ქართულ-ფრანგული პარტნიორობა ევროპული ღირებულებების სამსახურში

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ბლოგის ავტორი: ლიკა ჭიპაშვილი, „ჯეოქეისი“- მკვლევარი; ელჩი ალუმნი (საფრანგეთში ქართველ კურსდამთავრებულთა წარმომადგენელი Campus France-თან თანამშრომლობის ფარგლებში)

 

„[ქართველი ერის წესები და ადათები] ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შედეგი ქართველი ხალხის სავაჭრო ურთიერთობებისა სხვა ხალხებთან და იმ თავისუფლებისა, რომელიც საქართველოში ყველას აქვს მინიჭებული: აქ უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი. აქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრალებს, ოსმალებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებსა და ევროპელებს.“ - წერდა ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი საქართველოს შესახებ.


თავისუფლება, ერთიანობა განსხვავებულობაში, ძმობა და სოლიდარობა - ეს ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის დემოკრატიული მშენებლობის ქვაკუთხედი. საფრანგეთი - საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო სტრატეგიული პარტნიორი - ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით რთულ მომენტებში, როგორიც იყო, მაგალითად, 1922 წელი  - ლევილის მამულის ისტორიის სახით, 2008 წლის ომის პერიოდი და ახლა. დღეს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო Covid-19-ის პანდემიას ებრძვის, რუსეთი აგრძელებს საქართველოში მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკას! მიმდინარე წლის 17 აპრილს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერები აღმართეს ტახტისძირის სოფლის მიმდებარედ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რომლის შედეგად აღნიშნული სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ხაზის მიღმა. ეს გახლავთ მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაციული აქტი, რომელიც მნიშვნელოვნად არღვევს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს. საფრანგეთმა დაგმო აღნიშნული აქტი, იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსულ-ქართული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ეს უკანასკნელი გახლავთ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ, მაგრამ იგი, აგრეთვე, არის გამოწვევა ევროპული დიპლომატიისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი კონტინენტის მასშტაბით.


საფრანგეთი შეუერთდა საქართველოს ფინანსური პარტნიორების იმ მხარდამჭერ აქტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას. „საფრანგეთი, განვითარების ფრანგული სააგენტოს მეშვეობით, მნიშვნელოვნად ზრდის თავის ჩართულობას საქართველოს ჯანდაცვისა და ენერგეტიკის პოლიტიკის მხარდასაჭერად”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ დიეგო კოლასმა.


საქართველოსა და საფრანგეთს ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც მჭიდრო და დინამიური ხასიათი აქვს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ფრიად სიამოვნების მომგვრელია თანამშრომლობის ის ფორმატი - „დიმიტრი ამილახვარის დიალოგის“ სახით, რომელსაც საფუძველი, გასულ წელს, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა - სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ჩაუყარეს და რითაც დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ახალი ეტაპი.


ამილახვარის ქართულ-ფრანგული სტრუქტურირებული დიალოგი თბილისსა და პარიზს საშუალებას აძლევს მეტად განავითარონ ურთიერთობები პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.  მათ შორის, აღნიშნული ფორმატი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს მეტად განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური სახის კავშირები, რომელიც იქნება ორმხრივად სასარგებლო.  ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ გლობალურ რეიტინგში და იგი სულ უფრო მეტად იზიდავს უცხოურ ფირმებს. 


თუმც, ის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს აკავშირებთ ერთმანეთთან, დიდწილად ეყრდნობა იმ ხარისხიან და მყარ თანამშრომლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო დონეზე. საქართველოში ფართოდ არის აღიარებული საფრანგეთში სწავლის უპირატესობა, საფრანგეთი ხომ მსოფლიოში მე-4 ქვეყანაა, რომელიც იღებს ყველაზე მეტ უცხოელ სტუდენტს, ხოლო 1-ელი ქვეყანა არაანგლოფონი სტუდენტების მასპინძლობის მხრივ; ამასთან, იგი გამოირჩევა ხარისხიანი კვლევითი სფეროთი - ფლობს ნობელის 62 პრემიას და ფილდზის 15 მედალს. ევროკავშირის მასშტაბით საფრანგეთი მე-2 ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი მიემგზავრება სასწავლებლად და ეს რიცხვი იზრდება ყოველწლიურად. სწავლის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ქართველ კურსდამთავრებულებს აკომპანირებას უწევს Campus France-ის საქართველოს წარმომადგენლობა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, აგრეთვე, მრავალენოვანი ციფრული პლატფორმა France Alumni, რომლის მიზანი გახლავთ საფრანგეთში დიპლომირებული სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმირება, საფრანგეთთან კავშირის შენარჩუნება და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა. თავის მხრივ, ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ევროპეიზაციის სტრატეგიის შედეგად, სულ უფრო მეტია იმ ფრანგი სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც ერაზმუსის საშუალებით სურთ საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლა, საქართველო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გახლავთ საფრანგეთის რიგით მე-4 პარტნიორი ქვეყანა.


მომავლის ახალი ფურცელი დაიწერა ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში თბილისში პირველი ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის დაარსებით, რომელიც ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ორმაგ დიპლომებს. ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს - როგორც რეგიონის საუნივერსიტეტო ჰაბის - პოზიციონირების მეტად გამყარებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი მეტად ზრდის ფრანგული უმაღლესი განათლების მიმზიდველობას მთელი საქართველოს მასშტაბით.


აფხაზეთში, სოხუმის უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლება დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში, მანამდე კი - 2019 წლის მარტში - აღნიშნული კურსების წარმართვის მიზნით, შესაბამისი პერსონალი წარგზავნილ იქნა საფრანგეთში სტაჟირების გასავლელად. ამასთან, ფრანგული ენის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად სხვა ენებთან - მათ შორის გერმანულთან - ერთად ისწავლება სოხუმის უნივერსიტეტში, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მოეწყო ფრანგულ-გერმანული კინოს კვირეული.


ფრანკოფონია, რომელიც ემსახურება სოლიდარობას, განვითრებასა და ხალხთა ერთმანეთთან დაახლოებას, წელს 50 წლის იუბილეს ზეიმობს. ამიტომაც, მოდით, საქართველოში მეტად მივანიჭოთ პრიორიტეტული არჩევანი ფრანგულ ენას, როგორც ცოდნისა და ინოვაციის ენას, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ თანამედროვეობა, რათა ყველამ ერთად - ნდობით აღჭურვილნი - გავიხედოთ საერთო ევროპული მომავლისკენ.

 

ტექსტი თარგმინილია ფრანგულიდან. იხილეთ ორიგინალი ვერსია.

 

გააზიარე: