გიორგი აბაშიშვილი - სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად, არსებულ მოცემულობაში, ოპერატიული მოქმედებების დროა

ავტორი:

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში, ცენტრალური აზიის და მიმდებარე რეგიონების ქვეყნები ევროპის მიმართულებით საექსპორტო ტვირთებისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ. ერთ-ერთი აქტუალური მიმართულება საქართველოს სატრანზიტო დერეფნებია. „კომერსანტი“ დაინტერესდა, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. თუმცა, მთავრობებს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაციას მესამე ქვეყანა, ყაზახეთი ავრცელებს. ირკვევა, რომ  საექსპორტო ტვირთები ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე გადამისამართდება. ამ მიმართულებით შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან, რომლის საფუძველზეც ერთობლივი საწარმო შეიქმნება. მისი ამოცანა ამ მარშრუტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება.


ის, რაზეც არ საუბრობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, „ჯეოქეისის“ მკვლევარ გიორგი აბაშიშვილს. მას მაღალი რანგის სპეციალური შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, უხერხულია, როდესაც სხვა ქვეყნები საქართველოსთან შეთანხმებაზე აქტიურად საუბრობენ და ამ დროს კი ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ეკონომისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი დგება, რა დროსაც საქართველოს ეძლევა შანსი, ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
 

„არსებულ ვითარებაში, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის სპეციალურ მოქმედებებს ვერ ვხედავთ. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ისე იქცევა, თითქოს ჩვენს გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს სიტუაცია ქვეყანაზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს. სახელმწიფოსგან უნდა ველოდებოდეთ მეტ ინფორმაციას, თუ როგორ ვიქცევით არსებულ ვითარებაში. გასაგებია სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, რისკების უფრო მეტი ანალიზი გვჭირდება. მე ვხედავ ეროვნული ბანკის მოქმედებებს და გეგმას, მაგრამ სხვა მიმართულებით მიჭირს დავინახო ოფიციალური სტრუქტურების  გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის ტრანზიტი არის მთავარი საკითხი არა მარტო იმიტომ, რომ ახლა ეს ვითარება შეიქმნა, არამედ იმიტომ, რომ ტრანზიტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.


ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, როგორც არამარტო სატრანზიტო ქვეყანაზე, არამედ იმაზე, რომ ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, რათა მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას და დარჩეს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ახლა ზუსტად ეს შესაძლებლობაა. ჩვენ, ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს ვთავაზობთ დანარჩენ მსოფლიოს იმისთვის, რომ მთელ რიგ შემთხვევებში არ იყოს სხვადასხვა ტიპის შეფერხებები. ცალსახად თუ აქ რაიმე კითხვის ნიშანი დგას სანქცირებულ კომპანიებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავემიჯნოთ. მაგრამ, ახლა არის ის დრო, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე უნდა ვსაუბრობდეთ. როდესაც მათაც არ ექნებათ არაფერზე კითხვის ნიშანი, ეს ჩვენ გაგვიადვილებს უფრო მეტად დავტვირთოთ ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.


ამ საკითხებზე ჩემი აზრით, გენერალური ხედვაა ჩამოსაყალიბებელი, შემდეგ ოპერატიული მოქმედებები უნდა დაიწყოს. ბევრი მსჯელობის დრო არ იქნება. ამავე დროს უხერხულია, რომ საქართველოსთან შეთანხმებაზე სხვა ქვეყნები საუბრობენ, ჩვენ კი ეს ინფორმაცია არ გვაქვს. უხერხულია მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან. ამან შეიძლება საერთაშორისო დონეზე უსაფუძვლო კითხვები გააჩინოს. სინამდვილეში ჩვენი სურვილები შეიძლება ძალიან კეთილი იყოს, სანქცირებულ კომპანიებთან არ ვურთიერთობდეთ, მაგრამ  როდესაც ინფორმაცია მესამე ქვეყნით ვრცელდება, შეიძლება კითხვები გაჩნდეს, რომელზეც თავის მართლება მოგვიწიოს. რატომ? როცა შეიძლება გვქონდეს მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე. საქართველოს ეკონომიკამ უნდა მიიღოს მაქსიმუმი ყველა შესაძლებლობიდან“, - განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.


ცნობისთვის, ყაზახეთის შემდეგ უზბეკეთი და თურქმენეთიც მუშაობენ ტრადიციული საექსპორტო დერეფნების აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის მიმართულებით ჩანაცვლებაზე. ამავე მიმართულებაზე გადმოერთო ავღანეთიც.

გააზიარე: