ყარაბაღის გაკვეთილები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

“საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.” – ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მართლაც, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესი რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა ამიერკავკასიაში, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. თუმცა რეგიონალური უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებს შეიცავს, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს საბედისწერო დაპირისპირებას, უმნიშვნელოვანესი შედეგები მოჰყვა და უცაბედად დაწყებული და დამთავრებული სამხედრო კამპანია მსოფლიო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ მოვლენათა რიგში მოაქცია. თუმცა, თავიდან ამ ომის მნიშვნელობა და შედეგები მომავლისათვის  ცოტამ თუ გააცნობიერა. საქმე იმაშია, რომ 2008 წლის “ხუთდღიანი ომის” შედეგად, რეალურად შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს:  
 

კავკასიის სამხრეთში, საერთაშორისოდ ცნობილი საზღვრები ხელშეუხებელი აღარ არის და ძალა როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ბრუნდება. რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ახალი რყევების მომასწავებელი სიგნალი გახდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და გეოპოლიტიკური წესრიგისათვის. დაიწყო ლიბერალური დემოკრატიის დღის წესრიგზე დამყარებული თანამედროვე მსოფლიოს დაღმასვლის პროცესი. სულ მალე, არა ერთ სხვადსხვა ცხელ წერტილში, თანამედროვე სამყარო და მისი ცივილიზებული ნაწილი უძლური იქნება შეაჩეროს სხვადსხვა ტიპის აგრესია და ანექსია. 
 

აქვე აღსანიშნავია, რომ კავკასია ყოველთვის იყო უფრო ფართო გეოპოლიტიკური დაპირისიპირების ერთ-ერთი არეალი. ამ მხრივ არსებული სიტუაცია არც დღეს არის განსხვავებული. ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი კერაა. აქ ერთბაშად იკვეთება საერთაშორისო არენის ისეთი მსხვილი მოთამაშეების ინტერესები, როგორიც არის რუსეთი, თურქეთი, ირანი, აშშ, ევროკავშირი და ა.შ.
 

როდესაც სამხრეთ კავკასია, სხვადასხვა რაკურსით, მსჯელობის საგანი ხდება, ხშირად ხაზს მის მდებარეობას ესმევა და აქედან გამომდინარე, მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე  სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ. მეტწილად, ეს საუბრები კასპიის რესურსების ტრანზიტის კონტროლის შესაძლებლობებს ეხება და ამაში ცხადი ლოგიკაა: ტრანზიტის კონტროლი გავლენის მოპოვების, ანდა შენარჩუნების მძლავრი ინსტრუმენტი იყო ყოველთვის და ამ აზრით, ახლაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. მეტიც, ასეთ მექანიზმად ის მომავალშიც დარჩება. შესაბამისად, მომავალში შესაძლო დაპირისპირებათა ერთ-ერთ ძირითად კვანძად ტრანზიტის კონტროლის თემა ყოველთვის შეინარჩუნებს აქტუალობას. თუმცა, რეგიონის მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ბუნებრივია.
 

როდესაც ეთნიკურად ჭრელ, დაპირისპირებების კერებით მდიდარ რეგიონში, სადაც არა ერთი მცირე სახელმწიფოსა თუ სხვადსხვა ხალხების ინტერესები, ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მსხვილი მოთამაშეების ინტერესებთან იკვეთება, ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა არ არის იოლი ამოცანა, და ის როგორც წესი, სწორედ ამ მსხვილი მოთამაშეების ძალთა ბალანსის კომპლექსურ დიქოტომიაზე არის დამოკიდებული. 2008 წლის ომის შედეგებით, სწორედ ამგვარი დაკარგული ბალანსის დაბრუნებას ემსახურებოდა რუსეთის კავკასიის ქედის სამხრეთით მობრუნება და მისი სამხედრო ბაზების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსება. 
 

მას შემდგომ რეგიონში არსებული კონფლიქტები ფაქტობრივად არსებულ ძალთა ბალანსზე დამოკიდებული გახდა. ასეთივე არის ყარაბაღის კონფლიქტიც. არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელი არის მისი სამხედრო ძალით სწრაფი გადაწყვეტა. სწორედ ამის მომსწრე ვიყავით მუდამ, როდესაც მორიგი ესკალაციის შემდგომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები მალევე ჩერდებოდნენ. დიდი მოთამაშეები ყოველთვის პოულობენ საერთო ენას და მათი გეოპოლიტიკური ვნებანი ყოველთვის ცხრება, როგორც კი აღმოჩნდება, რომ დაპირისპირების ესკალაცია ზღვარსაა მიბჯენილი და გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა შეუძლებელია, ან გადასახდელი ფასი არ ღირს შედეგებად. 
 

დღეს, როდესაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ესკალაცია ყველაზე სისხლიანი და ინტენსიურია 1994 წლის შემდგომ, ნათლად ჩანს, რომ აზერბაიჯანული მხარის ინიციატივა, წარმოუდგენელი იქნებოდა რეგიონის მსხვილი მოთამაშეების „მწვანე შუქის“ გარეშე, ვინაიდან კავკასიური ძალთა ბალანსი მუდმივად ასეთ ისტორიულ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად ვხედავ თურქული მხარის აბსოლუტურ და უპირობო მხარდაჭერას აზერბაიჯანის მიმართ, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო დონეზე. 
 

მაშასადამე, ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, იმისათვის რომ კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსი რადიკალურად შეიცვალოს, აუცილებელია ეს მისმა დიდმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშეებმა დასაშვებად და მის ინტერესებში მისაღებად მიიჩნიონ. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება დღეს ყველაზე მთავარი კითხვა - რატომ არ აქტიურობს საკმარისად რუსეთი კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში მისი მოკავშირე სომხეთის დასახმარებლად და მოხერხდება თუ არა, ამის შედეგად აზერბაიჯანის მხრიდან მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების მიღწევა. 
 

არსებულ ვითარებაში გარკვეული ლოგიკა იკითხება. სომხეთის პრემიერ მინისტრის მეტნაკლებად დემოკრატიზაციის მცდელობებისა და სუვერენული პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება რუსეთის პოლიტიკურ წრეებში მუდმივად გაისმოდა და ახლაც, მიმდინარე ომის პირობებშიც ისმის.  ყოველივე შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც მცდელობა რუსეთის მხრიდან „დასაჯოს“  სომხეთის არსებული ხელისუფლება და დაანახოს მისთვის რუსეთის მოკავშირეობის ფასი, განსაკუთრებით კი ყარაბაღთან მიმართებაში. შესაბამისად აზერბაიჯანს შეექმნა ფანჯარა, როდესაც ის თავს გრძნობს საკმარისად ძლიერად სამხედრო კამპანიისათვის, ყავს მოკავშირე თურქეთი და ჯერ-ჯერობით მაინც ნეიტრალურად განწყობილი რუსეთი. აშშ-ი კი ამჟამად წინა საარჩევნო პროცესშია ჩაფლული. ამიტომ, არსებული ლოგიკა გვკარნახობს, რომ მოვლენების გარკვეულ ნიშნულამდე ესკალაციის შემდგომ, რაც აზერბაიჯანული არმიის სამხედრო უპირატესობებზეც არის დამოკიდებული, უნდა მოხერხდეს ომის გაჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება რისკი, რომ თუ სომხეთი იგრძნობს რომ მისმა მოკავშირემ საბოლოოდ მიატოვა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სომხეთის საგარეო ვექტორის მკვეთრი ცვლილება დასავლეთის მიმართულებით, სულ ცოტა ამის აქტიური მცდელობა. თუმცა, ამასთანავე არ არის გამორიცხული სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ პაშინიანის რეიტინგის მკვეთრი დაცემაც სომხეთის მოსახლეობაში.
 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რომელიც გამოიკვეთა, მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთი აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ქალაქებზე დარტყმით, როგორც ჩანს მის გამოწვევას ცდილობს პროპორციულად საპასუხოდ. იმ შემთხვევაში, თუ  შეტევა მასიურად უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელდება, ეს ერევანს ფორმალურად მისცემს საბაბს, რომ მიმართოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას  და რუსეთს დასახმარებლად. 
 

რა თქმა უნდა ძნელია, ზუსტად პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება მოვლენები კონფლიქტის ირგვლივ. სამხედრო ხელოვნება იცნობს ისეთ ტერმინს, როგორიც არის „ომის ბურუსი“. ეს კარლ ფონ კლაუზევიცის მიერ დამკვიდრებული ტერმინი სწორედ იმ ბუნდოვანებას ასახავს, რომელიც ყველა ომისთვის არის დამახასიათებელი მის გარკვეულ ეტაპზე. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვლენათა განვითარება პირველ რიგში დამოკიდებული იქნება უშუალოდ სამხედრო კამპანიის მიმდინარეობაზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს წარმატებების განვითარებას ბაქო უშუალოდ ბრძოლის ველზე. რაც უფრო დიდი იქნება წარმატება, მით უფრო მყარი და ფართო იქნება ბაქოს მოთხოვნები მოლაპარაკებების მაგიდასთან და ალიევის რიტორიკა ქვეყნის შიგნით.
 

ამ ყველაფრის ფონზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის დასკვნები რომელიც ჩვენ საქართველომ როგორც სახელმწიფომ უკვე უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მიმდინარეობიდან გამომდინარე. ეს დასკვნები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად - სამხედრო და პოლიტიკურად.
 

პოლიტიკური ნაწილი
 

კონფლიქტის მიმდინარეობა და მისი დინამიკა რამდენიმე დაკვირვების გაკეთების საშუალებას იძლევა.
 

  • სამხედრო ძალის გამოყენება კვლავაც აქტუალურია საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს რეგიონში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომმაც დადასტურა და 2014 წლის მოვლენებმა უკრაინაში.
  • მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი რეგიონალური მასშტაბის დესტაბილიზაციის საფრთხეს ატარებს, საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს სათანადო გავლენის მოხდენას ესკალაციის შესაჩერებლად. 
  • ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პროცესები პირველ რიგში ძირითადად რეგიონის მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეების „იმედად“ არის დატოვებული.
  • რეგიონალური კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში საქართველო დარჩება საფრთხის წინაშე პირისპირ, მინიმუმ რამდენიმე დღე, უარეს შემთხვევაში კვირეები. 
  • დღეს არსებული პრობლემური გლობალური საერთაშორისო ვითარება უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის დეესკალაციაზე. საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ახერხებენ ომის შეჩერებას და მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, მიუხედავად, იმისა, რომ საუბარია რეგიონის წონიან, მაგრამ არა წამყვან გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზე (აზერბაიჯანი, სომხეთი).
  • რეგიონალური მასშტაბის ესკალაცია, სადაც წამყვანი ძალები „კავკასიური დაფის“ დიდი მოთამაშეები იქნებიან, სულ სხვა მასშტაბისა და დონის კონფლიქტს გამოიწვევს ასეთის პირობების შექმნის შემთხვევაში.
  • როგორც რეგიონალური, ისე გლობალური მასშტაბით ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ იზრდება.
     

სამხედრო კომპონენტი
 

ყარაბაღის არსებული კონფლიქტი სამხედრო თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვების გაკეთების საშუალებასაც იძლევა.
 

  • ვინაიდან, კონფლიქტის ორივე მხარეს შედარებით სუსტად არის განვითარებული საავიაციო კომპონენტი, ფაქტობრივად პირველად ისტორიაში, დრონები არის უმთავრესი და გადამწყვეტი ბრძოლის საშუალება მთავარი სამხედრო დარტყმების და უპირატესობის მისაღწევად, რომელსაც უმეტესწილად აზერბაიჯანული მხარე იყენებს. პირველად ისტორიაში, უმთავრესი დანაკარგები დრონების მიერ არის მიყენებული. ყველაზე კარგ შედეგებს სავარაუდოდ თურქული „ბაირაქთარები“ აჩვენებენ, რომელთაც შესაძლოა თურქი ოპერატორებიც მართავენ. 
  • სომეხი ქვეითები, ცაში დრონების ბატონობის მიუხედავად, როგორც ჩანს მაღალი პირადი მოტივაციით გამოირჩევიან. უმთავრესი დანაკარგები აზერბაიჯანულ მხარეს სომხების მართვადი სარაკეტო სისტემებითა და მობილური ჯგუფების მოქმედების შედეგად მიადგა. 
  • აშკარაა, რომ დრონების გარეშე აზერბაიჯანული მხარის წარმატება ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა.
  • მოიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულად ორივე მხარე არ არის მზად ხანგრძლივი (წლების განმავლობაში) ომის საწარმოებლად, დირისპირებულ მხარეებს აქვთ საკმარისი რესურსი, რომ კონკრეტული ოპერატიული მიმართულებით მოიპოვონ, შეინარჩუნონ და განავითარონ უპირატესობა. 
  • იმის და მიუხედავად, რომ ყარაბაღის რეგიონში, სომხურ მხარეს  30 წლის განმავლობაში არა ერთი სხვადასხვა ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობა, გამაგრებული რაიონები და თავდაცვის ზღუდეები ქონდა მოწყობილი, თანამედროვე ზუსტი შეიარაღებისა და სისტემების გამოყენებით, შესაძლებელია ამდაგვარი  ზღუდეების ჯერ მწყობრიდან გამოყვანა და შემდგომ გარღვევა. აღნიშნული მხოლოდ თავდაცვითი ნაგებობებისა და ხაზების იმედად ყოფნის არა ეფექტურობაზე მიანიშნებს. მანევრული მოქმედებები და თანამედროვე სისტემების გამოყენება აუცილებელი კომპონენტია წარმატებისათვის.
  • ჰაერში ავიაციისა ან/და დრონების ბატონობის პირობებში ჯავშანტექნიკის სტატიკური საველე პოზიციები პრაქტიკულად განწირულია. ეს ნიშნავს  მათ სწრაფ განადგურებას სანამ მხარეების ქვეითი ნაწილები უშუალო კონტაქტში შევლენ ერთმანეთთან.
  • გამოჩნდა, რომ მხოლოდ რუსული, საბჭოთა პერიოდის მოძველებული შეიარაღებისა და სისტემების იმედად, თანამედროვე ტექნიკის გარეშე, დღეს ომის წარმოება სერიოზულ დანაკარგებთან და რისკებთან არის დაკავშირებული. ეს კარგად გამოჩნდა, სომხეთის შეიარაღებაში მყოფი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (Оса АКМ",  "Стрела-10")  მაგალითზეც.
  • ომის ღმერთი - არტილერია კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სამხედრო მოქმედებების, მათ შორის მთაგორიან რელიეფზე. აუცილებელია მაქსიმალურად გრძელი საარტილერიო მუშტის ქონა და განვითარება.
  • იკვეთება რომ, მთაგორიანი რელიეფი სპეციალური სამთო-ეგერული დანაყოფების არ არსებობის პირობებში სერიოზულად ურთულებს მოქმედებას აზერბაიჯანულ ქვეით მოტო-მსროლელებს. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალებში ამდაგვარი  ნაწილების კომპონენტის გაძლიერება.
  • მიმდინარე მოვლენებში რთულად დასანახია სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედების როლი და ადგილი. 
  • კიბერსივრცე არ წარმოადგენს ჯერ-ჯერობით განსაკუთრებულად აქტიურ საბრძოლო სივრცეს დაპირისპირებაში, რაც აზერბაიჯანის მხრიდან ლოკალური ქსელის სერიოზული შეზღუდვებითაც შეიძლება აიხსნას. ეს არ უნდა აჩენდეს მცდარ წარმოდგენას, რომ ჰიპოთეტურად საქართველოს შემთხვევაში ეს კომპონენტი მეორეხარისხოვანი იქნება.
     

მოლოდინები
 

კონფლიქტის მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება სამხედრო მოქმედებების ხასიათსა და შედეგებზე. როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღის მთავარ საკომუნიკაციო გზებზე გასვლას ცდილობს, სულ ცოტა მათი საცეცხლე დამუშავების რადიუსში მოსახვედრად. საუბარია ვარდენის-მარტაკერტის გზაზე ჩრდილოეთში და გორისი-ჯებრაილის გზაზე სამხრეთში.  (იხ. რუკა 1)
 


 

ახალი სამშვიდობო ფორმატების შეთავაზება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული  აზერბაიჯანული ჯარის წარმატებებზეც. ეს გავლენას იქონიებს უშუალოდ რუსეთის სამშვიდობო შეთავაზებაზეც თუ მომავალში იქნება ასეთი რამ. რეალურად არსებობს ალბათობა იმისა, რომ თუ კონფლიქტში სამშვიდობო ჯარების გამოყენებაზე წავიდა საუბარი, ყველაზე რეალისტური ამ თვალსაზრისით რუსული ძალების გამოყენება გახდეს, რაც მის პოზიციებს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო განამტკიცებს. 
 

ლოგიკა გვკარნახობს, რომ აზერბაიჯანული მხარისათვის ამდაგვარი ინიციატივები მისაღები მას მერე შეიძლება გახდეს, თუ ბაქოს მნიშვნელოვანი მონაპოვრები ექნება ყარაბაღის ტერიტორიაზე და ილხამ ალიევს სათანადო რიტორიკის საშუალება მიეცემა აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან.
 

კიდევე ერთი სცენარი, რუსი სამშვიდობო ძალების განთავსების ალბათობით, არის ვითარება როდესაც ესკალაცია იმდაგვარ დონეს მიაღწევს, სადაც მთავარი ამოცანა ფართო მასშტაბიანი ომის შეჩერება და უბრალოდ მხარეების დაშოშმინება და პროცესების დეესკალაცია იქნება. მაგრამ , მიგვაჩნია რომ ამდაგვარ სცენარს მნიშვნელოვანი წარმატებები დაჭირდება სომხეთის მხრიდან. თუმცა, ზოგადად აზერბაიჯანული მხარისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო რუსული სამშვიდობო ძალების განთავსება ბუფერულ ზონაში, ვინაიდან ამას მინიმუმამდე დაყავდა სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის ალბათობა და სტატუს-ქვოს დაფიქსირებას ემსახურებოდა. 
 

უბრალოდ ომის შეჩერება ყველაზე მეტად დიდი აზერბაიჯანული გამარჯვების შემდგომ არის მოსალოდნელი, როდესაც სომხეთს სხვა გზა არ დარჩება გარდა იმისა, რომ ყველანაირად შეეცადოს მათ შორის, მოსკოვის დახმარებით, ომის შეჩერებას. მაგრამ რას მოუტანს ასეთი მარცხი სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მომავალში ცალკე საუბრის თემაა.
 

გლობალური რეგიონალური დაპირისპირების შემთხვევაში კი, კონფლიქტი, როგორი სცენარითაც არ უნდა წარმიმართოს საქართველოს ჩააყენებს ცაიტნოტში და პრობლემების პირისპირ, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე. დიპლომატიური ძალისხმევის მოცულობა და ეფექტურობა დროის თვალსაზრისით აბსოლუტურად ბურუსით მოცული იქნება.
 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო მისი თავდაცვის უნარიანობით სერიოზულად ჩამორჩება სამეზობლოს და არ არის ადეკვატური მისი უსაფრთხოების გარემოსი. ეს რისკი ვერ ფასდება სათანადოდ პოლიტიკურ წრეებში და არ აისახება შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების დაფინანსებაშიც.  
 

შესაბამისად, რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსათვის უახლოეს მომავალში ავტონომიური და თვითკმარი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება უმნიშვნელოვანესი იქნება. განსაკუთრებით ეს შეეხება თანამედროვე ზუსტი შეიარაღებისა და სისტემების შესყიდვა-განვითარებას და მათ წინააღმდეგ მოქმედების სტრატეგიის შემუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული რეგიონალური სამხედრო დისბალანსი მომავალში სრული ეფექტით შეიძლება აისახოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. 
 

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ინტერეს წარმოადგენს, ხოლო ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივა კავკასიაში კვლავინდებურად მყიფეა.

 

ფოტო: timer.ge

გააზიარე: