COVID-19-ის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები: მსჯელობა „გაქცეულ“ რეჟიმში

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი


გლობალური პანდემია როდი წარმოადგენს მხოლოდ ვიწრო გაგებით სამედიცინო ხასიათის გამოწვევას. მიუხედავად მისი ეპიდემიოლოგიური ხასიათისა, რეალურად, COVID-19 სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქცევს არსებულ შიდა და საგარეო ურთიერთობის სისტემას, დიდი ალბათობით, გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის გადაწყობას, თვისობრივად ახალ აქცენტებს შემოიტანს არა მხოლოდ ადამიანთა შორის კონტაქტებში, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების დღემდე არსებულ ფორმაციაში. ნიშანდობლივია, რომ ამ ახალი ტალღის  ცვლილებების  აქტუალიზაცია უკვე ხდება იმ პირობებში, როდესაც ცივი ომის შემდგომი გლობალური გარდაქმნა ჯერაც დაუსრულებელია, ამ მეტად რთული და წინააღმდეგობრივი პროცესის იარები  ისევ გახსნილია, ხოლო უამრავი საჭირბოროტო საკითხი თუ პრობლემა პასუხგაუცემელი რჩება. 


კორონავირუსთან დაკავშირებული დრამატული პროცესის საბოლოო კონტურები ჯერ კიდევ არ გამოკვეთილა მთელი სისავსით. ეს კი, ბუნებრივია, მის გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ, სოციოლოგიურ, კულტუროლოგიურ თუ ნებისმიერ სხვა შედეგებზე სრულფასოვან და დამაჯერებელ მსჯელობას ნაადრევს ხდის. ამისდამიუხედავად, - და არცთუ ისე მწყობრად, როგორც ეს სასურველია, - მაინც შესაძლებელია ცალკეული მოსაზრების გაჟღერება. მეტიც, ასეთი დისკურსის მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე წამოწყება პრაქტიკულ დახმარებას გაგვიწევს უკეთ წარმოვიდგინოთ ის „ახალი სამყარო“, რომლის კარსაც ჩვენი ქვეყანა, სხვებთან ერთად, უკვე მიადგა.


მხოლოდ ვირუსი თუ „დეგლობალიზაციის პანდემია“?


პანდემიის პირობებში აბსოლუტურად გასაგები ადამიანური ინსტინქტია განერიდო და გაურბოდე უცხოს, შეძლებისდაგვარად მოახდინო საკუთარი თავის იზოლირება გარე სამყაროსგან. ამის გაკეთება შედარებით იოლია საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში, მაგრამ გაცილებით რთულია, როდესაც საუბარია ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკებს და საწარმოო სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე: მით უფრო, ესოდენ მაღალი ხარისხისა და ინტენსივობის მქონე ურთერთდამოკიდებულ სამყაროში. ფაქტია, რომ ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზარალი უკვე ტრილიონობით დოლარს ითვლის, ხოლო საბოლოო ციფრებზე საუბარი ჯერჯერობით მეტად ნაადრევია. თუმცა, ციფრობრივი მაჩვენებლის გარდა უმთავრესია არსებული გლობალური ეკონომიკური წეს-წყობილების მოშლისა და მისი სრულიად ახალ პრინციპებზე გადაწყობის ალბათობა. ამ წუთისათვის ზუსტი დეფინიციებით ან კონტენტით ოპერირება ურთულესი საქმეა, მაგრამ მსოფლიოს დამაკავშირებელი ეკონომიკური ძაფების გადაფასება და ხელახლა გააზრება პრაქტიკულად გარდაუვალია. ასეთი მოლოდინის უტყუარობის დასტურად გამოდგება კაცობრიობის ისტორიაში არაერთი სხვა გლობალური კრიზისი, რამაც ძირეულად ამოაყირავა კონკრეტული კრიზისის აფეთქების მომენტისათვის არსებული საქმიანი და სამეწარმეო ფორმატი და თვისობრივად ახალი მიდგომები წარმოშვა. იქნება თუ არა COVID-19-ის მთავარ გრძელვადიან შედეგებს შორის დღეს არსებული გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაცია მიმდინარე კონტაქტების შესუსტების, მათი ერთმანეთისგან შედარებითი დაშორიშორებისა და ეკონომიკის მეტი „ნაციონალიზაციის“ მიმართულებით? ალბათ, ეს იმ ფუნდამენტურ საკითხებს შორის ერთერთი უმთავრესია, რომლის გაჟღერება და გაანალიზება მეტად დროულია და საფუძვლიანიც.


კორონავირუსის მაკროეკონომიკური ეფექტი


გლობალური მაკროეკონომიკური ეფექტის ერთ-ერთ ძირითად გამომწვევად სამართლიანად მიიჩნევა პანდემიურ ქსელში ჩინეთის ჩართულობა და მისი ცენტრალური როლი. ვირუსის უარყოფით შედეგზე ჩინეთის ზემოქმედებას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ის, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე ჩინეთის ინტეგრირებამ მსოფლიო ეკონომიკაში მანამდე არნახულ მასშტაბს მიაღწია. ამავე თანაფარდობითვე განიზომება ვირუსის მიერ გამოწვეული ჩინეთის ეკონომიკის რეცესია გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში. პრაქტიკულად, თანამედროვე ეტაპზე ნებისმიერი ეკონომიკურად დესტრუქციული მოვლენა, რაც ამ კონკრეტულ ქვეყანაში ხდება, იმავდროულად, თანაბრად უდრის და უტოლდება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენას.    


ამ პროცესის ერთ-ერთ, - მაგრამ არა ერთადერთ - კონკრეტულ გამოვლინებად გვესახება მეტად უფრო კომპლექსური კონტრაქტების დანერგვა ეკონომიკური აგენტების მეტი ხარისხით სამართლებრივი დაცვის მიზნით ან, ვთქვათ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების დამკვიდრება. ყურდღება თანაბრად  მიექცევა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ახალი ტიპის შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ან ისეთ საკითხებზე - სამუშაო ძალის სწრაფი ჩანაცვლება, დროებითი უმუშევრობა, სამუშაო ციკლის წყვეტა გარე ფაქტორების ზემოქმედებით, ოჯახის ქმედუუნარო წევრების მოვლა და სხვა - ახლებურად ყურადღების მიტანას, რომლებიც აქამდე უფრო ტიპირ ჩარჩოებში რეგულირდებოდა.


არსებით ცვლილებებს, აგრეთვე, უნდა ველოდოთ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაში. დიდი ალბათობით, ეკონომიკისათვის მისი მასტაბილიზებელი დატვირთვა კიდევ უფრო იმატებს, ხოლო კონკრეტულ თემებს შორის იქნება ინფლაციის მოსათოკად ნომინალური საპროცენტო განაკვეთების მართვა, სამთავრობო ხარჯების გაცნობიერებული გაზრდა და მეტი ოდენობით მიმართვა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროზე (თანაც როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში), ისევე როგორც ზოგადად საბიუჯეტო დეფიციტში, ვთქვათ, ნაკლები სიხისტე ეკონომიკური დაღმასვლის შესაჩერებლად. ერთი სიტყვით, ადგილი ექნება კრიზისული სიტუაციებისადმი მიდგომათა მეტ სისტემურობას, ამა თუ იმ ქვეყნის მოწყვლადობის ხელშემწყობი ფაქტორებისა და მათ შესამცირებლად  მიმართული ზომების უკეთ შესწავლასა და დაგეგმარებას. ეს კი, თავისთავად, აუცილებელს ხდის მონაცემთა ბაზის როგორც სიკმარეს, ისე სინამდვილეს. პირველთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის გარკვეული დეფიციტი, რაც ჩვენს დროში, - რამდენადაც ეს ირონიულად არ უნდა ჟღერდეს - პანდემიების სიმცირეს უკავშირდება. ჯამში, ეკონომიკური სისტემის მდგრადობა ახალ, გაცილებით უფრო გამოკვეთილ საზომს შეიძენს და ეს იქნება სისტემის ქმედითუნარიანობა ეპიდემიის პრევენციისა, მისი დროული აღმოჩენისა და მოგერიებისა.      

      
პანდემიით აღმოცენებული ახალი „პოპულისტური“ წესრიგი (უწესრიგობა)?


მართალია, პანდემიის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა - ახლა პრიორიტეტი საკუთრივ პანდემიის დამორჩილებაა - ცალკეული მოსაზრებები იმ „ხვალინდელ სამყაროზე“ უკვე ისმის. ზოგიერთი მეტისმეტად ფატალურია, ზოგი კიდევ უკიდურესად წინარე, ზოგიც კიდევ საკმარის საფუძველს მოკლებული. თუმცა, ყველა კატეგორიის თეორიზირებას აკავშირებს ერთი მთავარი დასკვნა: ცივი ომის შემდგომი წესწყობილება საბოლოოდ დასრულდება, კორონავირუსი დაწერს გლობალიზაციის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის ბოლო ფურცელს, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა შორის მჭიდრო ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულებისადმი სწრაფვის სურვილი საგრძნობლად განელდება. 


თანაბრად საკამათო და სამწუხაროა პოზიცია, რომ, თითქოსდა, საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური „ღია კარი“ ყრუდ ჩაირაზება, რაც უთუოდ შეარყევს თავისუფალი სამყაროს არსებობისათვის აუცილებელ თავისუფალი ვაჭრობის სისტემას. ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, სკეპტიკოსები ცალი თვალით უყურებდნენ საქონლის მიმოქცევის ხელშემწყობ საერთაშორისო ინსტრუმენტებს (ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გენერალური შეთანხება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ, ა.შ.), ხოლო პანდემიური კრიზისის შედეგად, სავარაუდოდ, მათი ხმა და გავლენა უფრო იმატებს. საბოლოოდ „ანათემას“ გადაეცემა ეროვნული ეკონომიკის ვითომდაც „აუტსორსინგის მზაკვრული ჩანაფიქრი“, ხოლო პოპულისტი და რადიკალი პოლიტიკური ლიდერების ავტორიტეტი ექსკლუზიურად და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით გაკეთებული განცხადებებით (და განხორციელებული მოქმედებებით?) ისაზრდოებს. შედეგად ამისა, შიდაპოლიტიკური კონიუქტურის სასწორი დიდწილად „ჩვენკენ“ გადაიხრება „სხვების“ ინტერესების ხარჯზე და საზიანოდ.             


ახალი დიპლომატია თუ „უდიპლომატო“ დიპლომატია?


ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ აშკარა ხილულ სამიზნედ დიპლომატიური აქტივობა გახდა. საერთაშირისო დიპლომატია ფაქტობრივად „დაპაუზდა“, შესაბამის ინიციატივებზე მსჯელობა, რომ არაფერი ითქვას მათ იმპლემენტირებაზე, პრაქტიკულად ჰაერში გამოეკიდა. მართალია, დიპლომატიური წრეები აქტიურად ეძებენ შექმნილი ვაკუუმის აღმოფხვრის გზებს საქმის კეთების ახალი მეთოდებით. ფაქტია, რომ ტელესაკომუნიკაციო და ელექტრონული საშუალებები სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებენ უშუალო ადამიანურ ურთიერთობას, პირისპირ კონტაქტსა და რეალურ რეჟიმში კომუნიკაციას. 


ლოჯისტიკური სირთულეების გარდა, არის არაერთი მიმდინარე მწვავე პრობლემა თუ გამოწვევა, რომელთა გაურკვეველი დროით გადადება კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს. რეალურ პრობლემათა ჩამონათვალი ვრცელია და, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩრდილო კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამების, ან ლიბიისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების აღნიშვნაც კი კმარა. 


ამასთანავე, მიმდინარე პანდემიამ პირველი რიგის დღის წესრიგად განაპირობა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციების საჭიროება, მისი დაგეგმარებისა და პრაქტიკული კოორდინაციის თვალსაზრისით. ამის მიღწევა კი ასევე შეუძლებელია ქმედითი ტრანსსასაზღვრო დიპლომატიური ძალისხმევის გარეშე. ამ დროს კი რეალობა იმგვარია, რომ კარს მომდგარი საფრთხე აუცილებელს ხდის არა ფორმალურ, არამედ შედეგზე ორიენტირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც არარეალურია უსაგნო და უხერხემლო დიპლომატიის პირობებში. სხვა პრაქტიკულ შედეგებთან ერთად, სავარაუდოდ, არსებული გამოწვევა დაახარისხებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფორმატებს, გამოარჩევს რა შედარებით ქმედით ინსტიტუტებს არაქმედითი და დამბლადაცემული ინსტიტუტებისგან.


საერთაშირისო ურთიერთობების რაციონალიზაცია


„რაციონალი“ ზოგადად მოდური ტერმინია და მას ხშირი გამოყენება აქვს - უფრო ლექსიკაში, ვიდრე საქმეში - ადამიანთა ურთიერთობებში და საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. რაციონალიზმის დანერგვაზე არაერთი ითქვა და დაიწერა საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში,  - თანაც სხვადასხვა კონტექსტში და განსხვავებულ საკითხებთან მიმართებაში. ახლა მათი თავმოყრითა და შეხსენებით არ დავკავდებით და მხოლოდ პანდემიის შედეგად ამ ურთიერთობათა მეტ გარაციონალურობაზე შევნიშნავთ მოკლე ფორმით.


პროცესის თანმდევ რისკებზე - ნაციონალიზმის ზრდა, იზოლაციონიზმის გაღრმავება, გლობალური ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების დაკლება  - გაკვრით უკვე ვისაუბრეთ. ეს რისკები ჰიპოტეტური როდია, თუ გავიხსენებთ გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, რომელიც ე.წ. „ქსელურ“ ორგანიზაციულ საწყისს ეფუძნება. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ამ ერთიანი ქსელის ყველა კვანძი ერთმანეთისგან მოკლე მანძილებით და, რაც მთავარია, ერთგვარი ფუნქციონალური სპეციალიზაციითაა დაშორებული (მაგალითად, საფინანსო აქტივობა არსებითად აშშ-ში, ხოლო წარმოება მეტწილად ჩინეთშია კონცენტრირებული). სხვა სიტყვებით, საქმე გვაქვს ე.წ. გლობალურ „მანუფაქტურასთან“ საქმიანობისა და სპეციალური ცოდნის დანაწილებით („დაქსელვით“), რაც ერთიანობაში ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკური მანქანის პოტენციალის გაზრდას. მაგრამ, რეალური პრობლემა დგება მაშინ, როდესაც ასე მოწყობილი გლობალური მანქანა იმის მსგავს კრიზისში ეხვევა, რაც დღესდღეობით გვაქვს COVID-19-ის სახით. ასეთ დროს, ეს სისტემა უკვე „რევერსულ“ რეჟიმში გადადის, რომლის დროსაც გლობალური და ურთიერთდაკავშირებული გადამცემის მეშვეობით ჯაჭვურად ავრცელებს კატასტროფის შედეგებს. ამ ვითარებაში თუნდაც ერთი კრიტიკული კვანძის „დასნეულება“ (მაგალითად, ჩინეთი) უმალვე თავს იჩენს ყველა სხვა სისტემურ კვანძში (აშშ ან/და ევროპა). ძალიან მოკლედ, ასეთ საფრთხეს სისტემური რისკი ჰქვია.


ასეთი რისკის თავიდან აცილების სურვილი ხშირად რეფლექტორულია და მის სისრულეში მოყვანას აბსოლუტურად მეორე, არანაკლებ დამანგრეველი, უკიდურესობა შესაძლოა მოჰყვეს ტოტალური გათიშულობისა და თვითიზოლაციონიზმის ფორმით. ამგვარი შედეგი საზიანოა არამხოლოდ სხვებისათვის, არამედ კონტრპროდუქტიულია საკუთარი თავისთვისაც, ვინაიდან მისი პირველადი ვითომ პოზიტიური შედეგები მხოლოდ მოკლევადიანი და ეფემერულია. 


ამდენად, ნებისმიერი უკიდურესობის თავიდან  აცილება და სწორი ბალანსის პოვნა სწორედ ის რაციონალიზმია, რაც ასე აკლია დღევანდელ დღეს და რასაც ასე საჭიროებს ხვალინდელი. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ურთიერთობების მოდელირების ყურადღება არა მარტო ეთიკურ მხარეზე, არამედ, უწინარესად, რისკის-შედეგის-ღონისძიების-დანახარჯის კონფიგურაციაში სწორი თანაფარდობის იდენტიფიცირებაზეა გადატანილი. რაციონალიზაციის მიზანიც ხომ, ამ შემთხვევაში, არა სწორხაზოვანი ერთფეროვანი გადაჯგუფებაა გლობალისტურიდან ანტიგლობალისტურ ბანაკში ან პირიქით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათა რეზისტენციულობის ამაღლება, სისტემური რისკების გამომწვევი ფაქტორების ჩანაცვლება ეფექტიანი, საღი და რეალისტური მიდგომებით. 


შემდეგ...


ამ მოკლე სტატიით მკითხველამდე მიტანილი რამდენიმე მოსაზრება, რა თქმა უნდა, ძალზე პირველადი და ნედლია. უფრო მეტიც, - ჩვენ სელექციურად რამდენიმე საკვანძო თემაზე შევჩერდით, ხოლო რამდენიმე სხვა სტატიის მიღმა შეგნებულად დავტოვეთ. ასე მაგალითად, დღეს ზუსტად ვერავინ  ივარაუდებს, თუ როგორი იქნება პოსტ-კორონავირსულ ეტაპზე ძირითად გეოპოლიტიკურ მეტოქეთა ძალთა განლაგება და ურთიერთმიმართება. ასევე უცნობია თუ რამდენად შეიცვლება სამხედრო რისკების შეფასების მოდელები; როდის და რა პირობებში მიიჩნევა ერთი მხარე საკმარისად დასუსტებულად, ხოლო მეორე კი ზომაზე ძლიერად, აგრესიული ჩანაფიქრის პრაქტიკული რეალიზებისა ან მისგან თავშეკავების მიზნით. ამ თეზის თვალსაჩინოდ ილუსტრირებისათვის სულ რამდენიმე განტოლებას დავასახელებთ მხოლოდ, კერძოდ: განაგრძობს თუ არა ძველებურად ვაშინგტონი თეირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის მოთხოვნას და რამდენად შესძლებს ირანი გაუძალიანდეს აშშ-ს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში? ან თუნდაც, რა გავლენა ექნება პანდემიით გამოწვეულ პოსტ-კრიზისულ შედეგებს პენტაგონის სამხედრო წარმომადგენლობაზე ევროპაში და ხომ არ გამოიწვევს ამ წარმომადგენლობის შეკვეცა ან შემცირება რუსული ამბიციების ახალ მზარდ ნაკადს? ზოგადად რომ ითქვას, ძალთა ბალანსის პარადიგმა დაწვრილებით შესწავლისა და კვლევის საგანია.               


ცხადია, რომ ახლა უმთავრესი და უპირველესია პანდემიის გავრცელების შეჩერება, ხოლო მერე - მისი აღმოფხვრა. ეს პრიორიტეტულია იმდენად, რამდენადაც თავიდან ავიცილოთ ახლა არსებული, თუნდაც საკმაოდ ხარვეზიანი, სისტემის კოლაფსი. ხოლო, რაც შეეხება მის სიღრმისეულ რევიზიას, სწორი რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში მათ განხორციელებას, - ეს უკვე მერე, კრიზისის დაძლევის შემდეგი სავარჯიშოა.


ერთი რამ კი უდავოა: ნებისმიერი კრიზისი, განსაცდელთან ერთად, არის საშუალება ხარვეზების აღიარებისა და მათ აღმოასახფვრელად. ამჯერად, ასეთ საშუალებას COVID-19-ის პანდემია იძლევა. ამიტომ, ამწუთიერ ამოცანებთან ერთად სასიცოცხლოდ არსებითია, დიდი ამოცანა დავინახოთ. ეს დაგვეხმარება, რათა სამომავლო და არანაკლებ მწვავე გამოწვევებს გაცილებით უფრო მომზადებული დავხვდეთ.
 

გააზიარე: