ემილ ავდალიანი - აზერბაიჯან-სომხეთს შორის ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში, ეს არამდგრადობა რეგიონში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევია

ავტორი:

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს და „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

 

- ბატონო ემილ, ფაქტია, რომ 2022 წლის უმთავრესი ამბავი 24 თებერვლს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ამ აგრესიის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებებია.
 

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საინტერესოა, როგორი შედეგებით დასრულდა 2022 წელი ჩვენი, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. თქვენი დაკვირვებით რა გავლენა მოახდინა უკრაინაში მიმდინარე ომმა სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე?
 

- საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. ომი უკრაინაში, ისევე როგორც ზოგადად რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება ფართო შავი ზღვისპირეთისთვის ბრძოლის გამძაფრებას ნიშნავს. უკრაინაში ომი რუსეთის მცდელობაა ბუფერული ზონები შეიქმნას თავისი საზღვრების დასავლეთით.
 

ისტორიული რაკურსიდან დანახული ეს რუსული ქმედებები საერთოდაც არაა მოულოდნელი. რუსეთი ყოველთვის ახორციელებდა დარტყმებს თავისი საზღვრების გასწვრივ მდებარე სივრცეებზე თუ გრძნობდა, რომ ამ ტერიტორიებზე გავლენა ხელიდან ეცლებოდა. ისევე როგორც რომანოვები XVIII-XIX საუკუნეებში, მოგვიანებით კი საბჭოთა მესვეურები, თანამედროვე რუსი მმართველებიც მსგავსი უხეში, მაგრამ მარტივი ლოგიკით ოპერირებენ.
 

რუსული ხედვა თავის სამეზობლოზე მარტივი ლოგიკიდან მომდინარეობს: არ უნდა დაუშვან არარეგიონული ძალები შავ ზღვაში, სამხრეთ კავკასიასა თუ ცენტრალურ აზიაში. რომანოვების და საბჭოთა კავშირის დროს რუსებს ამ სივრცეების ექსკლუზიურად გაკონტროლება შეეძლოთ. ამისთვის მათ სამხედრო და მეტნაკლებად ეკონომიკური პოტენციალიც გააჩნდათ.
 

მეტიც, ბევრისთვის რუსეთი მიმზიდველი იყო. ევრაზიის შუაგულისთვის, საქართველო ნაწილობრივ ამ შუაგულში მდებარეობს, გეოგრაფიული დისტანციების გამო, რუსეთი ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა ევროპასთან დასაკავშირებლად.
 

დღეს რუსეთს ამ რეგიონების ექსკლუზიური მართვის შესაძლებლობა არ გააჩნია. ეს კარგად ესმით მოსკოვში. ზუსტად ამიტომაც, ის რეგიონში არსებულ სხვა, ასევე ამბიციურ ძალებთან ერთად ცდილობს ახალი წესრიგის აგებას. სამხრეთ კავკასიაში ასეთი ძალებია თურქეთი და ირანი, კასპიის ზღვაში – ირანი, ხოლო ცენტრალურ აზიაში კი ჩინეთი.
 

ამით რუსეთი რეგიონალიზმის პრინციპს იშველიებს, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სივრცე და ჩვენს შემთხვევაში ეს სამხრეთ კავკასიაა, უნდა იმართებოდეს მეზობელი დიდი სახელმწიფოების მიერ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ არარეგიონული ძალები, იქნება ეს აშშ თუ ევროკავშირი მაქსიმალურად გარიყულები უნდა იყვნენ.
 

დღეს, საქართველო გარშემორტყმულია ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური გეოპოლიტიკური კრიზისით. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე გადადის. რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება ღია ორთაბრძოლაში ტრანსფორმირდა, რომლის ხანგრძლივობა, დიდი ალბათობით, მინიმუმ, რამდენიმე წელს გაგრძელდება.
 

თურქეთი დაკავებულია შიდა პრობლემებით და რეგიონში საკუთარი პოზიციით გადაფასებით, ხოლო ირანში კი არასტაბილური შიდა პოლიტიკური ვითარება.
 

საქართველოსთვის ამ კრიზისების კასკადი დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გამოწვევებთან ერთად ბევრი შესაძლებლობაც არის. ჩვენი ყველა მეზობელი დაკავებულია მოკლე და გრძელვადიანი პრობლემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინაშე რამდენიმე წელიწადზე, თუ არა ათწლეულზე, გაწელილი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება საგარეო პოლიტიკაში მეტი მანევრირებისთვის. სხვა სიტყვებით, დღეს, რეგიონში საქართველო ყველას სჭირდება.
 

ასე, მაგალითად, აღსანიშნავია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მოლაპარაკებებში თბილისის ინტენსიური ჩართულობა. ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენი იყო 2022 წლამდე. მეორე მნიშვნელოვანი მაგალითია კოლექტიური დასავლეთის მზარდი დაინტერესება საქართველოთი – ეს უკანასკნელი ევროკავშირისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ერთადერთი ხიდი კასპიამდე და ცენტრალურ აზიამდე.
 

დღეს, გეოპოლიტიკურად, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს უპირატესობა არ იქნება პერმანენტული ხასიათის, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური შესაძლებლობების სწორ გააზრებას და ეფექტიან გამოყენებას საჭიროებს.
 

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები პერმანენტულად იძაბება. მესმის რომ ეს საერთოდ ცალკე თემაა, მაგრამ მაინც მინდა შევეხოთ აზერბაიჯან- სომხეთის თემას.


გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანელებმა სტეფანაკეტთის გზა გადაკეტეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ რუს მშვიდობისმყოფელებს.
 

ამის პარალელურად სომხებმა მოახდინეს ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ბლოკირება და რუსი სამხედროებისთვის შეურაცყოფის მიყენება. რუსული მედია ავრცელებდა ცნობას, რომ ორივე შემთხვევაში აქტიურობდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი ნაციონალისტები.
 

სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს 2023 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები?
 

- ბაქოს მზარდი წარმატებები მთიან ყარაბაღში არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნებას, არამედ სომხეთთან ძალზე მომგებიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
 

თუმცა ისეთი პროცესები, როგორებიცაა პოტენციური საშინაო პოლიტიკური არეულობა, ან რუსეთის მხრიდან მკაფიო პოზიციის არარსებობა, არ აძლევს ერევანს სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას.
 

უკრაინაში წარუმატებელი ომის ფონზე, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში დიდი წნეხის ქვეშ მოექცა როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან. მაგალითად, პუტინი ერევანში შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, როდესაც ფაშინიანმა უარი თქვა „კუხო“-ს წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაზე ხელი მოეწერა.
 

ამასთან ერთად, ბაქომ გააძლიერა საინფორმაციო კამპანია რუსეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ რუსი სამშვიდობოები სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ მანდატს. ბაქოში ბევრი ასევე ეჭვობს, რომ რუბენ ვარდანიანის, სომხური წარმომავლობის რუსი მილიარდერის ყარაბაღში მინისტრად დანიშვნა აშკარა სიგნალია იმისა, რომ მოსკოვი თანდათან გადადის ყარაბაღელი სომხების მხარდასაჭერად.
 

მოსკოვის კიდევ ერთი დილემა უკავშირდება დასავლეთის მცდელობებს, დააჩრდილოს რუსეთის წამყვანი პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში. რუსმა პოლიტიკოსებმა ორი ცალკეული სამშვიდობო მოლაპარაკებისა და სამშვიდობო ინიციატივის არსებობაზე ლაპარაკობენ.
 

ერთია დასავლური ვარიანტი, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, რაც ერევნის მიერ მთიან ყარაბაღზე ბაქოს კონტროლის აღიარებას ნიშნავს.
 

კრემლი სენსიტიურად უდგება ნებისმიერ ასეთ ინიციატივას და გავრცელებული ინფორმაციით აქვს საკუთარი განსხვავებული სამშვიდობო პროექტი. ეს უკანასკნელი გულისხმობს რუსი სამშვიდობო ძალების პერმანენტულ განლაგებას მთიან ყარაბაღში, რასაც მხარს უჭერს ერევანი, მაგრამ ეწინააღმდეგება ბაქო.
 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაძაბულობა ასევე უფრო ფართო პერსპექტივიდან უნდა განიხილებოდეს. რასაც სამხრეთ კავკასიაში ვადევნებთ თვალს არის ის, რომ რუსეთს აქვს დიდი ამბიციები, მაგრამ მკვეთრად შემცირებული რეალური ძალა თავისი პოზიციის გასამყარებლად.
 

მეტიც, რუსული „მშვიდობით“ სულ უფრო ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთრივ სომხეთი და აზერბაიჯანიც. ყველას სურს არსებული ვითარების შეცვლა, რაც არასახარბიელო გეოპოლიტიკურ ვითარებას ქმნის – რეგიონი რჩება ომების, დაძაბულობისა და წარუმატებელი სამშვიდობო ინიციატივების სივრცედ.
 

კოლექტიურმა დასავლეთმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ რეგიონში მთავარ მოთამაშედ დარჩეს. ევროკავშირს აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა და უფრო მეტად პოზიტიური დიპლომატიური ბექგრაუნდი. რეგიონული სახელმწიფოები ასევე მზად არიან მიიღონ დასავლეთის უფრო ფართო ჩართულობა. ეს მათ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს.
 

ამდენად, ძნელია პროგნოზირება, როგორი იქნება 2023 წელი აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში. სულ რამდენიმე კვირის წინ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას წლის ბოლომდე მოეწერებოდა ხელი. ეს იმედები ლაჩინის დერეფნის ბლოკადამ და შედეგად წამოსულმა პოლიტიკურმა ურთიერთბრალდებებმა დაამსხვრია.
 

აზერბაიჯან-სომხეთს შორის ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში. ეს არამდგრადობა რეგიონში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევია.
 

- რაც მეტად ცდილობს ევროპა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, მით მეტად ვადევნებთ თვალს ევროკავშირის მზარდ ინტერესს სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი. მხედველობაში მაქვს ის პროექტები, რომლებზეც ბრიუსელში, ბაქოში, თბილისში და რიგ ევროპელ დედაქალაქებში საუბრობენ.
 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესრულების საკითხებში საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს, თბილისშიც და ბრიუსელშიც კარგად ესმით, რომ დაუშვებელია საქართველომ კიდევ ერთხელ ხელიდან გაუშვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიუღებლობა.
 

უკრაინაში მიმდინარე ომისა და საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით როგორ გესახებათ 2023 წელს თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობები?
 

- ურთიერთობები რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის იმდენად ჩიხშია შესული, რომ მათ გამოსწორებას მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ. მთავარი კი ისაა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ კოლექტიურ დასავლეთს საკუთარი როლი გადააფასებინა. ტრანს-ატლანტიკური ერთობა უფრო მყარი გახდა, ხოლო სურვილი ევროკავშირის და ნატოს აღმოსავლური მიმართულების დაცვისა კი გაიზარდა.
 

მეტიც, ნატოსა და ევროკავშირში მკაფიოდ დაინახეს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა. მსოფლიოში რთულად მოიძებნება შავი ზღვის რეგიონზე გეოპოლიტიკურად უფრო დინამიკური გეოგრაფიული არეალი. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ამ რეგიონის მოსაზღვრე ქვეყნებს მრავალი სამოქალაქო და საგარეო ომის გადატანა მოუხდათ.


მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულები არიან. სომხეთ-აზერბაიჯანის რამდენიმე ფაზიანი კონფლიქტი კი შავ ზღვას პირდაპირ კასპიასთან აკავშირებს. მეტიც, შავ ზღვაზე გადის მსოფლიო ნავთობის და ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილი. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უგულებელყოფა დასავლეთისთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
 

ამიტომაც, ვიტყოდი, რომ საქართველოს წინაშე დასავლეთის მიმართულებით კარგი პერსპექტივა ჩნდება. გრძელვადიანი ტრენდი ცალსახაა – შავი ზღვა დღევანდელი გეოპოლიტიკის ეპიცენტრს წარმოადგენს. ეს გააზრება კარგად ჩანს იმ ნაშრომებში, რომელსაც დასავლური კვლევითი ორგანიზაციები აქვეყნებენ. მათში შავ ზღვაში გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის აუცილებლობაა წინ წაწეული.
 

ამ ყველაფრის ფონზე ბრიუსელი სულ უფრო აქტიურად უყურებს შავ ზღვას და სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონებს, სადაც რუსული გავლენა არ უნდა მოძლიერდეს. დღეს, საქართველო ევროკავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ევრაზიის შუაგულთან დასაკავშირებლად ერთადერთ ხიდს წარმოადგენს. ეს გეოპოლიტიკური კომპონენტი შეიძლება გადამწყვეტიც კი გამოდგეს თბილისსა და ბრიუსელს შორის დაახლოების კუთხით.
 

როგორი იდეალისტურიც არ უნდა იყოს ჩვენი ან ევროკავშირის მესვეურების ხედვები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, თუ არ არის მტკიცე გეოპოლიტიკური ბმა, ურთიერთობების წინა წაწევა ხშირად რთულდება.
 

- ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვნად მცირდება რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე.
 

შესაძლოა ეს ზოგადად ასეც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ომის ფონზე საქართველო ეკონომიკურად სულ მეტად ხდება დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე. თუმცა, არის კარგი ტენდენციებიც.
 

მხედველობაში მაქვს ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტის საკმაოდ კარგი ზრდის ტენდენციებიც.
 

თქვენ წინა ანალიზებში ხშირად ხაზს უსვამდით ერთ ტრენდს - რუსეთის გავლენის შემცირებას სამხრეთ კავკასიაში. ისევ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
 

- 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის შენარჩუნებას ფართო ევრაზიულ ჭრილში განიხილავს – დარჩეს მთავარი ძალა იმ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. კოლექტიურ დასავლეთთან მეტოქეობა, დიდი ძალის სტატუსის შენარჩუნების/აღდგენის სურვილი და, რაც მთავარია, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ სწრაფვა, ეს არის ის საგარეო პოლიტიკური ელემენტები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ ამბიციებს აყალიბებს.
 

თუმცა, მოსაზრება, რომ რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ურყევია და რომ რეგიონი ისევ მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ქვეშაა გადახედვას საჭიროებს. მიდგომა უფრო ნიუანსური უნდა იყოს.
 

საჭიროა რეგიონის უფრო გლობალურ ჭრილში განხილვა, რათა დავინახოთ როგორ ევოლუციას განიცდის მოსკოვის გავლენა და რა პერსპექტივები აქვს იმ გეოპოლიტიკურ წესრიგს, რომლის აშენებასაც კრემლი ცდილობს.
 

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობაში რუსეთისთვის გეოგრაფია კრიტიკულ როლს ასრულებს. კავკასიის ქედი წარმოადგენს ერთადერთ დიდ გეოგრაფიულ ბარიერს, რომელიც რუსებმა იმპერიის შენების გზაზე გადალახეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ სამხრეთით იმპერიული ექსპანსია წამოეწყო, მარტივად შეეძლო ჩაკეტილიყო კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთ კავკასია ბუფერულ ზონად გამოეყენებინა.
 

პრორუსულად განწყობილი ქართული და სომხური ქრისტიანული მონარქიების გაძლიერება/შექმნა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ბუფერულ ზონად გამოდგებოდა. თუმცა, შავი ზღვის სანაპიროებზე გაბატონების სურვილი და სამხრეთით სავაჭრო გზებზე გასვლის ამბიციები რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ექსპანსიისკენ უბიძგებდა.
 

დღეს, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დომინირებას უფრო ფართო ევრაზიულ ჭრილში განიხილავს. მიუხედავად ამისა, მოსკოვს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია რეგიონისადმი საგარეო პოლიტიკის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. დაწერილი სტრატეგიის არქონა, მრავალი თვალსაზრისით, საშუალებას აძლევს რუსეთს განავითაროს საკმაოდ მოქნილი საგარეო პოლიტიკა.
 

მოსკოვს შეუძლია ერთ შემთხვევაში მიმართოს სამხედრო ძალას, მეორეში კი დიპლომატიას, ან ეკონომიკურ სანქციებს. რუსეთის მიზნები საკმაოდ თანმიმდევრულია - სამხრეთ კავკასიაში ლიდერობის განმტკიცება და გარე აქტორების, ძირითადად, დასავლეთის განდევნაა.
 

რუსეთისთვის, სივრცეში, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს შეადგენდა, დომინირება აუცილებელი პირობაა მრავალპოლუსიან სამყაროში დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად პოზიციონირებისთვის. თუმცა ამის მიღწევა სულ უფრო რთულდება. რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ევოლუციას განიცდის და ხშირად ახალ რეალობასთან მისადაგება მეტად ურთულდება.
 

თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასია, ძირითადად, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილებოდა, დღეს, ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. რეგიონში ერთდროულად რამდენიმე ძალა არის ჩართული. აშშ, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ევროკავშირი და რუსეთი – ეს ძალები განსხვავდებიან სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით, მაგრამ 1990-იან წლებთან შედარებით ყველა მოთამაშე ბევრად აქტიურად არის ჩართული რეგიონის პროცესებში.
 

სამხრეთ კავკასია უფრო „გლობალური“ გახდა, იქნება ეს ეკონომიკური კავშირებით, ინფრასტრუქტურით თუ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობით სხვადასხვა გლობალურ მოთამაშესთან.
 

რუსეთს თავისი დაკნინებული პოზიციების დასაცავად სულ უფრო მეტად ესაჭიროება ხისტი პოლიტიკის გატარება. მართლაც, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სამხედრო ელემენტზე აქცენტის გაკეთება მკვეთრად გაიზარდა.
 

სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენს დიდ რეგიონს და მაინც მასზე კონტროლის დასამყარებლად მოსკოვს ოთხი სამხედრო ბაზის ყოლა ესაჭიროება. მსოფლიოში რთულად მოიძებნება რომელიმე სხვა ასეთი მაღალი სამხედრო კონცენტრირების მქონე პატარა გეოგრაფიული სივრცე.
 

რუსეთი არაორდინალურ ძალას წარმოადგენს. ის არ ჯდება არც დიდი ძალების (აშშ და ჩინეთი) კლასიფიკაციაში, ან ისეთი მოთამაშეების რიცხვში, როგორებიც არიან თურქეთი, ირანი ან ინდოეთი. რუსეთი არც ჩინეთისნაირად ძლიერია და არც ირანის მსგავსად სუსტი. ის უფრო ჰიბრიდული ტიპის ძალას წარმოადგენს და დაახლოებით შეიძლება დიდ ძალასა და რეგიონულ მოთამაშეს შორის კლასიფიცირდეს.
 

რუსეთის მთავარი უპირატესობა თავისი მეზობლების სამხედრო და ეკონომიკური სისუსტეა, ვიდრე საკუთარი რესურსების (დიდი ტერიტორია, ადამიანური და სამხედრო პოტენციალი) სიჭარბე. როგორც კი რუსეთი ამ ბალანსის დარღვევის მცდელობებს ხედავს, ის სამხედრო ძალას იყენებს. ასე მოხდა 2008-ში საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში.
 

მაგრამ მხოლოდ ეს სამხედრო და ეკონომიკური კომპონენტები არ კმარა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავისი ძალაუფლების გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება. საჭიროა პრესტიჟის ქონა.
 

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიმჩნევა მოსკოვისა და თეირანის დაახლოება. მეტიც, მას შემდეგ რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, 40 წელზე მეტია გასული, მაგრამ ახლა ირანი აქტიურად აწვდის თავის დრონებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
 

ფაქტია, რომ გააქტიურებულია რუსულ-ირანული ურთიერთობები. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან მმართველობის ფორმითა და შინაარსით, ეს ქვეყნების ერთმანეთს აშკარად ჰგვანან. თეირანმა დააანონსა რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის ვოლოდინის ვიზიტი თეირანში.
 

უკრაინის ომამდე გვახსოვს 3 + 3 ფორმულის ფარგლებში გვთავაზობდა კრემლი და ანკარა და თეირანი სამხრეთ კავკასიაში. უკრაინის ომის შემდეგ, ამაზე აღარავინ საუბრობს.
 

ირანის თემაზე საუბრისას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა „ირან-რუსეთის ურთიერთობა დღეს „დროებით ქორწინებას“ ჰგავს“.
 

ისეთი პირი უჩანს, რაც დღეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ხდება, სულ უფრო ნაკლებად ჰგავს „დროებით ქორწინებას“. სავარაუდოდ, რა როლს ასრულებს ირანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში?
 

- რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დათბობა ათწლეულების მანძილზე არსებული უნდობლობის შემდეგ ხდება. რუსეთის აგრესია უკრაინაში და, უპირველეს ყოვლისა, მისმა სამხედრო ჩავარდნებმა, ირანს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა გამოეყენებინა რუსეთის სისუსტეები და უბიძგა მოსკოვისთვის დათანხმებოდა უფრო დიდ ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას.
 

უკრაინის ომამდე რუსეთის მონაწილეობა ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დადებითად იყო შეფასებული ამერიკის და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ. რამდენჯერმე კრემლმა ირანზე ზეწოლაც კი მოახდინა, რომ თეირანის პოზიცია შერბილებულიყო.
 

მოსკოვის ხედვა საკმაოდ ნათელი იყო – კრემლში ეწინააღმდეგებოდნენ ბირთვული იარაღის გავრცელებას არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში. მეტიც, ირანი, რომელიც რეგიონში იემენიდან სირიამდე ფართო სამხედრო ქსელს აკონტროლებს, მარტივად შეძლებს ბირთვული ტექნოლოგიების დიდ გეოგრაფიულ არეალში გავრცელებას.
 

უკრაინაში ომს შესაძლოა შეცვალოს რუსეთის ყველა ეს გათვლა/შიშები და არსებობს მინიშნებები, რომ ეს უკვე ხდება. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, როდესაც აშკარა გახდა დასავლეთის გადაწყვეტილება, დაუპირისპირდეს რუსეთს, კრემლმა მიმართა შანტაჟს და იმუქრებოდა ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლით.

 

2022 წლის ივნისში, როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითხოვდა ირანის თანამშრომლობას გაეროსთან, რუსეთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მოსკოვი ასევე უმოქმედოდ იყო, როდესაც ირანმა თავის ბირთვულ ობიექტებზე ატომური სააგენტოს რამდენიმე კამერა გამორთო, რითაც გაართულა საერთაშორისო დამკვირვებელთა საქმიანობა.
 

რუსეთის შეცვლილი პოზიციის მიზეზები ნათელია. მისი უმთავრესი მიზანია უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება და ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით შეცვლილი პოზიციით ის ფაქტობრივად დასავლეთთან ვაჭრობას ცდილობს: თანამშრომლობა ბირთვულ მოლაპარაკებებში დასავლეთისგან უკრაინაში დათმობების სანაცვლოდ. ჯერჯერობით ევროკავშირი და ამერიკა წარმატებით უწევენ წინააღმდეგობას ამ გეოპოლიტიკური ვაჭრობის მცდელობებს.
 

ირან-რუსეთის ამ მზარდი დაახლოების ფონზე ორ ქვეყანას შორის გაურკვევლობა რჩება. ისლამური რესპუბლიკა ზოგადად სკეპტიკურად უყურებს რუსეთის სტრატეგიულ მიზნებსა და ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. მეტიც, ირანელები რუსეთს ხედავენ, როგორც იმპერიულ ძალას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ავიწროებდა მათ ქვეყანას.
 

თუმცა, ამ უნდობლობის ნარატივის მიუხედავად, გრძელვადიანი მოვლენები მოწმობს სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბების ზრდაზე. მაგალითად, ირანი და რუსეთი გეგმავენ ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას და კომერციული ოპერაციებისთვის რუსული „მირ“-ის სისტემის დანერგვას. ვაჭრობა, რომელიც 2021 წელს 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაძლოა 6 მილიარდ დოლარსაც მიაღწიოს.
 

რუსეთს ასევე აინტერესებს, თუ როგორ ახერხებდა ირანი ათწლეულების განმავლობაში მძიმე დასავლური სანქციების რეჟიმის პირობებში ცხოვრებას. ამის შესასწავლად 2022 წლის განმავლობაში ირანში მრავალი რუსი პოლიტიკოსი და ექსპერტი ჩადიოდა. იმართებოდა შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და საერთო ხედვების ჩამოყალიბება, მათ შორის ალტერნატიული სავაჭრო-ეკონომიკური დერეფნების შემუშავება. ასეთია ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზა, რომელმა აზერბაიჯანზე უნდა გაიაროს და ერთმანეთს უნდა დააკავშიროს რუსეთის და ირან-ინდოეთის პორტები.
 

ამ მიზნით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვსა და თეირანს შორის აქტიური დიპლომატიური აქტივობა მიმდინარეობს სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარების მიზნით. პუტინის 2022 წლის ივლისის ვიზიტი თეირანში სწორედ ამ თემებს ეხებოდა.
 

თუმცა რუსეთთან ურთიერთობებში ირანს მეტის მიღება უნდა. მისი საჰაერო ძალების ფლოტი ძირითადად საბჭოთა კავშირისგან ნაყიდი თვითმფრინავებისგან შედგება. თუ 2022 წლამდე რუსეთს არ სურდა ირანისთვის უახლესი Су-35 გამანადგურებლების მიწოდებას, დღეს ირანულ მედიაში მრავლად მოგვეპოვება მინიშნებები იმაზე, რომ მოსკოვმა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღნიშნული თანამედროვე ტექნოლოგია მიჰყიდოს თეირანს.
 

- მესმის რომ სამხრეთ კავკასია-თურქეთის თემა ცალკე საუბრის თემაა. მაგრამ, რადგან ირანის თემას შევეხეთ, თურქეთის თემას გვერდს ვერ აუვლით, მითუმეტეს, რომ გასული წლის ბოლო დღეებში მოსკოვში გაიმართა თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარისა და სირიის თავდაცვის მინისტრის ალი მაჰმუდ აბასის შეხვედრა.
 

გავრცელებული ცნობებით, ამ შეხვედრის პარალელურად გაიმართა თურქეთისა და სირიის დაზვერვის ხელმძღვანელების შეხვედრა. თურქული მედია წერს, რომ ანკარამ „სირიასთან მიმართებაში უნებლიე შეცდომა გამოასწორა და ამიერიდან სირიასთან ურთიერთობები მეტ-ნაკლებად ნორმალურად განვითარდება“.
 

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ კრემლი ცდილობს ანკარისა და დამასკის შერიგებას. მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ მოსკოვს ასეთი სურვილი მანამდე არ ჰქონია და მხოლოდ ახლა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე გაუჩნდა.
 

რატომ ცდილობს მოსკოვი ახლა თურქეთ-სირიის შერიგებას? თუ შეიძლება კითხვას ასე დავსვამდი - ხომ არ ელოდება რუსეთი ანკარისაგან უკრაინა-რუსეთის ომში პოზიციების ცვლილებას?
 

- ტრადიციული ანალიზის მიხედვით, თურქეთსა და რუსეთს შორის დაახლოება უფრო დროებითია, რადგან ისტორიული გამოცდილება (თორმეტი ომი) და თანამედროვე პერიოდში სირიაში, მთიან ყარაბაღსა თუ შავ ზღვაში არსებული განსხვავებები შეუძლებელს ხდის ამ ორი ქვეყნის გრძელვადიან დაახლოებას.
 

რეალობა კი ბევრად განსხვავებულია. ორივე ძალა დაინტერესებულია შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიიდან არარეგიონული ძალების გავლენის შემცირებით.
 

ანკარა და მოსკოვი დარჩებიან კონკურენტებად, მაგრამ მათ ისწავლეს რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძიება. მათ არ ესაჭიროებათ ერთმანეთთან ოფიციალური სამოკავშირეო ხელშეკრულებების დადება. პირიქით, ასეთი დოკუმენტები მათ უფრო ზღუდავს თავისუფალი მოქმედებისგან.
 

ასეთი თანამშრომლობიდან მომდინარე შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. თურქეთი ნატოში რჩება, მაგრამ ის ამას აბალანსებს რუსეთთან ურთიერთობებით. რუსეთთან დაახლოება, ან მოსკოვის ზედმეტი მოძლიერება კი დასავლეთთან არსებული მჭიდრო სამხედრო კონტაქტებით ნეიტრალდება.
 

ამ ორ ძალას კარგად გაცნობიერებული აქვს მეორე მხარის გადაულახავი წითელი ხაზების არსებობა. ორივე პატივს სცემს გავლენის სფეროების იდეას და თანხმდება იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია არის სივრცე, რომელიც რეგიონის პატარა სახელმწიფოებსა და მათ დიდ მეზობლებს შორის უნდა იმართებოდეს.
 

ორივეს სჯერა ერთგვარი იერარქიული წესწყობილებისა, სადაც დიდ ძალებს მეტი გავლენა და უფლება ექნება, ვიდრე მცირე მოთამაშეებს. ამით კი ანკარა და მოსკოვი ლიბერალურ წესრიგზე უარს ამბობენ და უფრო ქაოსური საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მომხრე არიან.
 

ამით რუსულ-თურქული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიისადმი ირანის დამოკიდებულებას ჰგავს. ისლამურ რესპუბლიკასაც სურს ეს სივრცე დასავლური სამხედრო და პოლიტიკური გავლენისთვის ჩაიკეტოს.
 

დღეს, რეგიონალიზმი თეირანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ისევე, როგორც თურქეთ-რუსეთის შემთხვევაში, ნარატივი, რომ ირანი და თურქეთი, ან ირანი და რუსეთი ისტორიული მტრები არიან და, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნებიან ერთად, მცდარ ანალიზს ეფუძნება. რუსეთი ირანისთვის სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის არგავრცელების ერთადერთ გარანტს წარმოადგენს.
 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია იმის წარმოდგენა, რომ თურქეთმა მკვეთრად გაიფუჭოს ურთიერთობები რუსეთთან ან უკრაინასთან. ანკარა ამ ომის ფონზე უფრო მეტ სარგებელს იღებს, რადგან ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება როგორც მოსკოვისთვის, ასევე კიევისთვის. კოლექტიური დასავლეთის თვალშიც თურქეთის რეგიონული მნიშვნელობა მკვეთრად მომატებულია.
 

- უკრაინაში მიმდინარე ომის, მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებებისა და იმ მოვლენების ფონზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუნდაც რეგიონული თვალსაზრისით, სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს საგარეო პოლიტიკა?
 

სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, თუ მას სურს რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ნატოს არა მხოლოდ საიმედო პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში, არამედ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი?
 

- როგორც უკვე ვახსენე, უკრაინაში ომმა საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა გაზარდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია, ევრაზიაში სავაჭრო გზებზე მიმდინარე ცვლილებები. „შუა დერეფნისთვის“ რომელიც თურქეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე გადის, დღეს, საკმაოდ სახარბიელო გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ეს კი საქართველოს არამარტო თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ხდის უფრო მეტად მნიშვნელოვან მოთამაშედ, არამედ კოლექტიური დასავლეთისთვის, ცენტრალური აზიისთვის და ჩინეთისთვის.

ამის გათვალისწინებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტენდენცია დროებითი ხასიათის იქნება.
 

რუსეთზე გამავალი გზების შეზღუდვის შემდეგ, ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე მისასვლელად საქართველო ერთადერთ სახმელეთო დერეფნად გარდაიქმნა.
 

მეტიც, საქართველოს გარეშე ევროკავშირს წვდომა აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურსებზეც შეუმცირდება. როგორც ბრიუსელსა და ბაქოს შორის მზარდი ენერგო-თანამშრომლობა მოწმობს, ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს.
 

საქართველო ევროკავშირისთვის 2022 წლამდეც იყო მნიშვნელოვანი, თუმცა უკრაინაში ომმა ამ ურთიერთობებში გეოპოლიტიკური კომპონენტი გაზარდა. შესაძლოა, ზუსტად ეს აკლდა კიდევაც თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს. ისტორიაში ხომ გეოპოლიტიკური ინტერესის გარეშე აქტორებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება ყოველთვის არამყარია.

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

გააზიარე: