სამხრეთ კავკასია და ახალი იერარქიული წესრიგი

ავტორი:

ბოლო დროს საქართველოში ხშირად ისმის კითხვა იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ისევ იკვეთება ტენდენცია „ან დასავლეთთან, ან რუსეთთან“. რეალობა კი შესაძლოა უფრო მეტად ნიუანსური იყოს  ქვეყანა არც დასავლეთთან, არც რუსეთთან იქნება. ჩვენ, შესაძლოა, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბების მცდელობების მომსწრენი ვიყოთ. ამის გამომწვევი მიზეზი კი მრავალია და მოიცავს პრობლემებს როგორც ევროკავშირში, ზოგადად ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით. ამ ცვლილებების პარალელურად, ახალი წესრიგი ისახება სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც საქართველოს როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება დიდი მეზობელი ქვეყნებისთვის.
 

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში განვლო პერიოდი, რომელიც ხშირად ომებითა და შიდა აშლილობით  იყო დახასიათებული. ბევრისთვის ამაზე მძიმე სურათის წარმოდგენა შეუძლებელია. ქვეყანა დღეს დამოუკიდებელია, ინსტიტუტები ბევრად უკეთესად გამოიყურება ვიდრე ეს 1990-იანი წლების დასაწყისში იყო. პოლიტიკური კულტურა, მიუხედავად უამრავი ფუნდამენტური ნაკლისა, მაინც ვითარდება. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანაში 1990-იანი წლების მსგავსი შიდა აშლილობა განმეორდეს.
 

მაგრამ საქართველო წინ ხარისხობრივად უფრო დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს დამოუკიდებლიბის აღდგენის შემდეგ იყო. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ფიქსაცია დასავლეთზე ბევრი სიკეთის მომტანი იყო, თუმცა მას დღეს აღარ მოაქვს ის მთავარი, რისკენაც საქართველო ათეული წლების განმავლობაში მიისწრაფოდა  წინა გადადებებთან შედარებით, ამჯერად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უფრო ხანგრძლივი დროით გადაიწია. ეს კი, ბუნებრივია საქართველოს გამოსავლის ძიების საჭიროების წინაშე აყენებს. 
 

ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში ვივარაუდე, რომ გამოსავალი შეიძლება მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური კურსის შემოღება იყოს. ეს ნიშნავს ურთიერთობების გაძლიერებას ევრაზიის მსხვილ მოთამაშეებთან, რაც საქართველოს მეტად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება ისევ დარჩება ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკური მიზანი, მაგრამ ეს მისწრაფება აღარ იქნება არარეალისტური მოლოდინებით გაბერილი. რეალისტური მიდგომა კი საქართველოსთვის მეტ საგარეო პოლიტიკურ სივრცეს შექმნის. მანევრირება ბევრად მარტივი გახდება რუსეთ-დასავლეთის მეტოქეობის დისკურსიდან თავის დაღწევით. მსოფლიო სწრაფი ნაბიჯებით მრავალპოლუსიანი სისტემისკენ მიისწრაფის. საქართველოს ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას რეგიონში მიმდინარე მოვლენების უფრო ფართო შეფასებისთვის. მეტიც, მრავალპოლუსიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს მსგავს პატარა და ევრაზიის შუაგულში მდებარე ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები.
 

თუ 1990-იან წლებში საქართველო მძიმე შიდა აშლილობის ფაზაში იმყოფებოდა, საგარეო პოლიტიკური თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ქვეყნისთვის პოზიტიურად ვითარდებოდა. რუსეთის გავლენა მცირდებოდა, ხოლო დასავლეთი მეტად მძლავრი იყო. ბიპოლარული მსოფლიო წესრიგიდან  მსოფლიო ამერიკის ცალმხრივ დომინირების ფაზაში იყო გადასული. პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა სურდა, ყოველივე ეს სასარგებლო გეოპოლიტიკურ გარემოს ქმნიდა. შესაბამისად, საქართველოს წინაშე ხანგრძლივი სტრატეგიული ფანჯარა გაიხსნა, რომელიც 2020-იანი წლებისთვის ქვეყანამ და მისმა დასავლურმა პარტნიორებმა სათანადოდ ვერ გამოიყენეს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხერხდა. დიდი ალბათობით, შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული.
 

დღეს ვითარება სხვაგვარია. ლიბერალური მსოფლიო წესრიგი გამოწვევების წინაშე დგას. პრობლემები როგორც საკუთრივ სისტემის შიგნითაა, ასევე გარედან წამოსული წინააღმდეგობის გამო, რაც უპირველეს ყოვლისა ჩინეთის აღზევებით და სხვა ევრაზიული ქვეყნების (რუსეთის, ირანის) ანტი-დასავლური ქმედებებით არის გამოწვეული. 
 

ახალ ვითარებაში, როდესაც ახლო მომავალში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის და ნატოს, ქვეყანას განსხვავებული ხედვის ძიება ესაჭიროება. თუმცა, როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ, საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება რთულდება. პირველი, რეგიონში ისევ ჩნდება გავლენის სფეროების ჩამოყალიბების იდეა. მეორე, ძალთა ბალანსის კონცეფცია სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს საგარეო პოლიტიკის მექანიზმებს შორის. ამ ორი იდეის ხელახლა აღმოცენება კი ლიბერალური წესრიგის დასრულებას მოასწავებს და ამასთან ერთად საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციის მეტად დამძიმებასაც.
 

როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი და რა ადგილს დაიკავებს მასში სამხრეთ კავკასია? მსოფლიო ორი დიდი და რამდენიმე მცირე ზომის ცენტრისგან იქნება შემდგარი. აშშ და ჩინეთი ორი მოწინავე მოთამაშე იქნება. ორივეს გარშემო მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნების მთელი რიგი შეიკვრება. ცოტა ხნის წინ დადებული ავსტრალია-დიდი ბრიტანეთი-აშშ-ის სამხრივი სამოკავშირეო ხელშეკრულება (AUKUS) ვაშინგტონის მიერ ერთ-ერთი ნაბიჯთაგანია მჭიდროდ შეკრული სამოკავშირეო წრის შექმნის გზაზე. მართალია ჩინეთის ხედვა ოფიციალური კავშირის შექმნასთან დაკავშირებით განსხვავებულია, პეკინი შეეცდება თავის გარშემო ანტი-ლიბერალურად განწყობილი ქვეყნების გაერთიანებას. ამ გაერთიანების წევრები „ვესტფალიურ“ პრინციპებზე აგებული ურთიერთობების მომხრე ქვეყნები იქნებიან. ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობა ის იდეებია, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილ წესრიგს საფუძვლად ჩაეყრება.


ჩინეთის და ამერიკის გარდა, რუსეთი, ინდოეთი, თურქეთი და ირანი თავის სამეზობლოებში მცირე ზომის ექსკლუზიური გეოპოლიტიკური ზონების აგებას შეეცდებიან. მაგრამ მათი მცდელობები დიდწილად ვაშინგტონის ან პეკინის ინტერესებთან იქნება მიბმული. შესაბამისად, მომავალი მსოფლიო წესრიგი მეტად ქაოტური იქნება. ის ასევე იერარქიული იქნება, სადაც ჩინეთი და ამერიკა წარმმართველ როლს შეასრულებენ, ხოლო სხვები კი მცირე გავლენის მქონე მოთამაშეებათ ჩამოყალიბდებიან.
 

სამხრეთ კავკასია ამ გლობალური ცვლილებების ცენტრში იქნება, რადგან რეგიონს ევრაზიის კონტინენტზე სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე  რუსეთი, ირანი და თურქეთი  ესაზღვრება. სამივეს ამოძრავებს მეტ-ნეკლებად იდენტური საგარეო პოლიტიკური მიზნები. ეს არის სამხრეთ კავკასიიდან არარეგეიონის ძალების გათიშვა  მაგალითად, კოლექტიური დასავლეთი მინიმალურად ან სრულად უნდა იყოს გამოთიშული რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან. თუ რამდენად ნეგატიურ როლს შეასრულებს ეს საქართველოზე ამაზე საუბარი ქვემოთ იქნება.
 

შესაბამისად, მსოფლიოში ახალი წესრიგის აღმოცენება სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას მოასწავებს. მსგავსად იერარქიული მსოფლიო სისტემისა, სამხრეთ კავკასიაშიც მსგავსი წყობა შეიქმნება. რუსეთი წარმმართველი ძალა იქნება. მოსკოვში კარგად ესმით, რომ ექსკლუზიური წესრიგის შექმნა შეუძლებელია. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიერ სამხრეთ კავკასიაზე გავრცელებული სრული კონტროლის დამყარება დღევანდელ რუსეთს არ შეუძლია. ამისთვის შესაბამისი რესურსებია საჭირო, რაც ეკონომიკურად სუსტ რუსეთს ამჟამად არ გააჩნია. ამასთან ერთად საჭიროა გეოპოლიტიკური პრესტიჟი, რასაც რუსეთი ნელ-ნელა კარგავს, რაც გამოიხატება სამხრეთ კავკასიაში კრემლის პოლიტიკაში სამხედრო ელემენტის სიჭარბეში. რეგიონში გავლენის შენარჩუნება სულ უფრო მეტად სამხედრო ბაზების შექმნით ხორციელდება, რისი ნათელი მაგალითი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგებაა.
 

ამიტომაც, სამხრეთ კავკასიაში რუსეთი უფრო იერარქიული წესრიგის ჩამოყალიბებას შეეცდება. ეს წესრიგი თურქეთთან და ირანთან მჭიდრო თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული. მოსკოვის ჰეგემონობა აღიარებული იქნება ანკარას და თეირანის მიერ. თუმცა ეს არ გამორიცხავს უთანხმოებებს ამ სამ ძალას შორის, ან მკვეთრ დიპლომატიურ და ეკონომიკურ კონკურენციას. ახალ იარარქიულ წესრიგში აქტიური იქნება ჰეგემონის ჩანაცვლების მცდელობებიც. ამ მხრივ თვალშისაცემი იქნება თურქეთის მოქმედებები, რომელიც შეეცდება რუსეთის გავლენა შეაკავოს/შეამციროს  აზერბაიჯანსა და საქართველოში გავლენის გაზრდით. ანკარა ასევე შეეცდება ერევანთან ურთიერთობების დალაგებას, რაც ავტომატურად რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ამით სომხეთის როგორც ეკონომიკური, ასევე ინფრასტრუქტურული  დამოკიდებულება შემცირდება.
 

საქართველო, როგორც კავკასიის ცენტრი ახალ წესრიგში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რუსეთი, თურქეთი და ირანი შეეცდებიან საქართველოს თავის სამშვიდობო და უსაფრთხოების ინიციატივებში შეთრევას. მათ ესმით, რომ საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში ვერანაირი წარმატებული 3+3 პლატფორმა ვერ განხორციელდება. ამიტომაც, მოსალოდნელია ზეწოლა საქართველოზე, იქნება ეს დიპლომატიურად თუ სხვა ხერხებით.
 

3+3 პლატფორმაში მონაწილეობით საქართველოს მრავალი გეოპოლიტიკური საფრთხე შეექმნება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის დამყარებით რეგიონში კოლექტიური დასავლეთის გავლენა მნიშვნელოვანად შემცირდება. ეს კი საქართველოს დასავლეთისგან დააშორებს, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მტკივნეული იქნება. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზეც, როდესაც ანტი-ლიბერალური ტენდენციები მეტად გაძლიერდება.
 

იმისთვის რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდეს შექმნილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს საჭიროა შეკრული პოლიტიკური კლასის ყოლა, რომელიც ნაკლებად იქნება რადიკალური და მეტად ორიენტირებული ეროვნული ენერგიის მიმართვაზე კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სომხეთის გამოკლებით, სამეზობლოში არსადაა იმდენად გახლეჩილი პოლიტიკური კლასი, როგორც ეს საქართველოშია. ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს დებულებას, რომ საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური წარმატებების მიღწევა მეტწილად დამოკიდებულია შიდა პრობლემების მოგვარებაზე.
 

გააზიარე: