ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ გუნდს ახალი წევრები შეემატა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ ახალი წევრები  - ვახტანგ ჭარაია , შოთა გულბანი და გურამ ნიკოლაშვილი შემოემატნენ.

პროფ. ვახტანგ ჭარაია ჩვენს გუნდს ეკონომიკის საკითხების მრჩევლის პოზიციაზე შემოუერთდა. იგი გახლავთ ეკონომიკური პროფილის ანალიტიკოსი, რომელსაც ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან უმუშავია, როგორიცაა: შვეიცარიული World Economic Forum, ბრიტანული International Alert, შვედური V-dem, ამერიკული Cargenie Endowment და Frontier Europe, მსოფლიო ბანკის ჯგუფი და მრავალი სხვა. ვახტანგ ჭარაია არაერთი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ასევე, გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციისა თუ ფორუმის მონაწილე.


შოთა გულბანი ეკონომიკური მიმართულების მკვლევარია, მას ამ კუთხით კვლევითი საქმიანობის 9 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი ინტერესის სფეროებს ფინანსური ბაზრები, მაკროეკონომიკა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს. იგი, ასევე, გახლავთ კვლევითი ორგანიზაცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წვერი და საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის ექსპერტი.


გურამ ნიკოლაშვილი ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ ენერგეტიკის საკომუნიკაციო საკითხებში მრჩევლის პოზიციას დაიკავებს.  იგი საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გახლავთ და ბოლო ათწლეულის მანძილზე პოლიტიკური და ენერგეტიკის კომუნიკაციის კონსულტანტად მუშაობს. ამასთანავე, ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის, ენერგოპლატფორმისა და საჯარო საკომუნიკაციო პლატფორმის “ჰიდროალიანსის” დამფუძნებელია.


„ჩვენი ახალი კოლეგების გამორჩეული პროფესიული გამოცდილება ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია, რაც შემდგომ ზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება. გვიხარია მათი შემოერთება და მინდა, წარმატებები ვუსურვო მთელ გუნდთან ერთად,“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: