მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შუალედური დასასრული, როგორც საეტაპო მოვლენა კავკასიის რეგიონისთვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

2020 წლის შემოდგომა მსოფლიოსთვის დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით, რაც, პირველ რიგში, აშშ-ში მოსალოდნელ და მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ყურადღების ღირსი იყო (და არის) ბელარუსში მიმდინარე პროცესებიც და თურქეთის გააქტიურების ახალი ფაზაც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რასაც მნიშვნელოვანი უკმაყოფილება და მორიგი გამწვავება მოჰყვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის. მიუხედავად ამგვარი პოლიტიკური კალენდარისა, ჩვენი რეგიონის ყურადღება მიპყრობილი იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, რომელიც, იმ შემთხვევაში, თუკი მორიგი რამდენიმე დღიანი დაპირისპირება არ გამოდგებოდა, არსებით ცვლილებებს უქადდა რეგიონს. დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ კონფლიქტის გააქტიურება არც „მორიგი“ (რიგითი) აღმოჩნდა და არც „რამდენიმე დღიანი“.  


პირიქითაც კი, კონფლიქტის შუალედური დასასრული (და თუ რატომ „შუალედური“, ამაზექვემოთ ვიმსჯელებთ), ვფიქრობთ, საეტაპო მოვლენასაც კი წარმოადგენს კავკასიის რეგიონისთვის. სწორედ კონფლიქტის ამ ფაზის დასასრულის, მისი შედეგებისა და პერსპექტივის შესახებ ვიმსჯელებთ.
 
მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი
 

მთიანი ყარაბაღის (სომხურად წოდებული, როგორც „არცახი“) ისტორია და მისი კუთვნილება სადავო საკითხია, რომელში შესვლაც, ერთი მხრივ, რთულია და, მეორე მხრივ, არც წარმოადგენს არსებით ფაქტორს ანალიზისთვის. რეალობა ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია (ისევე, როგორც კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ნაწილების) ისტორიულად ხელიდან ხელში გადადიოდა და მასზე ჩვენ შევხვდებით როგორც ალბანურ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ თუ სპარსულ კვალს. თითოეული მეჩეთი, ეკლესია, წარწერა თუ სასაფლაო სხვადასხვა მხარეს ამარაგებს არგუმენტებით, რათა ამტკიცოს თავისი პოზიცია. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, უდავო მოცემულობაა ის, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი წარმოადგენდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილს, ხოლო ამჟამად არის დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი, აღიარებული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. 
 

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1988 წელს დაიძაბა ურთიერთობა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რაც უკავშირდებოდა ეთნიკური სომხების სურვილს, ავტონომია შეერთებოდა სომხეთს. ეთნიკური დაპირისპირება გასცდა მთიანი ყარაბაღის საზღვრებს და გავრცელდა სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანში. მეტიც, იგი დაძაბულობიდან გადაიზარდა სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, რომელიც გაგრძელდა 1994 წლამდე და დასრულდა სომხეთის (ე.წ. „არცახის“) გამარჯვებით. რეგიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია იძულებით დატოვა 700,000-ზე მეტმა აზერბაიჯანელმა, რის შედეგადაც დარჩენილი მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეადგენდნენ სომხები. ომის მიმდინარეობისას და მის შემდეგ, სრულ განადგურებას დაექვემდებარა აზერბაიჯანული სოფლებისა და ქალაქების უმრავლესობა, ხოლო ნაწილზე დასახლდნენ სომხური ეთნიკური ჯგუფის წევრები. 1994 წლიდან კონფლიქტი გადავიდა მიძინებულ (მაგრამ არა გაყინულ) რეჟიმში, რაც მნიშვნელოვანწილად რეგულირდებოდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ. ამავე 26-წლიან პერიოდში, კონფლიქტს ახასიათებდა რამდენიმე-დღიანი შეტაკებები, რომელთა შორისაც გამორჩეული იყო 2016 წლის სამხედრო დაპირისპირება. 
 


იმისთვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ 1994 წელს დამკვიდრებული სტატუს-ქვო და 2020 წლის კონფლიქტის შედეგებიც, უნდა გავიაზროთ, თუ რას წარმოადგენს მთიანი ყარაბაღი გეოგრაფიულად: რეგიონი არის ანკლავი, კუნძული აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში და მას არ გააჩნია გეოგრაფიული საზღვარი სომხეთთან. შესაბამისად, იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სომხეთის სატელიტი არაღიარებული ერთეულის - მთიანი ყარაბაღის კავშირი „კონტინენტურ“ სომხეთთან, საჭირო იყო მათ შორის ერთგვარი ხიდის გადება. სწორედ ამგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებდა (და ასრულებს) ლაჩინის კორიდორი, რომელიც აკავშირებს სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე უკანასკნელ ქალაქ გორისს მთიან ყარაბაღთან, დაახლოებით, 6 კმ სიგრძის სერპანტინით. წლების განმავლობაში ლაჩინის კორიდორი იყო ერთადერთი გზა, რომლითაც ხდებოდა მიმოსვლა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის. ამდენად, როგორც უკვე ვხედავთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანისთვის მხოლოდ უშუალოდ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაკარგვით არ შემოფარგლულა და, სულ მცირე, კონტროლი დაიკარგა ხსენებულ დერეფანზეც. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგები აზერბაიჯანისთვის ბევრად მძიმე იყო. მან კონტროლი დაკარგა არამხოლოდ მთიან ყარაბაღზე (რომლის ფართობიც, დაახლოებით 4,400 კვ. კმ-ია), არამედ მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონზე, რომელიც სულაც არ წარმოადგენდა მთიანი ყარაბაღის ნაწილს. ჯამურად, დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ კონტროლი დაამყარა დაახლოებით 11,500 კვ. კმ. ტერიტორიაზე. მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღის მიღმა მდებარე ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენდა ერთგვარ ბუფერულ ზონას და სავაჭრო მექანიზმს მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო - ყარაბაღის მიღმა დაკავებული ტერიტორიები ხომ ზომით დაახლოებით უტოლდება აფხაზეთს, ხოლო დევნილი მოსახლეობის რაოდენობით აღემატება ნახევარ მილიონს. აქვე საგულისხმოა, რომ სომხეთს (ან ყარაბაღს) არანაირი სამართლებრივი ან ლოგიკური არგუმენტი მთიანი ყარაბაღის მიღმა არსებული ტერიტორიის ოკუპაციისთვის, არ გააჩნდა. 
 

მოცემულობა 1994-2020 წლებში
 

1994 წლიდან კონფლიქტის მოგვარებაზე ერთგვარ პატრონაჟს ახორციელებდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობდნენ აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მოცემულობა არ იცვლებოდა: კონფლიქტს ახასიათებდა პერიოდული ცხელი ფაზები, რომლებიც, როგორც წესი, გულისხმობდა მხარეთა შეხების ხაზთან ლოკალურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს. პარალელურად, მეტწილად სომხეთის ხელისუფლებების ცვლილებებთან ერთად, განიხილებოდა ხოლმე კონფლიქტის დარეგულირების სხვადასხვა ვერსია: არსებობდა სხვადასხვა მხარის მიერ ინიცირებული გეგმები და საგზაო რუკები, რომლებიც ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე მშვიდობის დამყარების მექანიზმს სთავაზობდა მხარეებს. როგორც წესი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი იყო შემოთავაზების ავტორი, ინიციატივები მიუღებელი იყო ან რომელიმე ან ორივე მხარისთვის. წმინდად სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტების კრისტალიზება ხდებოდა ორი ცნების შეჯახებაში: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა vs სომეხი ხალხის თვითგამორკვევის უფლება. რაც შეეხება დარეგულირების მეთოდებს, ისინი ამ ორი პრინციპის ნაზავს წარმოადგენდნენ ხოლმე: შენარჩუნებულიყო აზერბაიჯანულის ტერიტორიული მთლიანობა ისე, რომ არ დარღვეულიყო სომეხი მოსახლეობის ინტერესები და პირიქით. 
 

შესაბამისად, რეალობა (ე.წ. „სტატუს-ქვო“) უცვლელი რჩებოდა და მდგომარეობდა შემდეგში:
 

მონოეთნიკურ ყარაბაღში კიდევ უფრო იზრდებოდა სომეხი მოსახლეობის რაოდენობა, მათ შორის, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლებული სომხების ხარჯზე; ვითარდებოდა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დაემატა სომხეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი - ვარდენისი-სტეფანაკერტის გზა, რომელიც, ამჯერად, აზერბაიჯანის ოკუპირებულ კალბაჯარის რაიონზე გადის; აზერბაიჯანი ცდილობდა საკითხის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებას, თუმცა იქვე აცხადებდა, რომ, თუკი ეს მცდელობები წარუმატებელი იქნებოდა, იგი, საბოლოოდ, სამხედრო გზასაც განიხილავდა; აზერბაიჯანის მოსახლეობამ მიაღწია 10 მილიონს და სახელმწიფო არსებითად გაძლიერდა ეკონომიკური კუთხით, რასაც, დიდწილად განსაზღვრავდა ნავთობისა და გაზის რესურსები და მათი ექსპორტისთვის საჭირო ენერგომატარებლების განვითარება (რაც მნიშვნელოვანწილად მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ გაზ და ნავთობ სადენებს); სომხეთი, მიუხედავად არც ისე შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის ტემპისა და არც კი 3 მილიონიანი მოსახლეობისა, ცდილობდა შესაძლებლობის მაქსიმუმი გაეღო სამხედრო ბალანსის შენარჩუნებისთვის, რისთვისაც მილიარდობით დოლარის სესხს იღებდა რუსეთისგან. იგი ამავე კრედიტებს, ისევ რუსეთისგან იარაღის ყიდვაში ხარჯავდა; სომხეთში ისევ რჩებოდა განლაგებული გიუმრის სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთმა დაახლოებით 5000 ჯარისკაცთან ერთად, განათავსა მძლავრი სამხედრო ტექნიკა. 
 

აქვე აღსანიშნავია ერთიც: 1994 წლიდან დღემდე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სხვა არაღიარებული სახელმწიფოების გარდა, არავის უღიარებია. თვით სომხეთსაც კი. 


ერთი შეხედვით, სტატუს-ქვო სომხეთისთვის მისაღები იყო. სწორედ ამ გარემოებას იშველიებდნენ სომეხი ექსპერტები იმის დასტურად, რომ სხვადასხვა სამხედრო ესკალაციის ინიციატორი სომხეთი არ ყოფილა, არგუმენტით: „რატომ გააღვივებდა სომხეთი კონფლიქტს მაშინ, როდესაც არსებული მოცემულობა მისთვის კომფორტულია“. ეს არგუმენტი ლოგიკურიც იყო. 
 

განსხვავებული იყო ამავე საკითხზე აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მოსახლეობის პოზიცია: ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად გაძლიერებული აზერბაიჯანი, რომელსაც მესამე ათწლეულია ერთი დინასტია უდგას სათავეში, უცხოელი პარტნიორებისგან ითხოვდა ხელშესახებ შედეგს, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციების აღსრულებას, რომელთა მიხედვითაც საოკუპაციო ძალებს დაკავებული ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ და აზერბაიჯანელ დევნილებს დაბრუნების საშუალება უნდა მისცემოდათ. უკვე წლებია აშკარა იყო, რომ აზერბაიჯანს მოთმინება ეწურებოდა. 
 

მოთმინების ამოწურვა კი, სავარაუდოდ, სომხეთში 2018 წელს უსისხლო რევოლუციით მოსული ლიდერის პოზიციამ განაპირობა: ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერება, წესით, მნიშვნელოვანი ცვლილებების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო როგორც სომხეთისთვის, ისე, შესაძლოა, რეგიონისთვისაც. მისი მმართველობის პერიოდში გაიზარდა ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი, შემცირდა კორუფცია, გამოჩნდა ეკონომიკის მეტი ტემპით ზრდის ნიშნები, გაისმა დასავლეთთან მეტად დაახლოვებისა და მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი. მიუხედავად ამისა, შიდა და გარე ფაქტორების გამო, მოხდა ისე, რომ სომხეთმა ვერც რუსულ გავლენას დააღწია თავი, ვერც რაიმე ხელშესახები შედეგს მიაღწია დასავლეთთან ურთიერთობის ნაწილში და ვერც წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა აწარმოა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ფაშინიანის სომხეთმა მოინდომა ყველაფერი ერთად და თან იმაზე ადრე, ვიდრე ამისთვის იყო შემზადებული: ფაშინიანმა რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკოსების თუ ბიზნესების წინააღმდეგ მოქმედებებით, ასევე, აშკარა ანტი-რუსული დემონსტრაციებით, რუსეთის დროშების დაწვით, გიუმრის სამხედრო ბაზის ჯარისკაცების მიმართ ზოგიერთი „არამეგობრული“ მოქმედებით გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება; ყარაბაღელი სომეხი პოლიტიკოსების და, ზოგადად, ე.წ. „ყარაბაღის კლანის“ როლის დაკნინებით გაანაწყენა ყარაბაღელი სომხები; ამის პარალელურად კი ვერ უზრუნველყო ვერც ევროკავშირის და ვერც აშშ-ის არსებითი მხარდაჭერის მიღება. სწორედ ამ ფონზე, ფაშინიანი, რომლისგანაც ელოდნენ ყარაბაღის საკითხზე უფრო ლოიალური, უფრო სწორად კი, უფრო გონივრული და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული პოზიციის დაფიქსირებას, 2019 წლის აგვისტოში მთიან ყარაბაღში ვიზიტისას აცხადებს „არცახი სომხეთია და წერტილი“. ჩვენი აზრით, სწორედ ამ „წერტილმა“ დაუსვა წერტილი აზერბაიჯანის მოთმინებას და მოლოდინს, რომ კონფლიქტი პოლიტიკური გზით დარეგულირდებოდა. 
 

ამის შემდეგ მხოლოდ ის იყო დარჩენილი, რომ აზერბაიჯანს მოეხდინა სამხედრო პოტენციალის კონსოლიდაცია, შეეკრა კიდევ უფრო მყარი კოალიცია თურქ მოკავშირეებთან, პოტენციური რეაქცია მოეთელა და მოელაპარაკა რუსეთთან და დალოდებოდა საკითხის სამხედრო გზით სრულად ან ნაწილობრივ გადაჭრისთვის საუკეთესო მომენტს. 


კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ
 

სანამ კონფლიქტის უკანასკნელი აქტიური ფაზა, ე.წ. „მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი“ დაიწყებოდა, საგულისხმოა რამდენიმე მოვლენა: 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა სამხედრო შეტაკება, რომელსაც მოყვა მნიშვნელოვანი მსხვერპლი. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ შეტაკებები საკმაოდ დაშორებული იყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან, რაც ერთგვარ სიახლეს წარმოადგენდა, რადგან აქამდე ყველა ესკალაცია უშუალოდ მთიანი ყარაბაღის (და მის გარშემო ოკუპირებული ტერიტორიის) გასწვრივ ხდებოდა. 
 

სწორედ 2020 წლის ივლისიდან გააქტიურდა აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას. აზერბაიჯანელთა ამ სურვილში ეჭვის შეტანის გარეშე, ვვარაუდობთ, რომ მოსახლეობის ამგვარი მოთხოვნა წახალისებული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდანაც, რომელსაც სამომავლო სამხედრო კამპანიის გასამართლებლად, მათ შორის, მოსახლეობის აქტიურ მოთხოვნაზე მითითება დასჭირდებოდა. 
 

ამავე პერიოდიდან გააქტიურდა თურქული პროპაგანდა და მის მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა საკითხის სამხედრო გზით გადაჭრის კუთხით. 
 

2020 წლის 29 ივლისიდან აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს ერთობლივი ფართო-მასშტაბიანი წვრთნები, რომლებიც გაგრძელდა აგვისტოშიც და სექტემბერშიც. მეტიც, თურქი სამხედროებისა და ტექნიკის ნაწილი შემდგომშიც დარჩა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 


სამხედრო კონფლიქტის აქტიური ფაზა დაიწყო 2020 წლის 27 სექტემბერს. როგორც ყველა წინა შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ცეცხლის გახსნაში. მიუხედავად ამ საინფორმაციო ომისა, ჩამოყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ, სინამდვილეში, აზერბაიჯანმა დაიწყო სამხედრო კამპანია, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციური წესრიგისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ან მის ნაწილზე) კონტროლის აღდგენა. 
 

კამპანიის დასაწყისში საკმარისად ცხადი არ იყო, თუ რამდენად შორის აპირებდა წასვლას აზერბაიჯანი და რამდენად შესძლებდა ამას. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, აზერბაიჯანი შეეცდებოდა შედარებით ადვილად მისადგომ რელიეფზე მდებარე რამდენიმე რაიონის (ფიზული, ჯაბრაილი, აღდამი) დაბრუნებას, ხოლო შემდეგ მიუბრუნდებოდა მოლაპარაკების მაგიდას, რადგან მთიან ტერიტორიაზე შეტევითი ომის წარმოება რთული იქნებოდა. უცნობია, თუ რამდენად შეესაბამება აზერბაიჯანის მიერ მიღწეული შედეგი მის „პროგრამა მაქსიმუმსა“ თუ „მინიმუმს“, თუმცა, ცხადია, რომ შედეგი ხელშესახებია და სცდება უშუალოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არეალსაც კი და მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ. 
 

კონფლიქტი გაგრძელდა, დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში. იგი იყო ინტენსიური ხასიათის, მოიაზრებდა როგორც სახმელეთო, ისე საარტილერიო და საჰაერო კომპოტენტებს, ხოლო ფრონტი გაშლილი იყო საკმაოდ ვრცელ არეალზე. 
 

კონფლიქტის შესახებ ბევრი ითქვა, თუმცა ჩვენ მის რამდენიმე თავისებურებას და მნიშვნელოვან მომენტს გამოვყოფდით:
 

  • კონფლიქტის მთელ პერიოდს გასდევდა სომხეთის (და არამარტო) მოლოდინი, რომ მასში ჩაერთვებოდა რუსეთი. სოციალურ ქსელებში მუდმივად ისმოდა გამძაფრებული მოლოდინი და ცრუ ინფორმაციაც კი იმის შესახებ, რომ რუსეთი კონფლიქტში ჩასართავად ახდენდა ძალების გადმოსროლას. საბოლოო ჯამში, ეს მოლოდინი არ გამართლდა (ან, სხვა ფორმით გამართლდა);
     
  • კონფლიქტს თან ახლდა უმძიმესი საინფორმაციო ომი ყველა ფრონტზე: კონფლიქტის მონაწილე ქვეყნების შიგნით; რუსულენოვან აუდიტორიაზე გათვლილი პროპაგანდა; პროპაგანდა დასავლურ მედიაში; საინფორმაციო ომი სოც. ქსელებში. საინფორმაციო ომი, მათ შორის, მოიცავდა კიბერ შეტევებსა და დეზინფორმაციის კამპანიებს. მასში აქტიურად იყო ჩართული ორივე სახელმწიფოს დიასპორა;
     
  • კონფლიქტის დროს აქტიურად (ან, „სუპერ-აქტიურად“) გამოიყენეს უახლესი ტექნიკა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები, რამაც ომის წარმოების სრულიად განსხვავებული მეთოდი წარმოგვიდგინა, რაც დამაფიქრებელი უნდა იყოს საქართველოსთვისაც;
     
  • კონფლიქტის შეჩერებისთვის, სხვადასხვა დოზით, გარკვეული ძალისხმევა გასწიეს როგორც რუსეთმა, ისე ევროკავშირმა და აშშ-მ. უფრო მეტიც, გაფორმდა დროებითი შეთანხმებებიც კი, თუმცა ისინი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და, ჯამში, კონფლიქტი რამდენიმე საათითაც კი არ შეჩერებულა. 
     

ომმა აჩვენა, რომ სომხეთისა და ე.წ. „არცახის“ არმიას არ ჰყოფნიდა არც შეიარაღება, არც მოდერნიზება, არც რაოდენობა და, ზოგ შემთხვევაში, არც კომპეტენცია, გამკლავებოდა მოწინააღმდეგეს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა მებრძოლმა მაღალი სამხედრო მორალი აჩვენა, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გაშლილი ფრონტის პირობებში მოწინააღმდეგის შესაკავებლად, თუნდაც, ხელსაყრელი გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით. 
 

სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის არმიამ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლო ბლიცკრიგი, მაინც მოახერხა ბრძოლით დაეკავებინა ფიზული, ჯაბრაილი, ჰადრუტი, ზანგილანი, ლაჩინის სიმაღლეები, წითელი ბაზარი და შუშა (სომხურად - შუში). 
 

სწორედ ქალაქ შუშას აღება 2020 წლის 9 ნოემბერს აღმოჩნდა კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების განმაპირობებელი. შუშას დაცემას ჰქონდა მრავალგვარი დატვირთვა: პირველ რიგში, გასათვალისწინებელია შუშას მდებარეობა: იგი მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქიდან, სტეფანაკერტიდან (აზერბაიჯანულად - ხანკენდი) დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული. გარდა დისტანციისა, მნიშვნელოვანია ის, რომ შუშას სიმაღლე ზღვის დონიდან, დაახლოებით 1500 მეტრია, ხოლო სტეფანაკერტის - 800 მეტრი. 
 

შესაბამისად, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ხელისგულზე იშლება სტეფანაკერტი შუშადან და რა მარტივია მისი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოქცევა; მეორეს მხრივ, შუშას დაცემა წარმოადგენდა უდიდეს მორალურ დარტყმას სომხეთისთვის და, პირიქით, მორალურ უპირატესობას აზერბაიჯანისთვის. შუშა ორივე ერისთვის ისტორიული, კულტურული და რელიგიური ცენტრი (სხვადასხვა დოზით) და მთიანი ყარაბაღის ყოფილი დედაქალაქია (ამ კუთხით მას მცხეთას შევადარებდით); და მესამე, შუშას აღებით ცხადი გახდა, რომ სომხებისთვის მთიანი ყარაბაღის მთლიანი ტერიტორიის დაკარგვამდე დღეები დათვლილი იყო, რადგან მისი შენარჩუნების რესურსი აღარ არსებობდა. 
 

ჯამში, კონფლიქტის სამხედრო კომპონენტში წარმატებას აზერბაიჯანმა მიაღწია და, მიუხედავად საკმაო დანაკარგებისა, გამარჯვება მან იზეიმა. მხარეთა სამხედრო დანაკარგების შესახებ ზუსტი (ან, თუნდაც, მიახლოვებული) ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა, ზოგი წყაროს მიხედვით, თითოეულ მხარეს მსხვერპლი აღემატება სულ მცირე 5,000 მებრძოლს, ხოლო რეალობა, შესაძლოა, ბევრად მძიმეა. 
 

სწორედ 9 ნოემბრის ამ მოცემულობაში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ის შეთანხმება, რომელმაც დაასრულა მისი ცხელი ფაზა. მის შინაარსსა და შედეგებს ქვემოთ განვიხილავთ. 
 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება
 

მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის აქტიური ფაზა დამთავრდა 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც ძალაში შევიდა 10 ნოემბრის დადგომისთანავე. 
 

ხელშეკრულებას ჰყავს სამი მხარე: აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაცია და სომხეთი. ხელშეკრულებას ხელს არ აწერს მთიანი ყარაბაღი იმ მიზეზით, რომ იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. 
 

სანამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციას მოვახდენთ, პირველ რიგში, ვნახოთ, თუ რა წერია მის ძირითად პუნქტებში:
 

  1. პირველი პუნქტი საუბრობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იმაზე, რომ მხარეები გაჩერდებიან იმ პოზიციებზე, რომელსაც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში იკავებდნენ;
     
  2. 2020 წლის 20 ნოემბერს აღდამის რაიონი გადაეცემა აზერბაიჯანს. ეს ის რაიონია, რომელიც აზერბაიჯანს ომით არ დაუკავებია და რომელიც ექცეოდა მთიანი ყარაბაღის გარეთ, მის გარშემო არსებულ ბუფერში. ამდენად, სომხეთი ამ ტერიტორიას უომრად დათმობდა;
     
  3. მთიანი ყარაბაღის მხარეთა დაშორიშორების ხაზზე და ლაჩინის კორიდორში განლაგდება 1960 რუსი მშვიდობისმყოფელი, შესაბამისი ტექნიკით;
     
  4. რუსი მშვიდობისმყოფელების მანდატი იქნება 5-წლიანი ვადის და დაექვემდებარება ავტომატურ გაგრძელებას დამატებით 5-წლიანი ვადით, თუკი რომელიმე მხარე არ განაცხადებს ამის საწინააღმდეგოს 5-წლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე;
     
  5. სომხეთი აზერბაიჯანს გადასცემს კალბაჯარის რაიონს 2020 წლის 15 ნოემბრისთვის, ხოლო ლაჩინის რაიონს - 1 დეკემბრისთვის. ესეც უბრძოლველად. ამასთან, ლაჩინის 5 კმ სიგანის კორიდორი შენარჩუნდება აზერბაიჯანის კონტროლს მიღმა იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სომხეთისა და სომეხთა კონტროლქვეშ დარჩენილი მთიანი ყარაბაღის კავშირი. აღნიშნულ კორიდორზე კონტროლს განახორციელებენ რუსი სამშვიდობოები. ამასთან, რადგან სომხეთისა და სტეფანაკერტის დამაკავშირებელი გზა ამჟამად გადის შუშაზე (რომელიც აზერბაიჯანმა დაიკავა), აშენდება შუშას შემოვლითი გზა, რომელზეც იმოძრავებს სტეფანაკერტისკენ და უკან, სომხეთისკენ მიმავალი სომეხი მოსახლეობა. აზერბაიჯანი იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს კორიდორში უსაფრთხო გადაადგილება;
     
  6. აზერბაიჯანელ დევნილებს ექნებათ მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებრე ტერიტორიებზე დაბრუნების საშუალება, რაც განხორციელდება გაეროს კონტროლით;
     
  7. მხარეები გაცვლიან ომის ტყვეებსა და მძევლებს;
     
  8. განბლოკილი იქნება ყველანაირი აქტივობა და სატრანსპორტო კავშირი რეგიონთან. სომხეთი იძლევა გარანტიას, რომ მოხდება უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირის დამყარება აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. ტრანსპორტის კონტროლს განახორციელებს რუსეთის უშიშროების ძალების სასაზღვრო სამსახური. მხარეთა შეთანხმებით, აშენდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც დააკავშირებს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის რეგიონებს. 
     


 

ხელშეკრულების შეფასება და ინტერპრეტაცია
 

ექსპერტების მიერ აღნიშნული დოკუმენტი შეფასდა, როგორც სომხეთის კაპიტულაცია. პრინციპში, ეს ასეც არის, თუკი გავითვალისწინებთ, თუ რა სამხედრო მოცემულობაში მოხდა მისი ხელმოწერა. ამ კუთხით, სომხეთის მოტივაცია დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით მეტად აშკარაა - ბრძოლით იგი დაკარგავდა მთელ მთიან ყარაბაღს და დამატებით რამდენიმე ათას მოქალაქეს, ხოლო დევნილად იქცეოდა დამატებით რამდენიმე ათეული ათასი (მხოლოდ სტეფანაკერტის მოსახლეობა დაახლოებით 60 ათასს შეადგენს). 
 

უფრო მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ, თუ რატომ გააფორმა აზერბაიჯანმა ხელშეკრულება, რომლითაც მთიანი ყარაბაღის ნაწილს სომხეთის კონტროლის ქვეშ ტოვებდა მაშინ, როდესაც მას დღეები აშორებდა სრულ სამხედრო გამარჯვებამდე. პასუხის ჩვენეული ვერსია ორი კომპონენტისგან შედგება: ნებაყოფლობითი და ნაკარნახევი:
 

რუსეთის პოლიტიკაზე დამკვირვებელი პირისთვის ცხადია, რომ რუსეთისთვის მიუღებელი იყო როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ბოლომდე გამარჯვება. ამდენად, რუსეთის ფაქტორითა და ჩარევით მოხდა ის, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა მთელი მთიანი ყარაბაღის დაბრუნების ზრახვაზე და გაჩერდა იქ, სადაც იყო 9 ნოემბერს იმ პირობით, რომ მას დამატებით დაუბრუნდებოდა ყველა რაიონი, გარდა სტეფანაკერტის, მარტუნისა და მარდაკერტისა. 
 

მეორე მიზეზი ნებელობითი ელემენტის მატარებელია - აზერბაიჯანმა უბრძოლველად, ანუ, ყველანაირი სამხედრო და ადამიანური დანაკარგის გარეშე მიიღო დაახლოებით იმდენივე ტერიტორია, რამდენიც მას 1.5 თვიანი ბრძოლის შედეგად ჰქონდა მოპოვებული. 
მესამე ელემენტი კი არამხოლოდ ნებელობითია, არამედ ატარებს უდიდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას: მთიანი ყარაბაღის ნაწილის დაბრუნების გადავადების პირობით, აზერბაიჯანმა მიიღო თავის ტერიტორიულ ექსკლავთან - ნახიჩევანთან და თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, თურქეთთან დაკავშირებელი გზა სომხეთის გავლით. ამ ელემენტზე დამატებით ქვემოთ ვისაუბრებთ. 
 

რაც შეეხება რუსეთის მოტივაციას, მან, ერთი მხრივ, პირველად მოახერხა თავისი ჯარების განლაგება ფორმალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც ყარაბაღის რეგიონი იყო ერთადერთი პოსტ-საბჭოთა კონფლიქტური რეგიონი, სადაც რუსეთს ჯარები არ ჰყავდა; მეორე მხრივ, მან მიიღო კარგი ბერკეტი აზერბაიჯანის მიმართ; მესამე მხრივ კი, გარკვეულწილად მოიხადა მორალური ვალი სომხეთის წინაშე და აღმოჩნდა სომხეთის მხსნელი სრული დამარცხებისგან (თუმცა, ის, თუ როგორ იქნა აღქმული რუსეთის მოქმედება სომხეთის და მისი მოსახლეობის მიერ, ცალკე განსჯის საგანია).

 
აქედან ჩვენ ვიგებთ, თუ რა მიიღო თითოეულმა მხარემ ხელშეკრულებს გაფორმებით, კერძოდ:
 

სომხეთმა მიიღო:

  • დასრულებული ომი;
  • ყარაბაღის ნაწილზე კონტროლის შენარჩუნება;
  • შემცირებული დევნილთა ტალღა;
  • კავშირის შესაძლებლობა მთიანი ყარაბაღის კონტროლ-ქვეშ შენარჩუნებულ ნაწილთან. 
     

აზერბაიჯანმა მიიღო:

  • უბრძოლველად დაკავებული ლაჩინის, აღდამისა და კალბაჯარის რაიონები;
  • კონტროლის შენარჩუნება მის მიერ ომით დაკავებულ ფიზულის, ჯაბრაილის, ზანგილანისა და ქუბადლის რაიონებზე ისევე, როგორც მთიანი ყარაბაღის შიგნით მდებარე ჰადრუთსა და შუშაზე;
  • სატრანსპორტო კოროდორი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე, რომლითაც იგი უკავშირდება „კონტინენტური“ აზერბაიჯანისგან დაშორებულ ნახიჩევანსა და თურქეთს. 
     

რუსეთმა მიიღო:

  • სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთავარი მოთამაშის როლისკენ მორიგი გადადგმული ნაბიჯი, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიის მთავარ კონფლიქტში მოგვევლინა ფასილიტატორად და მშვიდობის გარანტად, მაშინ, როდესაც დასავლეთი სრულად აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში;
  • კონტროლის ბერკეტების მიღება აზერბაიჯანთან მიმართებით;
  • სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გაძლიერება და მისთვის მიუღებელი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ერთგვარი დასჯა, რამაც პოტენციურად შეიძლება ხელისუფლების ცვლილება გამოიწვიოს სომხეთში. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ნაადრევად და გადაჭარბებულად მიგვაჩნია მითითება იმაზე, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოკლე დროში და მარტივად დათმობს თავის პოზიციებს. ასევე, სათუოა სომხების რუსეთის მიმართ მადლიერების საკითხიც, რადგან მრავალი მათგანის მიერ რუსეთის უმოქმედობა ღალატად იქნა აღქმული, რაც, ვფიქრობ, გააძლიერებს სომხეთის მოსახლეობის ანტი-რუსულ განწყობებს. 
     

შედეგი მიიღო თურქეთმაც, რაც გამოიხატა შემდეგში:
 

  • მისი მოკავშირის, აზერბაიჯანის გაძლიერება;
  • აზერბაიჯანზე და, შესაბამისად, შუა აზიაზე დამატებითი პირდაპირი გასასვლელის მიღება სომხეთის გავლით;
  • შეზღუდული წარმომადგენლობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ ჩამოყალიბებულ ფორმატში, რაზეც დამატებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

 
ხელშეკრულებით დატოვებული ბუნდოვანებები
 

ხელშეკრულება, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ კონფლიქტს და რთულ რეგიონალურ ურთიერთობას შეეხება, ბუნებრივად ვერ დაარეგულირებდა ყველა საკითხს და მისი გაფორმების შემდეგაც ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. 
 

ჩვენ აქ შევეხებით იმ საკითხებს, რომლებიც ღიად დარჩა ხელშეკრულებით:
 

  • პირველ რიგში, ხელშეკრულებით განუსაზღვრელი დარჩა მთიანი ყარაბაღის სტატუსი. ახლანდელი მოცემულობა ასეთია: მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება აზერბაიჯანული იურისდიქცია და კანონები და ისინი სრულად იქნებიან ინტეგრირებულები აზერბაიჯანის სახელმწიფოში. რაც შეეხება სტეფანაკერტს, მარდაკერტსა და მარტუნის, როგორც ჩანს, იქ ისევ გავრცელდება აქამდე მოქმედი კანონმდებლობა, სომხეთის ფულის ერთეული და იფრიალებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა. თუმცა კი ისიც ფაქტია, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ისედაც არარსებული „სუვერენიტეტის“ მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს გადაეცემა. ჩვენი აზრით, პოტენციურად, მთიან ყარაბაღს გარკვეულ მომენტში მოუწევს ინტეგრაცია აზერბაიჯანთან ფართო ავტონომიის სტატუსით, რაზეც გარკვეული მითითებები უკვე კეთდება;
     
  • მეორე, გაუგებარი რჩება თურქეთის ჩართულობა და როლი კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება თურქეთის როლის შესახებ არ მიუთითებს. ამასთან, 2020 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი აცხადებს თურქულ-რუსული ცენტრის შექმნაზე. როგორც ხელშეკრულების ხელმოწერიდან პირველი კვირის განმავლობაში ვნახეთ, მხარეთა შეხედულება აღნიშნულ საკითხზე არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითისთვის, აზერბაიჯანი და თურქეთი მიუთითებენ თურქი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსების შესახებ, ხოლო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ასეთი რამ არც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და არც რაიმე სხვა შეთანხმებით. ჩვენი გაგებით, ეს იქნება მხოლოდ სამოქალაქო მონიტორიგნის ცენტრი, რომელიც არ შეიცავს არანაირ სამხედრო კომპონენტს. ამგვარად, მეტად გადაჭარბებულად გვეჩვენება მითითება იმაზე, თითქოს თურქეთის ჯარები კავკასიის რეგიონში დაბრუნდნენ. ცხადია, აზერბაიჯანი უფლებამოსილია, საკუთარ ტერიტორიაზე მოიპატიჟოს და მიიღოს თურქეთის სამხედრო ძალები ისევე, როგორც ეს შეეძლო ხუთი, ათი ან ოცი წლის წინ, თუმცა ეს ნაკლებად არის დაკავშირებული უშუალოდ მთიან ყარაბაღთან;
     
  • მესამე, არასაკმარისად ცხადია, თუ როგორ მოხდება უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის შექმნა აზერბაიჯანისთვის და როგორ განახორციელებენ აღნიშნულზე კონტროლს რუსული ძალები. ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანიდან მისივე ავტონომიისკენ (ნახიჩევანისკენ) მიმავალი გზა სომხეთის მთელ სამხრეთ ნაწილს კვეთს, რაც თითქმის ემთხვევა სომხეთ-ირანის საზღვარს, ხოლო ირანი სომხეთის ორიდან ერთ-ერთი სახმელეთო გასასვლელია. ამგვარად, გამოდის, რომ სომხეთიდან ირანისკენ (ანუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ) მიმავალი გზა ერთგვარ გზაჯვარედინს შექმნის „კონტინენტური“ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანისკენ (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ) მიმავალ გზაზე. საკითხავია ისიც, დაშვებული იქნება თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაადგილება (მაგალითად, ყაზახეთიდან თურქეთისკენ მიმავალი ტვირთის). ამ ნაწილში, არსებობს უამრავი ტექნიკური და პოლიტიკური საკითხი, რომელზეც პასუხს ხელშეკრულებაში ვერ ამოიკითხავთ. 
     

შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის ომის მიმდინარეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა არაერთი კუთხით. იგი წარმოადგენდა საფრთხეს როგორც ქვეყნის ეკონომიკური, ისე სამხედრო უსაფრთხოებისთვის. 
 

ეკონომიკური გამოწვევის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი ბუნებრივად აფრთხობდა ინვესტიციებს და აუარესებდა ძირითადი სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის, აზერბაიჯანის მდგომარეობას. 
 

თუმცა, ეკონომიკური გამოწვევა მეტად მცირე იყო იმ სირთულეებთან შედარებით, რაც ქვეყანას გააჩნდა უსაფრთხოების კუთხით: 
პირველ რიგში, სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობა წარმოადგენს საქართველოს ორ უმთავრეს ეთნიკურ უმცირესობას, რომლებიც ჯამურად აჭარბებენ მთელი მოსახლეობის 10%-ს. კონფლიქტის მთელი პერიოდის განმავლობაში, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იყო ფეთქებადსაშიში გარემო, რაც სათანადო მართვას და ყურადღებას საჭიროებდა. 

 

მეორე, საქართველო იყო მუდმივი საფრთხის ქვეშ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას შეიძლება მოეთხოვა დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ჯარის გადაადგილებისთვის, რა შემთხვევაშიც, საქართველოს არც თუ ისე მრავალფეროვანი არჩევანი გააჩნდა შესაძლო მოქმედებების კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მოუწევდა ან უარი ეთქვა რუსეთისთვის და გაერისკა, რომ რუსეთს ერთპიროვნულად შეიძლებოდა ემოქმედა ან კი ნებაყოფლობით გაეტარებინა რუსული სამხედრო ძალა, რაც საქართველოს სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ შელახავდა და მეზობელი აზერბაიჯანის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. 
 

მესამე ასპექტი იყო ორივე მეზობლის „ეჭვიანობა“ საქართველოს როლის შესახებ. კონფლიქტის მიმდინარეობისას, არაერთხელ მოვისმინეთ საქართველოს თანაგრძნობის შესახებ აზერბაიჯანის მიმართ ან კი საქართველოს მიერ სომხეთისკენ მიმავალი სამხედრო ტვირთების ნებით თუ უნებლიედ გატარების შესახებ. 
 

საბოლოო ჯამში, კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველომ, საერთო ჯამში, მშვიდად და ღირსეულად გაართვა თავი მის მიუკერძოებელ და მიუმხრობელ როლს რეგიონში და მის პარტნიორობას ორივე მეზობელთან. ამ მხრივ, მეზობელი ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით, კი აზერბაიჯანიდან არაერთი კომპლიმენტი მოვისმინეთ. სასიხარულოა ისიც, რომ საქართველოზე გამავალი ენერგომატარებლები უვნებლად გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ისინი თავდასხმის ობიექტებს წარმოადგენდნენ სომხეთის მხრიდან. 

 

მეორე დადებითი მომენტი ის არის, რომ რეგიონში (და, ზოგადად, პოსტ საბჭოთა სივრცეში) პირველად შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობის, თუნდაც ნაწილობრივ, აღდგენის პრეცედენტი. არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მუდმივად უჭერდნენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიზნით თანამშრომლობდნენ არაერთ საერთაშორისო ფორუმზე. ამ გაგებით, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის წარმატება დადებითი მოვლენაა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები, ყარაბაღისგან განსხვავებით, პირდაპირ უკავშირდება რუსულ ოკუპაციას და, შესაბამისად, მათი სამხედრო გზით მოგვარების პერსპექტივა ნაკლებად რეალური ან სასურველია. აქვე აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი მცირე პარტნიორთაგანი იყო. კონფლიქტის დიდწილად აზერბაიჯანის სასარგებლოდ დასრულება ერთგვარ გზავნილს წარმოადგენს იმ პირებისთვისაც, ვინც უკანონოდ სახლდებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან კი ითვისებენ ქართველთა კუთვნილ სახლებს. მათ ხომ ერთ დღეს ისევე შეიძლება მოუწიოთ უკანონოდ დაკავებული ქონების დატოვება, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებულ პირებს, რომლებიც დღეს თავიანთ დროებით საცხოვრებლებს ტოვებენ ცარიელ ან, სულაც, ნებაყოფლობით დამწვარ მდგომარეობაში.

 
დაბოლოს, სომხეთის სამხრეთით განსავითარებელ დერეფანთან მიმართებით გამოითქვა მოსაზრება, რომ იგი იქნება საქართველოს ალტერნატივა და შეამცირებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და მნიშვნელობას. ასეთი წუხილები გასაგებია, მაგრამ, ვფიქრობთ, მთლიანობაში, არასწორი, რადგან:
 

  • ყოველთვის ცხადი იყო, რომ რეგიონში სტატუს-ქვო სამუდამოდ ვერ შენარჩუნდებოდა და საქართველო ამ შემთხვევით „უპირატესობას“ ადრე თუ გვიან დაკარგავდა;
     
  • შეთანხმება, რომელიც ეხება სატრანსპორტო დერეფანს, პირველ რიგში, არასაკმარისად ცხადია და მასზე სრულყოფილი მსჯელობა რთულია, ხოლო, მეორე მხრივ, ნებისმიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი გამტარუნარიანობისა და უსაფროთხოების უზრუნველყოფა, შემდეგ კი მასზე მნიშვნელოვანი მარშრუტების აგება საკმაოდ დიდი დროის საქმეა;
     
  • დაბოლოს, რეგიონში მშვიდობას იმგვარი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე, რომ მას აქვს პოტენციალი შეავსოს ნებისმიერი სატრანზიტო დანაკლისი. 
     

მიუხედავად ამისა, ცხადია, საქართველომ უნდა იფიქროს თავისი სატრანზიტო კონტურენტუნარიანობის ამაღლებაზე და გასატარებელი ტვირთების დივერსიფიკაციაზე. 
 

რაც შეეხება მთლიანად რეგიონს, აქ, ვფიქრობთ, ორი ფაქტორი უნდა გამოიყოს:
 

პირველი ფაქტორი უარყოფითია - სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავ ვხედავთ რუსეთის როლის გაძლიერებას. ფორმალურად ხომ მას ახლა საკუთარი ჯარი ჰყავს განლაგებული როგორც საქართველოში (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი), ისე სომხეთსა (გიუმრის ბაზა და ხელშეკრულების მიხედვით გასაკონტროლებელი სატრანსპორტო დერეფანი) და ახლა უკვე აზერბაიჯანშიც (ყარაბაღში განლაგებული სამშვიდობო ძალები).

 
რაც შეეხება დადებით ფაქტორს - პირველად მრავალი წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს კვლავაც აქვთ შანსი ერთმანეთთან თანამშრომლობის. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენდა ერთგვარ მარწუხს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს (და, სხვათაშორის, თურქეთსაც) არ აძლევდა ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმგვარად ნორმალიზდება, რომ უახლოეს მომავალში სრულყოფილი თანამშრომლობა შედგეს, მაგრამ, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ არამხოლოდ საერთო დამპყრობლის კონტროლქვეშ აქვთ გაერთიანებისა და თანაცხოვრების უნარი, არამედ თანამშრომლობა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებსაც, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებსა და ინტერესებს, ცდილობენ შეუხამონ ისინი ერთმანეთს და მსოფლიოს წინაშე წარდგნენ როგორც მშვიდობიანი, ინვესტიციებისა და საერთაშორისო პროექტებისთვის საინტერესო რეგიონი. 
 

დასკვნა
 

რომ შევაჯამოთ, მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მეზობელ სახელმწიფოებში, მთელ რეგიონსა და არსებულ ძალთა ბალანსში. ხსენებულ ცვლილებებს აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ დადებითი ასპექტები მაინც დომინირებს. საგულისხმოა ისიც, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ ექვემდებარება გარკვევასა და დაზუსტებას.

  
რაც შეეხება საქართველოს, მას მართებს იყოს არამხოლოდ ყურადღებიანი დამკვირვებელი, არამედ ეძებოს და გამოიყენოს შექმნილი მოცემულობით გამოწვეული ყველა შესაძლებლობა. შესაძლებლობები კი მართლაც დიდია: საქართველოს შეუძლია გახდეს გადასხვაფერებული კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ჩამოყალიბდეს იმ ფორუმად, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი მეწარმეები იპოვნიან ერთმანეთს. მეტიც, სასურველი იქნება საქართველო გახდეს იმგვარი პროექტების ინიციატორი, რომელიც არამხოლოდ ორმხრივ (საქართველო-აზერბაიჯანი, საქართველო-სომხეთი), არამედ სამხრივ (საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი) ფორმატებს გაითვალისწინებს. ომით დაღლილ რეგიონში, აღმშენებლობის და ეკონომიკური პროექტების განხორციელების დრო დგება და საქართველო მის ეპიცენტრში უნდა იყოს არამხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ შინაარსობრივადაც.  
 

ფოტო: https://www.shutterstock.com/

 

გააზიარე: