„ჯეოქეისს“ საერთაშორისო კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე ვიქტორ თოფურია შეუერთდა

„ჯეოქეისის“ გუნდს საერთაშორისო კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე ვიქტორ თოფურია შეუერთდა. ვიქტორი ანალიტიკურ ცენტრს საერთაშორისო და საჯარო კომუნიკაციების გაძლიერებაში დაეხმარება.
 

ვიქტორ თოფურიას მრავალწლიანი და მრავალსექტორული გამოცდილება გააჩნია როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის, ასევე გზავნილების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კუთხით. მან კარიერა დაიწყო ლოს-ანჯელესში, საკონსულტაციო კომპანია High Lantern Group-ში, სადაც თანამშრომლობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და Fortune 500-ის კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, სასტუმრო ბიზნესის, ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის სფეროებში საქმიანობენ. მისი სამუშაო მოიცავდა ნარატივების, რისკებისა და რეპუტაციის მართვის სტრატეგიების შემუშავებას, ასევე რთული რეგულატორული, პოლიტიკური და სოციალური საკითხების ქმედითი კომუნიკაციის ჩარჩოში გადატანას. ამავე პერიოდში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მაღალი დონის გლობალური ფორუმის ორგანიზებაში, რომლის დროსაც ბიზნესის, პოლიტიკისა და ჯანდაცვის ლიდერები ერთობლივი ძალისხმევით მუშაობდნენ სამუშაო ადგილებზე შექმნილი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევის ხერხებზე.
 

ვიქტორის საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს მუშაობას ჰონგ-კონგში, McCann Worldgroup-ში, სადაც იგი ჩართული იყო ინტეგრირებული კომუნიკაციების კამპანიაში ერთ-ერთი მრავალეროვნული სამომხმარებლო საქონლის ბრენდისათვის. კორპორაციული საკონსულტაციო საქმიანობის გარდა, ვიქტორს გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ლოჯისტიკის, გაყიდვების, ფონდების მოძიების და COVID-19 პანდემიის დროს ჯანდაცვის წინა ხაზზე მუშაობის კუთხით, რამაც მას მისცა შესაძლებლობა შეეძინა სხვადასხვა აუდიტორიასთან ადაპტაციის უნარი განსაკუთრებით რთული ან არაპროგნოზირებადი გარემოებების პირობებში.
 

ვიქტორმა სტრატეგიული კომუნიკაციების ბაკალავრის ხარისხი მიიღო მისურის უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით (magna cum laude ტიტულით) დაამთავრა და კურსის საუკეთესო 10%-ში მოხვდა. მას ასევე მიენიჭა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესტიჟული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენების (CLS) სტიპენდია რუსული ენის ინტენსიური შესწავლისთვის. ახლახან კი მიიღო ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც მისი კვლევა შეეხებოდა პოსტ ცივი ომის გეოპოლიტიკის, ინსტიტუციური გადაწყვეტილების მიღების და საზოგადოებრივი ნდობის ურთიერთკავშირს.
 

ვიქტორი თოფურია თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ესპანურს კი - სამუშაო დონეზე.
 

„ვიქტორის ფართო გამოცდილება სტრატეგიულ კომუნიკაციასა და კომპლექსური ნარატივების წარმოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება „ჯეოქეისისათვის“. გვჯერა, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი საქმიანობისა და კავშირების გაძლიერებას,“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: