საქართველო პოსტ-ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში

ავტორი:

ამ წერილში საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტი კითხვა იქნება, ვიდრე გაცემული პასუხი. სტატიის მიზანს კი, ცვალებადი მსოფლიო წესრიგის პირობებში,  ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობის დაწყება წარმოადგენს.
 

ჩვენ პოსტ-ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში ვცხოვრობთ. პოსტ-ლიბერალიზმი არ ნიშნავს ლიბერალურ ღირებულებებზე უარის თქმას, თუმცა ის ენერგია და ამბიციები, რაც ამ გლობალურ პროექტს ახასიათებდა აშშ-ის მეთაურობით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საგრძნობლად მცირდება. პოსტ-ლიბერალიზმი დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებს მოასწავებს. ამერიკა ვეღარ იქნება ისეთივე აქტიური დემოკრატიის და ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ეს ასევე ნიშნავს ვაშინგტონის ნაკლებ ჩართულეობას ევრაზიის სხვადასხვა წერტილებში.
 

ამის ბევრი გამომწვევი მიზეზია. პირველი ალბათ ისაა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი სრულდება, რაც ნიშნავს მსოფლიოში რამდენიმე ძლიერი გეოპოლიტიკური და გეო-ეკონომიკური პოლუსის შექმნას. ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და შედარებით მცირე ზომის და ამბიციების მქონე ირანი და თურქეთი - ამ სახელმწიფოების გარშემო მთელი რიგი ქვეყნები იკვრება, რომელიც მეტნაკლებად ერთი იდეის გარშემო არიან ორგანიზებულები. ეს არის ამერიკის მიერ ჩამოყალიბებული ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დასრულება, ლიბერალურ ღირებულებებზე უარის თქმა და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის შემოღება. მრავალპოლუსიანობა ავტომატურად ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასამარებას ნიშნავს, რადგან შეუძლებელია იყო ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მომხრე, ზღუდავდე შენს ამბიციებს გარკვეული რეგიონებით და არ ცდილობდე ლიბერალიზმის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. ლიბერალური წესრიგი ან ყველგანაა, ან არსად. ეს ერთგვარად რევოლუციური მოძრაობაა, რომლის ხოლუვნურად შეჩერება ვერ განხორციელდება. შესაბამისად, მსოფლიო ნელი ტემპებით პოსტ-ლიბერალურ ეპოქაში გადადის.
 

ამას ასევე უნდა დაემატოს ამერიკის მზარდი მეტოქეობა ჩინეთთან. მომდევნო წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო რესურსების დიდი ნაწილი ჩინეთთან წინააღმდეგობაზე იქნება ორიენტირებული. ეს ყველაფერი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამცირებს ვაშინგტონის მზადყოფნას ისეთივე აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში თუ მახლობელ აღმოსავლეთში, როგორც 2000-იან წლებში. ამიერიდან ამერიკის მთელი ყურადღება ინდოეთ-წყნარე ოკეანის რეგიონზე იქნება გადატანილი.
 

სად არის საქართველო?  
 

მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი ყველა ქვეყანას შეეხება. ზოგს მეტად გაუმართლებს, რადგან მათ მეგობრული და მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამა თუ იმ რეგიონის ძალასთან. სხვებს უკეთესი გეოგრაფიული პოზიცია გააჩნიათ, რადგან, მაგალითად, უშუალოდ ევროპის კონტინენტზე მდებარეობენ და მარტივად დარჩებიან დასავლური ინსტიტუტების ნაწილად. საქართველოს შემთხვევა კი ბევრად რთულია. ქვეყანა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ცდილობდა ინსტიტუციურ დონეზე დასავლეთთან დაახლოებას. ამ გზაზე ბევრი წარმატება იქნა მიღწეული იქნება ეს ე. შევარდნაძის თუ შემდგომი ქართული ხელისუფლებების დროს. 2000-იანი წლების მსოფლიოში გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი თბილისს უქმნიდა იმის ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ძალა სამხრეთ კავკასიაში აუცილებლად წარმატებას მიაღწევდა. მართლაც, ამერიკა ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს აშენებდა და დემოკრატიის გავრცელება მთელ ევრაზიაში, როგორც მაშინ მიიჩნეოდა, მხოლოდ დროის საკითხი უნდა ყოფილიყო.
 

საქართველოს რამდენიმე ათწლეული ჰქონდა ინსტიტუციურად დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო. ეს ვერ განხორციელდა და დღეს, როდესაც არალიბერალური ძალები მომძლავრდნენ და ფაქტობრივად აყალიბებენ მძლავრ ანტი-ლიბერალურ მოძრაობას, საქართველოს შანსები გაწევრიანდეს დასავლურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ინსტიტუტებში ბევრად ნაკლებია.
 

ახალი საგარეო პოლიტიკური ხედვის ძიებაში
 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად? მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო უარს აცხადებს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაზე - ნატო და ევროკავშირი დარჩება საგარეო პოლიტიკის ფოკუსად. თუმცა ამის გაკეთება მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკასთან პარალელურად შეიძლება უფრო მომგებიანი გამოდგეს ქვეყნისთვის. მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკა რეალიზმზე იქნება დაფუძნებული. ოფიციალური თბილისი ინტენსიური პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბებაზე იფიქრებს როგორც რეგიონის, ასევე ევრაზიის ყველა დიდ მოთამაშესთან. მართალია საქართველო აქამდე ცდილობდა მსგავსი პოლიტიკის გატარებას, პოსტ-ლიბერალურ მსოფლიოში ამის საჭიროება ბევრად მოიმატებს, ხოლო ურთიერთობების ინტენსივობა კი უფრო მაღალ დონეს მიაღწევს.
 

მულტივექტორული საგარეო პოლიტიკური კურსი ასევე შეიძლება განპირობებული იყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდით. ევრაზია ნელი ტემპებით გავლენის სფეროებად იყოფა. რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ნაწილობრივ მათზე მცირე რამდენიმე ძალა, ცდილობენ შექმნან ერთგვარი ექსკლუზიური სივრცეები, სადაც მათი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები წარმმართველ როლს შეასრულებს.
 

იმისათვის რომ საქართველო არ აღმოჩნდეს არასასურველი ძალის გავლენის სფეროში, ქვეყანამ აქტიურად უნდა გაატაროს მრავალპოლუსიანი საგარეო პოლიტიკა. ეს კი ნიშნავს ყველა მეზობელთან საუბარს და საკმაოდ ინტესიურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ დიალოგს. ეს ასევე ნიშნავს ჩინეთთან და ინდოეთთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას; თურქეთთან და აზერბაიჯანთან სამხედრო კონტაქტების გაძლიერებას და ა. შ.
 

ისევ ხელისშემშლელი გეოგრაფია 
 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალვექტორული პოლიტიკის იდეა დიდწილად იდეალისტურია, რაც კიდევ ერთხელ ასახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დილემას. დასავლეთზე ფიქსაცია ბევრი რამით არის მომგებიანი, მაგრამ ის ასევე იმ პირობებში, როდესაც ფორმალურ წევრობას ვერ ვაღწევთ, საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორია მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გასატარებლად. მაგალითისთვის, ირანთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერება შეიძლება საქართველო-დასავლეთის ურთიერთობების დაზიანება გამოიწვიოს. რუსეთის მიერ ქართული მიწების ფაქტობრივი ოკუპირება კი მოსკოვთან რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის წარმოების შესაძლებლობას სპობს. ეს ყველაფერი კი არ იქნებოდა იმდენად პრობლემური თუ საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრი ყოფილიყო. ის ბევრი მხრივ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის მსგავსი საგარეო პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა.
 

შესაბამისად, რეალობა საქართველოსთვის ბევრად რთულია. რადგან მსოფლიო წესრიგი სწრაფად იცვლება, საინტერესოა სად იქნება საქართველო? სავარაუდოა რომ პირობითი საზღვარი დასავლეთსა და ანტი-ლებარულურ სივრცეებს შორის შავ ზღვაზე გაივლის. საქართველო კი ზუსტად ამ საზღვარზეა, რაც მას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე სარგებელს მოუტანს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დასავლეთზე: იყო საქართველოსთვის მისი მხარდაჭერა მხოლოდ ლიბერალური ღირებულებების გავრცელების გამოხატულება, თუ დასავლეთის ინტერესების უკან ასევე გეოპოლიტიკური გათვლები იყო? თუ დასავლეთს საქართველოში გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ქვეყანა ლიბერალური დემოკრატიების ბანაკში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისტორიული შესაძლებლობა, რაც საქართველოს ჰქონდა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის არსებობისას ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისთვის, ხანგრძლივი პერიოდით დაიკარგება.
 

გააზიარე: