„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი კასპიის უსაფრთხოების კონფერენციაზე  სიტყვით გამოვიდა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მიწვეული იყო მოხსენების წარსადგენად კასპიის უსაფრთხოების კონფერენციის საპანელო განხილვაზე სახელწოდებით - „ერთიანი რეგიონალური პასუხი ავღანეთთან დაკავშირებით". კონფერენცია ვაშინგტონში მოქმედი კასპიის პოლიტიკის ცენტრისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის (NESA) მიერ იყო ორანიზებული. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს ემსჯელათ იმის შესახებ თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს კასპიის ფართო რეგიონისათვის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა მოკავშირეების ავღანეთიდან გასვლა.  


საპანელო განხილვას, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, მოდერატორობას უწევდა პროფ. ბრაიან ტოდი, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (აშშ).


ვიქტორ ყიფიანმა კასპიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივიდან ისაუბრა და აღნიშნა: "შავი ზღვა უდავოდ არის რეგიონი, სადაც დასავლური ინტერესები აისახება საქართველოს რეგიონალურ პოზიციასა და ქმედებებში, ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებსა და ურყევ საგარეო პოლიტიკაში. მართლაც, ეს ქვეყანა სხვადასხვა სახის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული შეტევების სამიზნეა. ამიტომ, წარმატებული, დასავლური ღირებულებების მქონე და დემოკრატიული საქართველო დასავლური ნორმატიული სამყაროს პრინციპებისა და ღირებულებების სიცოცხლისუნარიანობის ტესტად შეიძლება მივიჩნიოთ. საკითხის ეს ორი მხარე ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და განუყოფელია“.


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის თქმით, დღეს აშშ-ისა და დასავლეთის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვისა და კასპიის აუზის ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უფრო გაღრმავდეს, რადგან რეგიონი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ ფლანგიდან მომდინარე არაერთი საფრთხის დამაბრკოლებელ ბარიერს წარმოადგენს. 


ვიქტორ ყიფიანის აზრით, შავი ზღვის ფართო რეგიონი დასავლურ კოალიციას საერთაშორისო ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველად რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. 


„ჩვენ კარგად ვხედავთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახალი კავშირების დამყარების აუცილებლობას საერთო ინტერესების განხორციელებისათვის. ამ არჩევანს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ისიც აშკარაა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა სხვა პარტნიორებმა მეტ ძალისხმევას უნდა მიმართონ კასპიის ზღვის ფართო რეგიონის სტრატეგიული ხედვის განსაზღვრისა და განხორციელებისათვის“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა გამოსვლის დასასრულს. 

 

იხილეთ ვიქტორ ყიფიანის გამოსვლის ჩანაწერი
 

გააზიარე: