ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს პროფესორი გილ ფეილერი შემოუერთდა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მის მრჩეველთა საბჭოს პროფ. გილ ფეილერი შემოუერთდა.
 

ამჟამად პროფ. ფეილერი საქართველოს ბანკის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულების ხელმძღვანელი, Forest Investment House-ის (ისრაელი) პარტნიორი და Cannabics Pharmaceuticals-ის (CNBX, ისრაელი) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.
 

იგი ფლობს თელავივის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკისმცოდნეობის განხრით. ასევე, გავლილი აქვს ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (Technion) საერთაშორისო მენეჯმენტის პროგრამის კურსი. აკადემიური საქმიანობის 20 წლის განმავლობაში, თელავივისა და ბარ ილანის უნივერსიტეტებში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე, ასევე ინტერდისციპლინურ ცენტრ „ჰერზლიაში“ ასწავლიდა ბიზნესს, ეკონომიკასა და აღმოსავლეთმცოდნეობას; აქვს ბიზნესის სფეროში, როგორც მცირე, ისე მსხვილ კომპანიებში, მათ შორის Coca-Cola Israel-ში, აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება; გახლავთ არაბულ სამყაროში უდიდესი საინფორმაციო პორტალის დამფუძნებელი; იყო ისრაელის პირველი საერთაშორისო ბანკის დირექტორატის წევრი; ასევე, იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქის, რას-ალ-ხაიმას მთავრობის საგანგებო მრჩეველი ბიზნესის სფეროში. 
 

პროფესორი ფეილერი არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის „საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის“ კურსდამთავრებული (1997 წ.), გამოცემული აქვს ნაშრომები ახლო აღმოსავლეთში ბიზნეს შესაძლებლობებზე, პოლიტიკური ეკონომიკის, ეკონომიკურ თანამშრომლობისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე. აგრეთვე, არის ავტორი რამდენიმე წიგნისა, მათ შორისაა: „ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბიზნეს სტრატეგიის ხელახალი გააზრება“ (ლონდონი, The Economist, 1997); „ბოიკოტიდან ეკონომიკურ თანამშრომლობამდე: ისრაელის არაბული ბოიკოტის ანალიზი“ (ლონდონი, ფრენკ კასი, 1998), „ახლო აღმოსავლეთი ახალ ათასწლეულში“ (ნიუ იორკი, Kluwer Law International, 2000), ეკონომიკური ურთიერთობები ეგვიპტესა და გალფის ყურის ნავთობის ქვეყნებს შორის: ნავთობზე დაფუძნებული სიმდიდრე და გავლენის მოდელები“ (ბრაიტონი, Sussex Academic Press, 2003) „ინვესტირება რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ლიტვაში და ყაზახეთში“ (პორტლანდი, Sussex Academic Press, 2007, თანაავტორი ალექსანდრე გარეზე).


გილ ფეილერი მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო სემინარსა თუ კონფერენციაში ეკონომიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.


„უაღრესად მოხარულები ვართ, რომ პროფესორი გილ ფეილერი თავისი ღრმა ცოდნითა გამოცდილებით კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გამორჩეული პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს. გვსურს, წარმატებები და „ჯეოქეისთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობა ვუსურვოთ მას“, - აღნიშნა ანალიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: