29 მაისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახალი სტრატეგიული ხედვა[1], რომელიც მოიცავს მომდევნო წლების განმავლობაში ევროკავშირის ყოვლისმომცველ მიდგომებსა და ნაბიჯებს რეგიონის მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა პირველად მიიღო ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ შავი ზღვის რეგიონზე და მასში ასახულია ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც ერთი მხრივ გააძლიერებს ევროპასა და რეგიონს შორის კავშირებს, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. 2022 წლის შემდეგ, ევროპამ დაიწყო რეგიონის განხილვა თავისი უსაფრთხოების პრიზმაში, განსაკუთრებით კი ენერგოუსაფრთხოების და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი დერეფნის კონტექსტში, სადაც საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვის პროცესი ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო და ის მხოლოდ ზოგადი იდეებითა და ხედვებით გამოირჩეოდა, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ დაიწყო. ეს პროცესი გულისხმობს რიგ გადაწყვეტილებებს ევროპის კონტინენტზე თავდაცვის ხარჯების გაზრდის, სამხედრო მრეწველობაში ინვესტირების, ჯარების რიცხოვნობის გაზრდისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების გზით. სწორედ ახალი შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებაც ამას ემსახურება და მომავალი ევროპული უსაფრთხოების ახალი განზომილების ნაწილს წარმოადგენს.
ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია დაფუძნებულია რეგიონის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ის განიხილება როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ალტერნატიული წყარო და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბი.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი განახორციელებს ახალ სტრატეგიას გაფართოების პროცესის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის სულისკვეთებით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ თანამშრომლობის ჩარჩოს. სტრატეგია განხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აქტიური ჩართულობით ყველა საკვანძო სფეროში.
დოკუმენტი მოიცავს კომპლექსურ და გრძელვადიან პოლიტიკურ მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია რეგიონის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ევროკავშირის ხედვა დაფუძნებულია 3 ძირითად სვეტზე:
- შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის და მედეგობის გაძლიერება;
- მდგრადი განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობა;
- გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა და სამოქალაქო უსაფრთხოება;
ზემოაღნიშნული 3 სვეტიდან გამომდინარე, შემუშავდება ახალი და გააქტიურდება არსებული ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების მიღწევას. ეს ინიციატივები მოიცავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კავშირების განმტკიცებას, არსებული კონფლიქტების გადაჭრის ხელშეწყობას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომასა და ინტეგრაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სავაჭრო კავშირების გამყარებას, ევროპულ განათლებაზე რეგიონის ქვეყნების წვდომის გაზრდას, გარემოს დაცვასა და თავდაცვის ინდუსტრიის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დოკუმენტში ყურადღება ეთმობა ასოცირებულ და კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიმართულებით. ასევე, განხილულია კონკრეტული ნაბიჯები, როგორებიცაა შავ ზღვაში ნაღმების გაწმენდის ინიციატივა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება.
საქართველოს კონტექსტში იქმნება ახალი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ერთი მხრივ დაჩქარდება საქართველოს განვითარება რიგი მიმართულებებით, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვნად დაჩქარდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
თავდაცვა და უსაფრთხოება: ამ კონტექსტში საქართველოს ეძლევა არაერთი შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი თავდაცვითი და უსაფრთხოების შესაძლებლობები. ევროკავშირის ქვეყნების მიერ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების აქტიური პროცესის ფონზე, რაც მოიცავს სამხედრო აღჭურვილობის შეძენას, საქართველოს სამხედრო წარმოება შესაძლოა მიმზიდველი გახდეს ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის. ერთი მხრივ, შესაძლებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა სამხედრო მრეწველობაში, კერძოდ სსსტც-„დელტა’-ს განვითარებაში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას.
საქართველოს ექნება შესაძლებლობა მეტად გააქტიურდეს შავი ზღვის აკვატორიაში ევროკავშირის არსებულ და ახალ ინიციატივებში, მათ შორის საზღვაო განაღმვის პროცესსა და საზღვაო ზოლის დაცვის მიმართულებით, რაც გააძლიერებს საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების პოტენციალს და შეუწყობს ხელს სანაპირო დაცვის განვითარებას.
სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირი წევრ ქვეყნებში აძლიერებს თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს, რის შედეგადაც გაჩნდება პოტენციალი, რომ საქართველომ მეტი წვდომა მიიღოს აღნიშნულ ობიექტებზე, რაც წაახალისებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობას. ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მობილიზების ზრდა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ხელს შეუწყობს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას.
სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ევროკავშირი გეგმავს ახალი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას და უცხოური ჩარევებისა და ინფორმაციის მანიპულაციის პრევენციას. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში და შესაბამისად, ევროკავშირი გეგმავს არაერთი ნაბიჯის გადადგმას, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, დახმარება აღმოუჩინოს ამ საკითხის ირგვლივ. დახმარებაში იგულისხმება ერთიანი რეაგირების მექანიზმის შექმნა, სადაც რეგიონის ქვეყნებს ექნება ჩართულობის შესაძლებლობა, ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერა, ასევე რეფორმების ხელშეწყობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები: სტრატეგიაში დიდი ყურადღება ეთმობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში არსებულ კონფლიქტებს. მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს და მისი განხილვა დაიწყოს ერთიანი ევროპული უსაფრთხოების ჭრილში. მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროკავშირთან, რათა როგორც ორგანიზაციის, ასევე წევრი ქვეყნების ოფიციალურ დოკუმენტებში ოფიციალურად დამკვიდრდეს ტერმინი „ოკუპაცია“ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარების პროგრამებით სარგებლობენ ბევრი განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც შესაძლოა აღიარონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. ამ კონტექსტში აუცილებელია ევროკავშირთან თანამშრომლობა, რათა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში აღნიშნულ ქვეყნებს შეუწყდეთ ყველანაირი ფინანსური დახმარება, როგორც ეს გააკეთა შეერთებულმა შტატებმა. ამ საკითცზე ადრეც მიმდინარეობდა მუშაობა, თუმცა აქამდე ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაძლოა, ახალი სტრატეგიის მიღების შემდგომ ეს პოზიცია გადაიხედოს. ამ მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს პოტენციური აღიარების ფაქტების პრევენციას.
შუა დერეფანი, ენერგეტიკა და სტრატეგიული პროექტები: სტრატეგიაში დიდი ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ერთიან ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციის გაძლიერებასა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. საქართველოსთვის ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ გააძლიეროს თავისი პოზიციონირება, როგორც საკვანძო ჰაბი რეგიონულ და კონტინენტთა შორის ენერგეტიკულ და სავაჭრო ქსელებში.
საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შავი ზღვის რეგიონის გავლით. ეს დერეფანი აძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანის სტრატეგიული მნიშვნელობას და განამტკიცებს მის კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე, რეგიონულ პარტნიორებთან. არსებული მდგომერეობა საქართველოს მეტად მიმზიდველს ხდის ევროპული და აზიური ენერგეტიკულ - ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის და აღნიშნული სტრატეგიაც დამატებით ბიძგს მისცემს ინვესტიციების მოზიდვას, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას მოახდენს საქართველოს მდგრად განვითარებაზე.
სტრატეგია ითვალისწინებს მწვანე ენერგეტიკული დერეფნების განვითარებას, მათ შორის წყალქვეშა ელექტრო დამაკავშირებელ ხაზებს. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის დამაკავშირებელი მომავალი წყალქვეშა ელექტრო კაბელი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დაკავშირებადობაზე, დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის დღის წესრიგში.
იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი გახდება სტრატეგიის წარმატებით განხორციელება, საქართველოს მიეცემა შანსი რომ გააძლიეროს თანამშრომლობა ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (CESEC) და ევროკავშირის დეკარბონიზაციის ინიციატივასთან, რაც როგორც საქართველოს, ასევე, ევროპას დაეხმარება რუსელ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში. ეს პროცესი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებას, არამედ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს გადასვლას ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე, გარემოს მდგრადობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ნათელია, რომ ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონი განიხილება გაფართოების დღის წესრიგში. სტრატეგია საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის პარალელურად, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის სტატუსსაც ანიჭებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირის ვალდებულებას, რომ მხარი დაუჭიროს მათ ინტეგრაციის პროცესს. ამ პროცესს თან ახლავს შიდა რეფორმების არსებითი მხარდაჭერა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული ღონისძიებების, სასამართლოს ეფექტურობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. სტრატეგია ცალსახად ასახავს საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის ახალ ინიციატივებსა და პროგრამებში, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან.
საქართველოს აქტიური ჩართულობა შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებაში უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც თანხვედრაშია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მოთხოვნებთან. გაღრმავებული თანამშრომლობის და ახალ ინიციატივებში ჩართულობის ფონზე, საქართველოს შეუძლია დააჩქაროს რეფორმების განხორციელება და უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნები, მათ შორის საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მიმართულებით. არსებითად, სტრატეგია ქმნის ერთგვარ საგზაო რუკას, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც გაამყარებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება: გარემოს დაცვასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონისთვის, სადაც საქართველო არ არის გამონაკლისი. ევროკავშირის სტრატეგია სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს და რეგიონის ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ ინსტრუმენტებს და თანამშრომლობის მექანიზმებს, რომლებიც გარემოს დაცვისა და კლიმატის მდგრადობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.
სტრატეგია ხელმისაწვდომს ხდის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა წყალდიდობის შესახებ ინფორმირებულობის ევროპული სისტემა და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს ბუნებრივი კატასტროფების მართვაში და ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებაში.
ამის გარდა, სტრატეგია ხელს უწყობს ერთობლივ კვლევებსა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა „ჰორიზონტი ევროპა“ და ციფრული ინოვაციების ჰაბები. ეს პლატფორმები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ გააძლიეროს გარემოსდაცვითი მონიტორინგი, მიიღოს მონაწილეობა სამეცნიერო კვლევებში და შეიმუშავოს ინოვაციური გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილების რისკების დასაძლევად. შედეგად, საქართველოს შეეძლება თავის მწვანე ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების დაცვა და კლიმატის ცვლილებების მზარდ ზემოქმედებასთან მორგება, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
სოციალური საკითხები და ადამიანური კაპიტალი: ევროკავშირის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა თანამშრომლობის ადამიანური განზომილება. საქართველო უკვე აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორიც არის Erasmus+, Horizon Europe და სხვა, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მობილობას, სამეცნიერო-კვლევითი პარტნიორობის გაღრმავებას და ციფრულ ინტეგრაციას. ეს ჩართულობა უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უფრო ფართო წვდომას ევროპულ საგანმანათლებლო და პროფესიულ რესურსებთან, ამასთანავე ამდიდრებს ქვეყნის აკადემიურ და ინოვაციურ გარემოს.
სტრატეგიის მიხედვით, პრიორიტეტი ენიჭება ინვესტიციების გაზრდას განათლებაში, უნარების განვითარებაში, პროფესიულ მომზადებასა და გენდერულ თანასწორობაში. საქართველოსთვის ეს საკითხი ეხება ქვეყანაში არსებულ აქტუალურ არაერთ სოციალურ გამოწვევას, მათ შორის სამუშაო ბაზრის დისბალანსს, ტვინების გადინებას და განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს. სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა, რომ მეტი ევროპული რესურსი გამოიყენოს მოქალაქეების გაძლიერებისთვის და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებით, რაც პასუხობს შიდა და საგარეო გამოწვევებს.
ამის გარდა, სტრატეგიაში ყურადღება ეთმობა კულტურული დიპლომატიის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობას, როგორც დემოკრატიული ღირებულებებისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით რუსული დეზინფორმაციული კამპანიების და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე. ეს ინიციატივები არა მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს საზოგადოებას, არამედ ხელს შეუწყობს თანამედროვე, დემოკრატიული და განათლებული საზოგადოების მშენებლობას, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. უფრო ფართო კონტექსტში, მსგავსი ნაბიჯები გააძლიერებს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
დასკვნა
ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. იგი სრულად შეესაბამება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. ამ ინიციატივებში აქტიური ჩართულობით, საქართველო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის ეროვნული მედეგობას და დააჩქარებს რეფორმებს, არამედ გაიმყარებს თავის გეოპოლიტიკურ როლს, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის პირობებში.
სტრატეგიაში ასახული მიდგომა სცილდება ტრადიციული დახმარების ჩარჩოს და ასახავს საერთო ხედვას უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული შავი ზღვის რეგიონის შესახებ, სადაც საქართველო ასრულებას მნიშვნელოვან როლს, როგორც ხიდი და მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის.
ჩვენ ისტორიაში არაერთხელ გვინახავს მსგავსი დოკუმენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში თაროზე იქნა შემოდებული. ამ შემთხვევაშიც, მთავარი კითხვა და გამოწვევა ამ სტრატეგიაში მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ევროკავშირი მის განხორციელებას, რამდენად იქნება პოლიტიკური ნება ევროკავშირის წევრ ქვეყანებში ამ მნიშვნელოვანი ინიციატივების განსახორციელებლად და რამდენად მზად იქნებიან შავი ზღვის რეგიონის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ყველა იმ სიკეთის ასათვისებლად და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ახალ სტრატეგიაშია ასახული.