ხათუნა ბურკაძე - საქართველოს მომავალი ევროპაშია, რასაც ალტერნატივა არ აქვს

ავტორი:

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ანალიზისათვის აუცილებელია სამი ფაქტორის: ისტორიულის, საშინაო და საგარეო ფაქტორების გამოკვეთა, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანისკენ სწრაფვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. 
 

ევროინტეგრაციის ისტორიული კონტექსტი
 

1946 წლის 19 სექტემბერს, პირველად, გაერთიანებული ევროპის იდეა  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა. მან ევროპული ოჯახის რეგიონალური ფორმით ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. კერძოდ, ჩერჩილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის შეერთებული შტატების შექმნაზე. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში, ამ ინიციატივის განსახორციელებლად  კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. 
 

ისტორიულად, 1950 წლის 9 მაისიდან იწყება ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რადგან აღნიშნულ თარიღს უკავშირდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  რობერტ შუმანის მიერ  ფრანგი პოლიტიკოსის ჟან მონეს ინიციატივის გახმოვანება. ეს იდეა გულისხმობდა დასავლეთ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიების გაერთიანებას. 1951 წელს, ამ ინიციატივის თანახმად, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, იტალიამ და ნიდერლანდების სამეფომ  „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით ევროპული ინტეგრაცია დაიწყო.  1957 წელს, რომში,  ევროპის ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა. ასევე, ცალკე ხელშეკრულებით დაფუძნდა ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში. 1967 წელს სამივე ორგანიზაცია ერთ ინსტიტუციურ სისტემაში გაერთიანდა, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს სახელწოდება შეიცვალა და ევროკავშირად გარდაიქმნა.
 

ევროპული ინტეგრაციის 73-წლიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იდეამ გაამართლა. ევროპულმა სახელმწიფოებმა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ამიტომაცაა ევროკავშირი გამორჩეული სხვა რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო    ორგანიზაციებისგან.

 
ევროკავშირის ზენაციონალური ელემენტები განაპირობებენ ორგანიზაციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების როლისა და კომპეტენციის ისე განსაზღვრას, რომ მათ ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას და, მეორე მხრივ, მის ეფექტიან იმპლემენტაციას.
 

ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.


ევროინტეგრაციის საშინაო პოლიტიკური კონტექსტი (როგორ აისახება საქართველოს ევროკავშირში წევრობა ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებზე)
 

საქართველოს მომავალი ევროპაშია, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ამ თვალსაზრისით ევროინტეგრაციის ისტორიის ანალიზის შედეგად თვალსაჩინოა, რომ გაერთიანებული ევროპის იდეა გულისხმობს მშვიდობას, უსაფრთხოებას, განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნას და, რასაკვირველია, მრავალფეროვნების, ევროპული ქვეყნების იდენტობის პატივისცემას, დაცვას. ევროპულმა გაერთიანებამ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციით შეძლო მაღალი ევროპული სტანდარტების განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. შესაბამისად, ამ სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებში იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც გულისხმობენ ინდივიდის პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების დაცვას. ევროპულ სახელმწიფოებს ინსტიტუციურად გათვითცნობიერებული აქვთ თავიანთი ნეგატიური (ინდივიდის ფუნდამენტურ უფლებებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვა)  და პოზიტიური ვალდებულებები (რეფორმების მეშვეობით დემოკრატიული, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა და თანაბარი მიდგომის დანერგვით ადამიანის უფლებების, თავისუფლებების რეალიზებისათვის ხელის შეწყობა) მოქალაქეების წინაშე. მით უფრო იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იმავდროულად  ევროკავშირის მოქალაქეა ანუ საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის და ევროპული გაერთიანების სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა როგორც უშუალოდ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირის მასშტაბითაც. უფრო პრაქტიკულად, ეს ნიშნავს წვდომას ევროპულ განათლებაზე, ჯანდაცვაზე,  ევროკავშირის ბაზარსა და ყველა იმ საკვანძო მიმართულებაზე, რომლებიც განსაზღვრავენ მოქალაქის უკეთეს მომავალს.
 

საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს, რაც ევროპული შესაძლებლობების ფანჯრის სრულფასოვან გაღებაზე მიანიშნებს. ეს კი საკუთარი მიზნების განხორციელების საუკეთესო, დემოკრატიული, დაცული, სტაბილური საშუალებაა. ის  მოიცავს ევროპული გაერთიანების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის პროფესიული განვითარების თუ ბიზნეს გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებებით. ამასთანავე, ეს გულისხმობს თითოეული ჩვენგანის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ქმედითი ინსტრუმენტების არსებობას და, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის სრული დაცვით, მათზე ხელმისაწვდომობას. სწორედ სამართლის უზენაესობის პატივისცემაა აუცილებელი მოქალაქის უფლებების სათანადოდ რეალიზებისათვის და ამ მიმართულებით მთელი რიგი გარანტიების შექმნისათვის. კერძოდ, ევროპული სტანდარტების თანახმად,  დამსაქმებელმა უნდა დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები, ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს გაწეული, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის  ღირსეული ანაზღაურება. დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებები მათი განვითარების ყველა საფეხურზე. ყველა მოწყვლად ჯგუფს უნდა გააჩნდეს მათი უფლებების დაცვის შესაბამისი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები. გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებელთა ინტერესები. საჯარო სამსახურს მდგრადი განვითარების სათანადო პირობები უნდა გააჩნდეს და მოხელის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი პროგრამები უნდა ვითარდებოდეს. ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს ფერმერების მხარდამჭერი ინიციატივები, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრის ათვისება. რეგიონების თანამედროვე, ევროპული ინფრასტრუქტურით აღჭურვისათვის უნდა შემუშავდეს მთელი რიგი ინიციატივები, რაც „ევროპული სოფლების“ კონცეფციის განვითარებისათვის აუცილებელია და საჭიროა ადგილობრივი წარმოებისათვის. ამდენად, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე მისი მრავალგანზომილებიანი ბუნებაც მეტყველებს, რომელიც ქმნის ფუნდამენტს თითოეული ჩვენგანის ინტერესის გასათვალისწინებლად და კეთილდღეობის სივრცის ისე გასავითარებლად, რომ ადამიანის ღირსება  იყოს დაცული. 
 

ევროინტეგრაცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში
 

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში კი უნდა ითქვას, რომ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გაერთიანებებს საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით შესაბამისი მექანიზმები გააჩნიათ. ეს კი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობას, რადგან ეს პროცესი გვაძლევს შესაძლებლობას, პარტნიორების მხარდაჭერით, განვავითაროთ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ისე, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და საკუთარი როლის, ფუნქციის მეტად გამოკვეთით ეროვნული ინტერესები დავიცვათ. 
 

დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის მეტი რეალური ინსტრუმენტი სჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით ამისათვის ახალი, ფართომასშტაბიანი პროექტების ინიცირება და განხორციელებაა აუცილებელი, ხოლო პოლიტიკურ კონტექსტში მხოლოდ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩართულობა საკმარისი არ არის, საჭიროა წარმოადგენდე ერთ-ერთ იმ სუბიექტს, რომლის პოზიციას პირდაპირი გავლენა ექნება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციაა, ის გავლენას ახდენს გლობალურ პროცესებზე. მეტიც, ყოველდღიურად იზრდება მისი როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში უნივერსალურ დონეზე. ევროკავშირის წევრობა კი ნიშნავს იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულფასოვან მოთამაშედ ჩართვას, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონალურ პოლიტიკას და გავლენას ახდენენ გლობალურ პროცესებზე. ეს მთლიანად შეცვლის ჩვენს საგარეო პოლიტიკურ უწყებას როგორც შინაარსობრივად, ასევე სტრუქტურულად და ხელს შეუწყობს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ახალი ფუნქციების გამოკვეთას. განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოსათვის აუცილებელია რეალური დიპლომატიური ინსტრუმენტების განვითარება პროცესების შედარებით უმტკივნეულოდ წარმართვისათვის. 
 

დასკვნა
 

ისტორიული, საშინაო და საგარეო პოლიტიკური  ფაქტორების ანალიზი ცხადყოფს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსათვის ეროვნული პროექტია, რადგან ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მექანიზმია. ამიტომაც წარმოადგენს ის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ, გამყარებულ არჩევანს, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან პატივისცემასა და დაცვას საჭიროებს.  საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია ანუ არ არსებობს სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტზე მაღლა დგას. 
 

ამავდროულად, ევროპული გზა ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზაა და მათდამი პატივისცემა მოითხოვს გავაგრძელოთ მტკიცედ, თანმიმდევრულად სვლა ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად. ამ პროცესის წარმატებით წარმართვა აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი მოიპოვოს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ რუკაზე. ეს კი პოზიტიურად აისახება თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან სწორი საგარეო პოლიტიკური სვლები საშინაო პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მით უფრო გლობალურ, დინამიურ სამყაროში. 

გააზიარე: