ნიკოლოზ ხატიაშვილი დიდი ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისის” მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა ქ. ლონდონში შეხვედრები გამართა ევროპული რეფორმების ცენტრის (Center for European Reform) საგარეო პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელთან, იენ ბონდთან და დიდი ბრიტანეთის გეოსტრატეგიული საბჭოს (Council on Geostrategy) დამფუძნებლებთან - ჯეიმს როჯერსთან და ვიქტორია სტარიჩთან. შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველო-ბრიტანეთის კავშირების გაძლიერება, უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსული აგრესია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოება და რუსული დეზინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ახალი თანამშრომლობის ფორმატების ჩამოყალიბების პოტენციალზე და ამ პროცესში აკადემიური წრეების ჩართულობის მნიშვნელობაზე. 


ნიკოლოზ ხატიაშვილი, ასევე, შეხვდა ჩეთჰემ ჰაუსის (Chatham House) წარმომადგენლებს და კინგს კოლეჯის (King’s College) აკადემიურ პერსონალს, მათ შორის, ბრიტნეთის პრემიერ მინისტრის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სერ მაიკ ლაილ გრანტს. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და ქართულ და ბრიტანულ აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 


 „უკრაინაში მიმდინარე ომის და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომ ჩვენი ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ახალი სტიმული მივცეთ მათ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, უკვე არსებული უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მაქსიმალურად ათვისება და ახალი თანამშრომლობის ფორმატების შექმნა, სადაც ჩართულები იქნებიან საქართველოს და დიდი ბრიტანეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები. არსებობს ბევრი საერთო შეხების წერტილი, მათ შორის, ისეთი თემების ირგვლივ, როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რასთან დაკავშირებითაც დიდი ბრიტანეთის  კვლევითი ცენტრების მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
 

გააზიარე: