასამკვიდრებლად.
გლობალურობაზე ასეთი პირობითობის დაშვებით, ვფიქრობ, გაცილებით დამაჯერებლად შეიძლება საუბარი რუსეთის ძლიერ რეგიონულ გავლენაზე. ამ მხრივ, ქართული პოლიტიკური და უსაფრთხოების სისტემის მედეგობა და სიჯანსაღე, რაც შიდა და გარე რესურსის თავმოყრასა და სწორ ორგანიზებაზე გადის, ჩვენს სახელმწიფოს მოდუნების ფუფუნებას არ უქადის. ასეთ რეალობას უნდა შევეგუოთ, განვეწყოთ და სათანადო რიტმზე გადავეწყოთ: როგორც ამას ის რამდენიმე ქვეყანა აკეთებს, ვისაც სახიფათო გარემოში არსებობა ისტორიამ და გეოგრაფიამ არგუნა.
აქვე გასახსენებელია, რომ წინა საუკუნის 60-ში დასავლურ მედიაში საბჭოთა კავშირს „რაკეტების მქონე ზედა ვოლტა“ ეწოდა, ხოლო დღეს უკვე ასეთი სახელით რუსეთის ფედერაციაც შეიძლება მოვიხსენიოთ. თუმცა, ამავე სახელში, გარდა კნინობითი შინაარსისა, ამავდროულად რეალური საფრთხეებიც იკითხება.
(5) საშუალო გავლენის ქვეყნები
ასე უფრო გამართული მგონია ვუწოდოთ ე.წ. Middle Power-ს კატეგორიის ქვეყნებს, რომლების თავიანთ უნიკალურ როლს იძენენ „უწესრიგო წესრიგის“ პროცესის გავლით ახლად ფორმირებულ ურთიერთობათა სისტემაში.
დიდ წილად, მათთვის კვლავ ჰეჯირების პოლიტიკა არის დამახასიათებელი. მაგალითისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ცენტრალური აზიისათვის მნიშვნელოვან ქვეყანას, ყაზახეთს დავასახელებდით. თავისებური „ღია კარის“ პოლიტიკის მეშვეობით, ოფიციალური ასტანა რეგიონზე არსებითი გავლენების ყველა აქტორთან ცდილობს დაბალანსებული ურთიერთობა აწარმოოს. ვფიქრობ, ეს მართლაც უნიკალური მაგალითია, ვინაიდან - უმეტესად - საშუალო გავლენის ქვეყნებს თავიანთი როლის პროეცირება აშშ-სა (უსაფრთხოების „მომწოდებელი“) და ჩინეთს (მატერიალური რესურსის „მომწოდებელი“) შორის ლავირებით უწევთ. ცხადია, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე ასეთი ლავირება არცთუ იოლი საქმეა და ფილიგრანულ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ხერხებს საჭიროებს.
ამ კატეგორიის ქვეყნებს შორის, ასევე, შესაძლებელია „საშუალო პლუსით“ გავლენის ქვეყნების გამორჩევა. არსებითად, მათ რეგიონული ზესახელმწიფოები შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან კონკრეტულ რეგიონში წესრიგის ფორმირება სწორედ მათ სიტყვასა და ქმედებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, მაგალითისათვის, დავასახელებ თურქეთს - დიდი შავი ზღვის რეგიონისათვის, და ისრაელს - ახლო აღმოსავლეთის რეგიონისათვის. ორივე ქვეყანა შესაბამისი რეგიონული წესრიგის სისტემაშემქმნელი სუბიექტები არიან.
(6) გლობალური სამხრეთი
ბოლო დროს, ეს აღნიშვნა ხშირი გამოყენების გახდა. გლობალური სამხრეთის გავლენაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა, ასეთი გავლენის შესაფასებლად მოკლეზე რამდენიმე ასპექტი უნდა აღინიშნოს:
(ა) დასადგენია „გლობალური სამხრეთის“ მწყობრი და გამართული ცნება. დღეს მისი განსაზღვრების არაერთი ვარიანტი არსებობს და, ხშირად, მათ შორის საგრძნობი აცდენაა;
(ბ) განსასაზღვრია ერთი მეტად კრიტიკული საკითხი: მოიაზრება თუ არა „გლობალური სამხრეთი“ ინდოეთსა და ჩინეთთან ერთად, თუ მათ გარეშე? გასაგებია, რომ ამ კითხვაზე პასუხი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობას იძლევა. ჩემი აზრით, ლოგიკურია თუ გლობალური სამხრეთი ჩინეთის გარეშე დასახელდება, ვინაიდან ჩინეთს საკუთარი, უნიკალური და დამოუკიდებელი როლი აქვს საერთაშორისო სისტემაში. რაც შეეხება ინდოეთს, აქ კი, მიმაჩნია, მეტი დაფიქრებაა საჭირო;
(გ) გლობალურ სამხრეთზე საუბრისას, ასევე, ცალკე „ცენტრად“ დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს დავასახელებდი. ასეთ შეთავაზებას როგორც ისტორიული, ისე მისთვის დამახასიათებელი სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორები გამოარჩევს, რაც ამ რეგიონის გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან თუ მდგენელ რეგიონებთან ერთად მოაზრებას არამართებულს ხდის.
დასასრულისკენ ქართული აქცენტით
არსებულ „უწესრიგო წესრიგში“ საქართველოს ძალისხმევას საკუთარი პოზიციონირების განსამტკიცებლად, ცხადია, თავისი ლიმიტი აქვს. ეს ზღვარია, რომელსაც ჩვენ ვერ გავცდებით, რადგან ახალი წესრიგის სისტემაშემქმნელ პროცესებზე ობიექტურად ვერ შევძლებთ გავლენის მოხდენას.
მაგრამ, ეს არც იმას ნიშნავს, რომ განზე უნდა გავდგეთ და პასიური როლით დავკმაყოფილდეთ. ეროვნული ინტერესის ადვოკატირებაში მაქსიმუმის მიღწევა შეუძლებელია დისფუნქციური სახელმწიფოს პირობებში, რომელსაც საკუთარი ჯანსაღი გეოპოლიტიკური ეგო არ აქვს. მით უფრო სავალალოა პოტენციური შედეგი, როდესაც ქვეყანა სახელმწიფოდ ქცევასა და განვითარებაზე უარს ამბობს იმ ცნობილი პროცესების შედეგად, რისი მოწმენიც მის საშინაო და საგარეო „საქმოსნურ“ და, როგორც მინიმუმ, უმეცარ პოლიტიკაში ვართ.
ქართული უსაფრთხოების საკითხი არაერთგზის ჩავშალე წინა სტატიებში. მთავარი ხაზი, რომ შევაჯამოთ, ე. წ. ინტეგრალური, ანუ დიდი გაგებით უსაფრთხოების სისტემაზე გადიოდა. ეს კი, სამხედრო კომპონენტთან ერთად, თანაბრად მოიცავს ეკონომიკურ თვითკმარობას, პროაქტიურ დიპლომატიას, პრევენციულ სპეციალურ სამსახურებს, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურული სიმდიდრის პრაქტიკულ აქტივად გამოყენებას. ეროვნული უსაფრთხოების მოდელირება მუდმივი და უწყვეტი პროცესია, ხოლო მისი უწყვეტობა სწორედ რომ გლობალურად და რეგიონულად მიმდინარე პროცესების უწყვეტობასა და მათ წინააღმდეგობრიობაშია.
საქართველოს ირგვლივ რეალობა ჩვენს მიდგომაში ინოვაციურობას, არასტანდარტულობას, სრულიად ახალ და მოწინავე - მოძრავ სტრატეგიულ და მრავალგანზომილებიან აზროვნებაზე მოთხოვნას ამძაფრებს. ეროვნული უსაფრთხოების „მატერიალურ“ მდგენელებთან (თავდაცვა, ეკონომიკა, დიპლომატია) ერთად ჩვენთვის, როგორც კომპაქტური ქვეყნისათვის, ზეპრაქტიკული მნიშვნელობისაა ქართული „რბილი ძალის“ სიცოცხლისუნარიანობა, რაც ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სამართლის უზენაესობას, ეკონომიკურ თავისუფლებას და შემოქმედებით ინიციატივას უკავშირდება. ეს სწორედ რომ ის „რბილი ძალაა“, რაც ახალ წესრიგში დასამკვიდრებლად ჩვენსავე სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს.
გასაგებია, რომ ამ ამოყირავებულ მსოფლიოში გზის გასაკაფად მყარი პროგნოზირება რთულია. თუმცა, როგორც დუაიტ ეიზენჰაუერმა ერთხელ შენიშნა, „გეგმები უსარგებლოა, მაგრამ დაგეგმვა კი აუცილებელი“. ჩვენც დროა უკვე ვიწრო პარტიული და სინდიცირებული ინტერესების მსახურებისგან, რაც უკვე ნახსენებ „ძელეცურად“ საქმის კეთებას უდრის, თავმოყვარე ერისა და ქვეყნისათვის აუცილებელ სახელმწიფოებრივად პოლიტიკის ქმნაზე გადავერთოთ. ეს კი, ყველაფერთან ერთად, როგორც ახლო წარსული, არამედ ჩვენი მძიმე აწმყოს გაკვეთილების გააზრებას და დროული დასკვნების გამოტანას გულისხმობს.