საარჩევნო სისტემა, ანუ კომპრომისი ქართულად

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

საქართველოში საარჩევნო წელი რომ ზღვარგადასული პოლიტიკური ბატალიებით ხასიათდება, ეს, სამწუხაროდ ქვეყნის პოლიტიკური კულტურის განუყოფელ მოვლენად იქცა. ყველაზე უცნაური მაინც ის გახლავთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დროს ეროვნული ერთობის იდეით განმსჭვალული საზოგადოებისგან პოლიტიკური ელიტა გამოიძერწა, რომელიც ფსევდო ლიბერალური, ნაციონალისტური და კომუნისტური ღირებულებების უჩვეულო ჰიბრიდად ჩამოყალიბდა. იდეათა ჭიდილი, აზრთა სხვადასხვაობა და თემატური დებატი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა, როდესაც ფუნდამენტურ საკითხებზე შეუთანხმებლობა პარტიებს შორის ურთიერთობის ძირითადი მახასიათებელია, ეს მძიმე პოლიტიკური დიაგნოზის მიმანიშნებელი გარემოებაა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, საკონსტიტუციო პროცესი და დაკავშირებული პერიპეტიები კიდევ ერთი სამწუხარო დასტური აღმოჩნდა იმ რეალობისა, რაზეც დასაწყისში აღინიშნა. პოლიტიკურმა ელიტამ კვლავ ვერ შეძლო საარჩევნო სისტემის ირგვლივ კონსენსუსის მიღწევა და თანაცხოვრების საერთო წესების ფორმირების პროცესში წარმომადგენლობითი დემოკრატიის კონსოლიდაცია. მიზეზები მრავალია დაწყებული ფსიქო-სოციალური ფაქტორებით, დამთავრებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ პოლიტიკურ უსისტემობაზე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ქვეყნის განვითარების დამაზიანებელ მოვლენაზე.


ბევრი განსხვავებული მოსაზრება შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს მოწყობის ფორმებზე, მაგრამ ქვეყნის მართვა დემოკრატიული ინსტიტუტების ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთკონტროლის პრინციპით რომ ყველაზე რაციონალური და სამართლიანი საშუალებაა ეს არაერთი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა არაერთი განვითარებული სახელმწიფო შეჯერდა პრინციპზე, რომ ფუნდამენტური საკითხები ინსტიტუციურ ფორმატში უნდა წყდებოდეს. ყველა დემოკრატიული ან ნომინალურად დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფოებრივი არქიტექტურის საფუძველია მთავარი კანონი- კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სამართლებრივ ფორმას, ძირითად ღირებულებებსა და სისტემებს ადგენს. სწორედ კონსტიტუციურ პრინციპებზე შეთანხმება არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც ტერიტორიულ ერთეულს სახელმწიფოს სახეს სძენს. თუ კონსტიტუციას, როგორც სოციალურ ფენომენს ისე შევხედავთ მარტივად დავინახავთ, რომ ეს არის საერთო მომავლის შესახებ საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი. საარჩევნო სისტემა, როგორც ხელისუფლების გადაცემისა და ფორმირების ინსტრუმენტი საკონსტიტუციო თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. საქართველოს მოქალაქეებმა კონსტიტუციურ ფუნდამენტზე თანხმობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭეთ, დამოუკიდებლობის ეშხში შესულები ისე გავერთეთ ერთმანეთთან მტრობით, რომ სადღაც გამოგვეპარა ამ პრინციპების ჯეროვანი გააზრება და მათი გათავისება. არაკეთილმოსურნეების გულის გასახეთქად თავიდან დავიწყეთ ეკონომიკის დანგრეული დარგების აღდგენა, შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოები, დავიწყეთ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობა, მიზნად დავისახეთ ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაცია და ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე- საარჩევნო სისტემაზე უკვე 29 წელია სტაბილურად ვერ ვთანხმდებით.


საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული და მაჟორიტარული პრინციპით მანდატების განაწილების ახალ წესსა და პროპორციას, საარჩევნო კამპანიის წარმართვის, პარტიების დაფინანსების, სარჩევნო რეკლამისა და კენჭისყრის საკითხებს განსაზღვრავს. საარჩევნო მიმართულების სპეციალისტების, დიპლომატიური კორპუსისა და სართაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილებები მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნებისა და საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად. მთავარი ნაკლოვანება, რაც ამ პროცესს ახასიათებდა ეს ოპოზიციის მხრიდან კენჭისყრებში მონაწილეობაზე უარი იყო. კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა, კომპრომისის ვერ მიღწევის კიდევ ერთი პრეცედენტი და პრიორიტეტების არასწორი კატეგორიზაციის მორიგი მაგალითი. 2019 წლის ნოემბერში უმრავლესობის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმედის მომცემი პროცესი იყო, თუმცა, საბოლოო კონსენსუსის მიღწევას, ტრადიციულად, ხელი შეეშალა, საჯაროდ გაცხადებული, თუ უცნობი მიზეზების გამო. ე.წ. 8 მარტის შეთანხმების განხორციელებას საპარლამენტო პლატფორმიდან გამოეთიშა ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილი და საბოლოოდ ცვლილებები მმართველი პოლიტიკური ძალისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ჩართულობით მიიღო საკანონმდებლო ორგანომ.  


საარჩევნო ცვლილებების პროცესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოაჩინა. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარებაში აქტიურად ეხმარებიან უცხოელი მეგობრები, ცალკეული სახელმწიფოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების სახით. ვინაიდან ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების სპექტრი ფართოა, შესაბამისად, მხარდაჭერის ფორმებიც მრავალგვარია დაწყებული ფინანსური საშუალებებით, დამთავრებული ექსპერტული ცოდნის გაზიარებით. თუმცა, პარტნიორების რესურსების დაზოგვისა და რაციონალური შეფასებისთვის აუცილებელი განისაზღვროს, თუ მათი რა მოცულობით და რა საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. როდესაც საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმების შესახებ ვსაუბრობთ, ალბათ, ეს საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსების ექსკლუზიური პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად შეძლონ კონსენსუსის მიღწევა. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შიდა საკანონმდებლო საკითხებზე  წარმართულ მოლაპარაკებების პროცესში დიპლომატიური კორპუსის ფასილიტატორად ჩართვის აუცილებლობა ხაზს უსვამს ქართული პოლიტიკური ელიტის დაბალ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაუაზრებლობას.  პოლიტიკოსის სტატუსი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ საუბარს არ მოიცავს, არამედ, ის გულისხმობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობასა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებას. თავის მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის კომპლექსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია შიდა სახელმწიფოებრივი კატეგორიის საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ  ერთმანეთთან დიალოგის დამოუკიდებლად წარმართვას და კომპრომისზე წასვლას, ალბათ, დროა სხვა საქმით დაკავებაზე დაიწყონ ფიქრი. 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება, რაც ამ მოვლენებმა გამოაჩინა იყო პოლიტიკოსებისა და პარტიების დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური პროცესის მიმართ. აღმოჩნდა, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის ,,თავის მოწონება“ და მათი ფასილიტაციით შემდგარ დოკუმენტში ,,ეროვნული თანხმობის“ წერილობით გაფორმება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობა და საქართველოს მთავარ კანონში ცვლილებების მხარდაჭერა. სრულიად ლოგიკურია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოქმედების საკუთარი სტრატეგია და დღის წესრიგი აქვს, თუმცა, როდესაც ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკური პრეფერენციების მისაღებად არ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება მნიშვნელოვანია, თუმცა, კონსტიტუციური ერთობის საპირწონედ, თუნდაც ინდივიდუალური თავისუფლების საკითხის დაყენება არც სამართლებრივი სახელმწიფოს და არც კონსენსუსის პრინციპს შეესაბამება. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კომპრომისი აღქმულია, როგორც ნულოვანი ჯამის თამაში, სადაც მხოლოდ ერთი მხარე იმარჯვებს მეორე მხარის მარცხის სანაცვლოდ. საკონსტიტუციო თანხმობა კი არ შეიძლება გულისხმობდეს ერთი პარტიის გამარჯვებას მეორეზე, არამედ, ეს გახლავთ საერთო მომავლის განსაზღვრაში თანამონაწილეობა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ტვირთის პროპორციულად განაწილება. შეიძლება მკითხველისთვის ზედმეტად პათეტიკურად ჟღერდეს ეს ტექსტი, თუმცა ფაქტია, რომ თუ პოლიტიკური კლასი არ ამაღლდა და მიდგომები არ შეიცვალა წარმატებით გავაგრძელებთ ერთ წრეზე სიარულს. ამიტომ, ქვეყნის შენების პროცესში, ჯერ მისი ფუნდამენტი გვაქვს გასამყარებელი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ განვითარების შემდგომ ეტაპებზე.

 

ფოტო: https://imedinews.ge/ge/politika/82979/dges-saqartveloshi-saprezidento-archevnebia

გააზიარე: