ხათუნა ბურკაძე - „ლენდ-ლიზის“ აქტი ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიასთან პირისპირ მებრძოლი უკრაინის დაცვას და საბოლოო გამარჯვების მოპოვებას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ლენდ-ლიზის“ აქტის მიღებით კვლავ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა რუსეთის აგრესიასთან პირისპირ მებრძოლი უკრაინისადმი, რაც საბოლოო გამარჯვების მოპოვებისათვის აუცილებელია. ეს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ ფასეულობებისათვის ბრძოლაში უკრაინის გვერდითაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული აქტორები და ამ პროცესში გლობალური ლიდერის ფუნქციას ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

 

„მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. „ლენდ-ლიზის“ სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებით ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებს დაუბრკოლებლად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, აწვდიდა იარაღს, რაც გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა ომში გამარჯვებისათვის. სამწუხაროა, რომ ათეული წლების შემდეგ მსოფლიო კვლავ აღმოჩნდა ანალოგიური საფრთხის წინაშე, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოითხოვს. 81 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი „ლენდ-ლიზის“ აქტის ხელმოწერით მიზნად ისახავს უკრაინის სწრაფ, მოკლე პერიოდში სამხედრო თვალსაზრისით უფრო მეტად დახმარებას კრემლიდან მომდინარე საფრთხის შესაჩერებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. დღეს მკაფიოა, რომ უკრაინაში წყდება საერთაშორისო სისტემის მომავალი. შემდგომი თვეები უნდა იქცეს გარდამტეხი ცვლილებების პერიოდად როგორც ევროპული, ასევე გლობალური უსაფრთხოებისათვის“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

 

მისი თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით საქართველომ უნდა გააძლიეროს სტრატეგიული კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეტი თავდაცვითი და უსაფრთხოებითი შესაძლებლობების მოსაპოვებლად.

 

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა და ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიური კომუნიკაციის წარმართვა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, მათ შორის პროაქტიულად ინიციატივების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: