ადამიანის უფლებები ყველასთვის და ყველგან

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

2020 წლის 10 დეკემბერი. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. უკვე 72-ე წელია ამ დღეს აღვნიშნავთ და მსოფლიო საზოგადოება ვთანხმდებით ისეთი სამყაროს შექმნაზე, „რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე“ - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელიც გახლავთ მთავარი გარანტი კაცობრიობის ამ მაღალი მისწრაფების განხორციელებისა. დეკლარაციაში გაცხადებული უფლებები დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1948 წელს. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს მთელი მსოფლიო აღიარებს, თუმც მათი დაცვა კვლავაც რჩება ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად.  


„ჯანსაღ საზოგადოებაში ერთ ხმაზე მეტი უნდა ისმოდეს“ - ეს სიტყვები ჩინელ ექიმს, ლი ვენლიანგს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში ერთ-ერთმა პირველმა ამცნო ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე და რომლის შემდგომაც, საერთაშორისო მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მას „ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელება“ აუკრძალა და „წესრიგის დარღვევაზე" ხელწერილიც კი დააწერინა. ექიმი მოგვიანებით, 2020 წლის თებერვალში, კორონავირუსის დაავადებით გარდაიცვალა. 


„ლი ვენლიანგი ის ტრაგიკული მაგალითია, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორც ცდილობენ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ვითომ „სტაბილურობის“ შენარჩუნებას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების ჩახშობის გზით. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩინეთისთვის. [...] არავინ უნდა გახდეს დაშინებისა და სანქციების სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის არსებულ საშიშროებებზე საუბრობს და რაც შეიძლება მთავრობას არ აწყობდეს“, - ასე გამოეხმაურა Amnesty International-ი ექიმის გარდაცვალების ფაქტს. 


გამოხატვის თავისუფლება, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაცული ყოფილიყო, შეიძლება კოვიდ-19-ის ეპიდემიას გავრცელების ასეთი მასშტაბებისთვის არც მიეღწია?!


ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული საზოგადოების საქმე, მით უმეტეს, არჩევანი არ არის და იგი მსოფლიო საზოგადოების ვალდებულებაა, ექიმი ლი ვენლიანგის მაგალითი ნათლად ცხადყოფს. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს, თუ რაოდენ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობათა წარმართვის პროცესში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის საკითხის პრიორიტეტულობას. ვფიქრობ, ეს გახლავთ გაკვეთილი არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩინეთთან (და არა მხოლოდ) დამოკიდებულების კუთხით და იმის შესაფასებლად, თუ რატომ არის ბიზნეს ინტერესებზე უპირატესი ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის წარმართვა მსოფლიო ქვეყნების მიერ დღეს სულაც არ უნდა იყოს მიჩნეული როგორც მხოლოდ იდეალისტური სწრაფვა.


გასული საუკუნისგან განსხვავებით, 21-ე საუკუნის ციფრულ ეპოქაში ადამიანის უფლებების დაცვა განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. კოვიდ-19-ის პანდემიამ, როგორც არასდროს, დღეს ისე წარმოაჩინა განათლებისა და სამედიცინო სერვისების ყველასთვის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობა, რაც უწინარესად, სახელმწიფოთა მხრიდან ციფრული საჯარო მმართველობის სწრაფ განვითარებას მოითხოვს.


ამასთან, დემოკრატიულ სისტემებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა დღეს სულ უფრო მეტად დგას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების და ისეთი უხილავი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები. არსებული რეალობა ჩვენი ძირითადი უფლებების დაცვის უკვე მიღებული სტანდარტების გადახედვისკენ და მათი ეფექტიანად დაცვის ახალი ფორმების  ძიებისკენ გვიბიძგებს. მაგალითად, ახალი კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით ცხადყო იმ საფრთხის მნიშვნელობა აზრის თავისუფლებაზე, რაც უკავშირდება დეზინფორმაციას, ე.წ. ფეიკ ნიუსებს. Covid-19-თან დაკავშირებულმა ინფოდემიამ ნათლად წარმოაჩინა დეზინფორმაციის მექანიზმის ფართო ბუნება - რომ იგი არ უკავშირდება მხოლოდ ექსტრემისტული ან პოლიტიკური მიზნების მიღწევას ადამიანის თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანის უფლების შელახვით და მას არანაკლებ უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე. აღნიშნული კი, ვფიქრობ, საჭიროებს შესაბამის რეგულურებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ერთიან სამართლებრივ მიდგომებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით.


ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზით,  სულ უფრო აქტუალური ხდება ევროკავშირში, როგორც გაერთიანების შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, ასევე მისი საგარეო ურთიერთობების წარმართვის პროცესში. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯერ კიდევ 1 წლის წინ - პრეზიდენტის პოზიციაზე დამტკიცების დროს დაასახელა. შედეგმაც არ დააყოვნა. ნაციონალისტურ-პოპულისტური მოძრაობების გაძლიერების, „ბრექსითის“, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი ანტი-დასავლური პროპაგანდისა თუ დეზინფორმაციის ფონზე, ევროპულმა გაერთიანებამ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის მოტივით, პირველად ევროკავშირის ისტორიაში, 2021-2027 წლების საერთო ევროპული ბიუჯეტის ფარგლებში წევრი ქვეყნების დაფინანსების წინაპირობად მათ მიერ სწორედ ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხარისხი განსაზღვრა. უფრო მეტიც, წელს პირველად, ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიეღო ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის შეფასებითი დოკუმენტი მისი წევრი 27-ვე ქვეყნის მიმართ, რაც გათვალისწინებულ იქნება შემდგომში მათთან ურთიერთობებში. 


უფრო მეტიც, ევროკავშირმა ხმის მეტად ამაღლება ადამიანის უფლებების დასაცავად მსოფლიო მასშტაბითაც გადაწყვიტა. სწორედ აღნიშნულის დასტურია ის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ევროკავშირში მაგნიტსკის აქტის ანალოგის შექმნას და რომლის თაობაზეც ევროპელი ლიდერები რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ შეჯერდნენ. კერძოდ, უახლოეს პერიოდში, ევროპის კავშირში ძალაში შევა სანქციათა ახალი რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ გლობალურ დონეზე. 


მაგნიტსკის აქტი გულისხმობს აშშ-ში 2012 წელს - ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მიღებულ სანქციათა რეჟიმს ადამიანთა უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ. იგი ამერიკული კომპანიის - „Hermitage Capital Management”-ის აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს, რომელიც იძიებდა რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ სქემებს. მაგნიტსკი 2009 წელს გადასახადებზე თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს და მოგვიანებით, იგი საპყრობილეში გარდაიცვალა. ევროპული სასამართლოს განჩინების თანახმად, მაგნიტსკი არასაკმარისი სამედიცინო დახმარების გამო გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, სერგეი მაგნიტსკის დამქირავებელი ზემოაღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის, ბილი ბროუდერის აქტიური ლობიზმის შედეგად, აშშ-მა მიიღო სანქციათა რეჟიმი სახელწოდებით მაგნიტსკის აქტი, რომლის ფარგლებში სპეციალური სანქციები დაუწესა მაგნიტსკის გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირებს. 2016 წელს აქტი გაფართოვდა და შეზღუდვები შეეხო სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებსაც. შემდგომში, მაგნიტსკის აქტის ანალოგები კანადაში, ესტონეთში, ლიეტუვაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ლატვიაში მიიღეს. 


დღეს კი ევროკავშირს - მაგნიტსკის აქტის ანალოგის მიღებით, რომელიც ევროპულ გაერთიანებაში წოდებულია როგორც ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმი, აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ პირებს დაუწესოს სავიზო შეზღუდვები და შესაბამის ინდივიდებს/დაწესებულებებს გაუყინოს ფინანსური ანგარიშები ევროპის კავშირის მასშტაბით. სანქციების დაწესება გათვალისწინებულია როგორც სახელმწიფო წარმომადგენელ პირებსა და დაწესებულებებზე, ასევე არასახელმწიფო აქტორებზე. ამასთან, ინდივიდებსა თუ დაწესებულებებს ევროკავშირიდან აეკრძალებათ აღნიშნულ სანქციათა სიაში მყოფ ფიზიკურ/იურიდიულ პირთა დაფინანსება ნებისმიერი ფორმით. 


ე.წ. ევროპული მაგნიტსკის აქტით სანქციების დაწესება განიხილება იმ ინდივიდებზე/ორგანიზაციებზე, რომლებიც ევროკავშირის აზრით, პასუხიმგებელნი, ჩართულნი ან ასოცირებულნი არიან: „გენოციდის, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ან ბოროტად გამოყენების სხვა საქმეებში“. მათ შორის, იგულისხმება, მაგალითად, წამება, მონობა, სიკვდილით უკანონოდ დასჯა თუ დაპატიმრება. სანქციები  შეიძლება მიღებულ იქნეს, აგრეთვე, სხვა ტიპის ადამიანის უფლებათა დარღვევის ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, თუ მიიჩნევა, რომ იგი ფართოდ არის გავრცელებული, ატარებს სისტემურ ხასიათს და საფრთხეს უქმნის საერთო ევროპულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, მაგალითად, ევროკავშირის ხელშეკრულების 21-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთი უფლებების დარღვევას, როგირიცაა - სექსუალური ან გენდერული ნიშნით ძალადობა, მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების, სიტყვისა და გამოხატვის, რელიგიის თავისუფლების შელახვა და ა.შ.


აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამჟამად, მაგნიტსკის აქტის ევროპული ანალოგი, განსხვავებით აშშ-სა და კანადაში მიღებული მსგავსი სამართლებრივი აქტებისგან, არ მოიცავს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულთა სახეებს. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიესალმებიან ევროკავშირის მიერ ხსენებულ სანქციათა რეჟიმის მიღებას და ამავდროულად, ისინი ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ ევროპის კავშირს, რომ სანქციათა სისტემაში, დამატებით, ასევე გათვალისწინებულ იქნეს კორუფციასთან დაკავშირებული საკითხებიც. 


რაც შეეხება ე.წ. ევროპული მაგნიტსკის აქტის გავრცელების არეალს, ნიშანდობლივია აღვნიშნოთ, რომ სანქციათა ეს რეჟიმი, განსხვავებით ევროკავშირში ამჟამად არსებულ სანქციათა სხვა რეჟიმებისგან, არ შემოიფარგლება შეზღუდული გეოგრაფიული არეალით და იგი  ვრცელდება მსოფლიო დონეზე. შესაბამისად, ზემოაღწერილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ თუ მათში ჩართულ ფიზიკურ/იურდიულ პირთა წინააღმდეგ სანქციათა დაწესება მოცემული მექანიზმის ფარგლებში შესაძლებელია იმის მიუხედავად, თუ კონკრეტული ინდივიდების/დაწესებულებების მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენას სად ჰქონდა ადგილი -  უშუალოდ თავიანთ ქვეყნებში თუ სხვა სახელმწიფოებში.


სანქციათა ასეთი რეჟიმი, ვფიქრობ, იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ყველასთვის და ყველგან, როგორც თავად ევროპული გაერთიანების წევრი, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის, სამართლიანობის აღდგენისა და იმ დამნაშავეთა დასჯის საშუალება, რომლებიც მიჩნეულნი არიან ადამიანის უფლებების უხეშ და ფართომასშტაბიან დარღვევაში. 


„მათ ვინც, მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირს,  ვეტყვი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ქიმიური აგენტით არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ჩვენ ვიხილეთ მსგავსი სახასიათო ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში, ვიხილეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევა. ეს ქმედებები არ იცვლება და არანაირი გაზსადენი არ შეცვლის ამას", - აღნიშნულის თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა, ამა წლის 16 სექტემბერს, ევროპის პარლამენტში ევროკავშირის წლიური მდგომარეობის შეფასების დროს განაცხადა.


დიახ, საქართველოში ნამდვილად არ იცვლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა, რუსეთის ფედერაციას არ შეუწყვეტია და კვლავაც აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევას, მათ შორის, მათი ფიზიკური თუ მორალური ხელშეუხებლობის უფლების შელახვით, წამების გამოყენების გზით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების განადგურებით და ა.შ. მძიმე ეპიდემიოლოგიურ ფონზე, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვამ სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მიღების შესაძლებლობა წაართვა მოქალაქეებს, რამაც გამოიწვია მათი სიცოცხლის ხელყოფა და რაც ახლაც გრძელდება!


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია და მისი ქმედებები, ისევე როგორც სტატიის დასაწყისში აღწერილი ჩვენი თანამედროვეობის გმირის - ჩინელი ექიმი ლი ვენლიანგის ისტორია, ნათლად წარმოაჩენს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტად ეფექტური ზომების მიღება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან „ჩვენს პლანეტაზე მშვიდობა იმ დრომდე არ დამყარდება, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ნაწილში ადამიანის უფლებები ირღვევა.– რენე კასენი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანაავტორი, მშვიდობის განმტკიცებისთვის ნობელის პრემიის მფლობელი.
 

ლიკა ჭიპაშვილი, „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი,
2020 წლის 9 დეკემბერი, ქ. თბილისი

 

ფოტო: გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს შენობის ფრაგმენტი https://bit.ly/3n2cdU4 

გააზიარე: