ეკონომიკური განვითარების შემზღუდველი ფაქტორები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ 2021 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე საგრძნობლად შემცირდა (37.3%-დან 19.5%-მდე), თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (19.5%) კვლავ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 11.6%-ს შეადგენს. ახალ სტანდარტზე გადასვლის შედეგად უმუშევრობა გაიზარდა და 2019 წლის მდგომარეობთ 17.6%-ს შეადგენს[i]. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ეკონომიკა 6%-ით შემცირდება,

ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, რის შედეგადაც დამატებით 160,000 ადამიანი საქართველოში, შეიძლება, უფრო მეტად გაღარიბდეს.  

ამ პრობლემებთან გასამკლავებლად ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა მნიშვნელოვანი ნაწილია.[ii] ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ძირითადად, მოხმარების და ინვესტიციის ხარჯზე იზრდებოდა. თუმცა საქართველოს მცირე ბაზარი და მოსახლეობის რაოდენობის კლება ზრდის ამ ფორმულას მეტად არასტაბილურს ხდის[iii]. ეკონომიკური განვითარების მომდევნო ეტაპზე ექსპორტის ზრდა და დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. დღეისათვის, ექსპორტი არადივერსიფიცირებულია - ავტომანქანები (ძირითადად რე-ექსპორტი), სპილენძის მადნები და ფეროშენადნობი 2019 წელს მთლიანი ექსპორტის, თითქმის, ნახევარს შეადგენდა.

სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა და ტექნოლოგიური განვითარების დონე ხშირად სახელდება არსებული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზად.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ლიბერალიზაციის შემდგომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდა შეეხება სოფლის მეურნეობის წილის შემცირებას მთლიან შიდა პროდუქტში 30%-დან 8%-მდე. თუმცა, ამგვარ ცვლილებას არ მოჰყოლია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სამუშაო ძალის გადანაწილება  სხვა სექტორებში. დღეისათვის, საქართველოს სამუშაო ძალის დიდი ნაწილი (42%) კვლავ სოფლის მეურნეობის სექტორშია.[iv]

გარდა ამისა, მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობის (რომელიც, ძირითადად არსებული რესურსების უფრო მეტად პროდუქტიულად გამოყენებას მოიაზრებს ტექნოლოგიური განვითარების გზით) და შრომითი რესურსების წილი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში ასევე საკმაოდ მცირე იყო.[v]

ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე პასუხი, თითქოს, აშკარაა - საჭიროა დაჩქარდეს როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ასევე ახალი ტექნოლოგიების ათვისება[vi] და დანერგვა. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ამ გზაზე. სტატიაში მიმოხილულია ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა თანამედროვე წარმოების განვითარების სირთულეები, გეოგრაფიის მნიშვნელობა და ნოუ-ჰაუს გავრცელების შემზღუდველი გარემოებები.  აგრეთვე, სხვადასხვა ეკონომისტების ნაშრომებზე დაყრდნობით, განვითარებულია მოსაზრება, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უმრავლესი შემთხვევა არ არის განპირობებული ტრადიციული ფაქტორებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებათა არეალი მცირე ზომის ბაზრის მქონე ქვეყნებისთვისაც კი ჯერ კიდევ ღიაა.

განვითარების ნელი და რთული გზა - განათლება, სახელწმიფო ინტიტუტები[vii]

სტრუქტურული ცვლილების გააზრებისათვის  საინტერესოა  ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტის, დანი როდრიკის, 2013 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეკონომიკური ზრდის შესახებ ორ ძირითად ეკონომიკურ მიმდინარეობას გამოყოფს: პირველის თანახმად (ორმაგი ეკონომიკის ტრადიცია) არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ეკონომიკის ტრადიციულ და თანამედროვე სექტორებს შორის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და წარმოება. ინოვაციურობა, პროდუქტიულობა და ზრდა დაკავშირებულია სწორედ თანამედროვე სექტორებთან, მაშინ როდესაც ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებს განვითარებად ქვეყნებში ახასიათებს ჩამორჩენა და ტექნოლოგიური განუვითარებლობა. შესაბამისად, ამ მიმდინარეობის მიხედვით ეკონომიკის ზრდა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს რესურსები (უპირატესად შრომითი რესურსები) გადანაცვლებას ტრადიციულიდან ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში. 

ამ მიმდინარეობასთან ერთად, არსებობს, ასევე, მეორე მოდელიც (ნეოკლასიკური მოდელი), რომლის თანახმადაც არ არსებობს არსებითი სხვაობა ტრადიციულ და თანამედროვე სექტორებს შორის და თავისუფლად შეიძლება მათი თანაარსებობა ერთ ეკონომიკურ სისტემაში. აგრეთვე, ამ მოდელის მიხედვით ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებია დაზოგვა, ფიზიკური კაპიტალის (ინფრასტრუქტურა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ა.შ.) და ადამიანური კაპიტალის (განათლების დონე, გადამზადება, ტრეინინგები) დაგროვება, აგრეთვე, ინოვაციურობა ახალი პროდუქტისა და მომსახურების განვითარების გზით.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი აღნიშნული მიმდინარეობა არ გვთავაზობს ერთიან „რეცეპტს“, თუ როგორ უნდა მოხდეს რესურსების მიგრაცია ტრადიციულიდან თანამედროვე სექტორებში და როგორ უნდა დაჩქარდეს ფართო შესაძლებლობების (გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და სხვა) დაგროვება.

როდრიკის მიხედვით სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნების მაგალითი (აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში) უჩვენებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრების (სახელმწიფო ინსტიტუტები (კანონის უზენაესობა, მმართველობა, ბიზნეს გარემო) და ადამიანური კაპიტალის (განათლების დონე, უნარების განვითარება და გადამზადება) გაუმჯობესების გავლენა ეკონომიკური ზრდის ტემპზე, საუკეთესო შემთხვევაში, მოკრძალებული იყო. მეორეს მხრივ, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც შეძლეს სტრუქტურული ტრანსფორმაცია ინდუსტრიალიზაციის გზით გარკვეული პერიოდით ზრდის ტემპი საგრძნობლად დააჩქარეს.

ამ გადმოსახედიდან, როდრიკი ასკვნის, რომ ბევრად მარტივი და სწრაფი შეიძლება იყოს სტრუქტურული ტრანსფორმაცია საწარმოო შესაძლებლობების განვითრების გზით, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები იმ იმედით, რომ აღნიშნული გადაიზრდება წარმოებაში. გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი უჩვენებს, რომ შესაძლებელია სწრაფი სტრუქტურული ტრანსფორმაცია ფუნდამენტური ფაქტორების (სახელმწიფო ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი) თანაბარზომიერი განვითარების გარეშე. ცხადია მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საკუთრების უფლების დაცულობის გარვეული დონის გარეშე შეუძლებელია წარმოების განვითარება. თუმცა აუცილებელი არ არის ქვეყანას გააჩნდეს, მაგალითად, შვედეთის დონის სახელმწიფო ინტიტუტები, რათა კონკურენცია გაუწიოს შვედ მწარმოებლებს.[viii]

მოყვანილი მსჯელობიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება: სახელმწიფო ინსტიტუტების და ადამიანური კაპიტალის განვითარება, როდრიკის მიხედვით, ნაკლებადაა ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელი ფაქტორები. ამ ფუნდამენტური ფაქტორების დაგროვება მოითხოვს მნიშვნელოვან დანახარჯებს, დიდ დროს და ურთიერთშემავსებელ ინვესტიციებს მთლიან ეკონომიკაში. ამიტომ, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესების შედეგად ეკონომიკური ზრდა საშუალო ან ნელი იქნება. განვითარების საწყის ეტაპზე კი ეკონომიკური ზრდის დაჩქარება უფრო მეტად სტრუქტურულ ტრანსფორმაციას უკავშირდება.

ამასთან, არსებითია დანი როდრიკის ის დაკვირვებაც, რომ სტრუქტურული ტრანსფორმაციის ეფექტი ადრე თუ გვიან მცირდება და თუ მას არ ახლავს ფუნდამენტური ფაქტორების თანდათანობით გაუმჯობესება, მაშინ განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონის მიღწევა, როგორც წესი, გამორიცხულია. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ იქ ქვეყნები შეძლებენ გამდიდრებას, რომლებიც აუმჯობესებენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ადამიანურ კაპიტალს.

სხვა სექტორებთან შედარებით, წარმოებას დიდი ხნის განმავლობაში ორი ძირითადი უპირატესობა გააჩნდა: წარმოება, როგორც შრომატევადი საქმიანობა, შესაძლებელს ხდიდა დიდი რაოდენობით, შედარებთ, არაკვალიფიციური მუშა-ხელი ამ სექტორში გადასულიყო. მაგალითად, ბრინჯის ფერმერისათვის დიდ დაბრკოლებას არ წამოადგენდა ტანსაცმლის ქარხანაში სამუშაოდ გადასვლა. აგრეთვე, საწარმოო შესაძლებლობების განვითარების პროცესი დიდი ხნით, ათეულობით წლები შეიძლება გაგრძელდეს და ამ პერიოდში შემოსავლების და პროდუქტიულობის დონე უფრო მეტად უახლოვდება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. 

კიდევ ერთი უპირატესობა, რაც გააჩნია წარმოების სექტორს არის ე.წ. უპირობო დაახლოების ტენდენცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შრომის პროდუქტიულობა წარმოების სექტორში, რომელიც, როგორც წესი, დაბალია განვითარებად ქვეყანაში, დროთა განმავლობაში სწრაფად უახლოვდება შესაძლებლობის მაქსიმუმს, წლიურად 2-3%-ით. რაც მთავარია, ამგვარი დაახლოება არ არის დამოკიდებული ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობაზე, მათ ხარისხზე და სხვა მახასიათებლებზე, როგორიცაა გეოგრაფია და ეკონომიკური კონტექსტი. ცხადია, უკეთეს პირობებში დაახლოება უფრო სწრაფი იქნება.   

თუ სტრუქტურული ტრანსფორმაციისათვის საწარმოო შესაძლებლობების შექმნაა საჭირო, მაშინ რა უშლის საქართველოს მსგავს ქვეყნებს ხელს, რომ აქტიურად განავითარონ წარმოება? როდრიკი ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს თუ რატომაა თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში ინდუსტრიალიზაციის გზით განვითარების დაჩქარება ნაკლებად ხელმისაწვდომი განვითარებადი ქვეყნებისათვის:

  1. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წარმატება (ჩინეთი, ვიეტნამი, კამბოჯა) განსაკუთრებით ართულებს წარმოების განვითარებას დამწყები ქვეყნებისთვის;
  2. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები ზღუდავს ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას (განსაკურებით ისეთ ზომებს როგორიცაა სუბსიდიები, ადგილობრივი საწარმოო ფაქტორების გამოყენების დავალდებულება და სხვა);
  3. წარმოების სექტორში ტექნოლოგიური ცვლილებების გამო იგი უფრო მეტად უნარებ- და კაპიტალ ტევადი გახდა, რაც ზღუდავს ამ სექტორში განვითარებადი ქვეყნების შესვლის და შრომითი რესურსების ათვისების შესაძლებლობას;
  4. ეკონომიკური სიძნელეების გამო განვითარებული ქვეყნები უფრო მეტად ზღუდავენ იმპორტს დაბალი დანახარჯების მქონე ქვეყნებიდან; და
  5. კლიმატური ცვლილებებისა და მისგან გამომდინარე რისკების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ახალი, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც მართალია გარემოს ნაკლებ აზიანებს, თუმცა უფრო ხარჯიანია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოების განვითარებით ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა და ძირითადი კითხვაა თუ რა დაიკავებს მის ადგილს. დანი როდრიკის შეფასებით, ფართო ხასიათის სტრუქტურული ცვლილებები მომავალში ნაკლებადაა მოსალოდნელი. ამიტომ განვითარება, უმეტესწილად, შესაძლებელი იქნება რთული და ნელი გზით - ადამიანური უნარების, განათლების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მმართველობის გაუმჯობესებით.   

ამ მოცემულობაში ძირითადი კითხვაა, ღირს თუ თუ არა სახელმწიფოს ჰქონდეს უფრო აქტიური როლი სხვადასხვა სექტორის (მათ შორის წარმოების) განვითარებაში? დღეისათვის საქართველოს გააჩნია პრიორიტეტული მიმართულებები, თუ რა სექტორებში სურს (და შეუძლია) ქვეყანას, მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განავითაროს წარმოება.[ix] არსებული შრომითი რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენება წარმოების, შედარებით, შრომატევადი ფორმების ხელშეწყობისთვის (მაგ. ტექსტილის წარმოება) გამართლებული ნაბიჯია. ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ამგვარი გადაწყვეტილებების გავლენა ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტის, რედა შერიფის სიტყვებით, არ არსებობს ნეიტრალური სახელმწიფო გადაწყვეტილებები. სკოლისა თუ საავადმყოფოს მშენებლობით, IT მიმართულების თუ სამოქალაქო ინჟინერიის სტუდენტების დაფინანსებით სახელმწიფო, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უპირატესობას ანიჭებს ერთ სექტორს მეორესთან შედარებით, რასაც, დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე.

გეოგრაფიის როლი - ეროვნულიდან რეგიონალურ შედარებით უპირატესობამდე[x] 

ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობების განვითარება შესაძლებელია გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობითაც, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა მიწოდების ჯაჭვის ადგილობრივად განვითარებასა და უკვე არსებულში მონაწილეობას შორის. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ერთი არსებითი ხასიათის შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს.

საკითხის გააზრებისთვის საინტერესოა საერთაშორისო და განვითარების კვლევების ჟენევის ინსტიტუტის ეკონომისტის, რიჩარდ ბოლდვინის სტატია, რომელიც განასხვავებს გლობალიზაციის ორ ეტაპს და მის გავლენას წარმოების სექტორზე.

ბოლდვინის მიხედვით გლობალიზაციის პირველ ეტაპზე (რომელიც მოიცავს პერიოდს 1980-იან წლებამდე), როდესაც ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ, გერმანია და იაპონია, მნიშვნელოვნად განივითარეს საწარმოო შესაძლებლობები, ინდუსტრიალიზაცია გულისხმობდა მთლიანი მიწოდების ჯაჭვის აწყობას ქვეყნის შიგნით. ამ პროცესს ათწლეულები სჭირდებოდა გამოცდილებით სწავლებისა და აუცილებელი კომპეტენციების ფართო სპექტრის კოორდინაციის საჭიროების გამო. ამ პერიოდში, შედარებით, მარტივი საკომუნიკაციო საშუალებების გამო მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესის კოორდინაციისათვის აუცილებელი იყო ყველა  პროცესი ერთმანეთთან სიახლოვეს ყოფილიყო - ერთ ქარხანაში ან საწარმოოო უბანში. აგრეთვე, საჭირო კომპეტენციები აუცილებლად ადგილობრივად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.   

გლობალიზაციის მეორე ეტაპზე (რომელიც დაიწყო 1980-იანი წლებიდან) ეს მოდელი არასაჭირო გახდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეულმა რადიკალურმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა წარმოების ეტაპების სივრცეში განცალკევება ეფექტიანობის შემცირების გარეშე. მასშტაბის ეკონომიამ და შედარებითმა უპირატესობამ ამგვარი განცალკევება გარდაუვალი გახადა.  ეს განსაკუთრებით შეეხო შრომა-ტევად და ნაკლები კომპეტენციური საჭიროების მქონე პროცესებს. შედეგად, მდიდარი ქვეყნების კორპორაციებისთვის შესაძლებელი გახდა თავიანთ ქვეყანაში შექმნილი ტექნოლოგია გაეერთიანებინათ საზღვარგარეთ იაფ მუშა ხელთან.

თუ გლობალიზაციის პირველ ეტაპზე წარმოება მოიცავდა ერთი ქვეყნის საწარმოო ფაქტორებისა და ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილ პროდუქტს, გლობალიზაციის მეორე ეტაპზე საქონელი იქმნება ბევრი სხვადასხვა ქვეყნის საწარმოო ფაქტორების და ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად. ამ პერიოდში შედარებითი უპირატესობა გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და გადაიქცა უფრო რეგიონალურ მოვლენად. ძირითადი მნიშვნელობის სიტყვაა, სწორედ, რეგიონალური.      

გლობალიზაციის მეორე ეტაპზე მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოებაში. 1980-იან წლებამდე ძლიერი ინდუსტრიის მქონე და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, როგორც წესი, სინონიმები იყო. თუმცა ამ პერიოდიდან მოყოლებული დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა დაიწყეს სწრაფი ინდუსტრიალიზაცია მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით. ამასთან, სულ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო ამ პროცესით ესარგებლა - 1970-იანი წლებიდან მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, თურქეთი და პოლონეთი) მოიპოვა მსოფლიო წარმოების მშპ-ში ერთ პროცენტულ პუნქტზე მეტი წილი. ინდოეთის გამოკლებით ყველა მათგანის წარმოების სექტორი, დიდწილად, ჩართულია იაპონიის (აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები) ან გერმანიის (პოლონეთი და თურქეთი) საერთაშორისო მიწოდების ქსელებში.  

გლობალიზაციის მეორე ეტაპზე შედარებით განვითარებული წარმოების მქონე ქვეყნებს შორის მკაფიო სტრუქტურა გამოიკვეთა. ამ პერიოდში ზოგიერთი ქვეყნის წარმოების წილი მთლიან ექსპორტში შემცირდა, ხოლო ზოგიერთის გაიზარდა. რაც მთავარია, და ეს ბოლდვინის ერთ-ერთი საინტერესო დაკვირვებაა, როგორც მოგებული, ასევე წაგებული ქვეყნები გეოგრაფიულად ახლოს (იმავე რეგიონში) არიან განლაგებულები იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო წარმოებაში დომინანტები იყვნენ გლობალიზაციის მეორე ეტაპამდე, კერძოდ ნაწილი ქვეყნებისა აშშ-ს სიახლოვეს მდებარეობს, მეორე ნაწილი - იაპონიასთან, ხოლო ქვეყნების მესამე ჯგუფი  შედარებით ახლოსაა განლაგებული გერმანიასთან.   

ბოლდვინი ამგვარი რეგიონალური გეოგრაფიული დაჯგუფების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს შემდეგს  - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, საწარმოო პროცესების კოორდინაცია მოითხოვს როგორც ადამიანებს შორის პირისპირ, ასევე ადამიანს და დანადგარს შორის ურთიერთობას. ტექნიკოსებმა და მენეჯერებმა, დრო და დრო, უნდა იმოგზაურონ განვითარებული ქვეყნებიდან (სადაც, როგორც წესი, კორპორაციების სათაო ოფისები მდებარეობს) განვითარებად ქვეყანაში და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ რაიმე გაფუჭდება აუცილებელია იგი სწრაფად შეკეთდეს, სანამ მთელი საწარმოო ხაზი გაჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ბილეთი ახლა უფრო ხელმისაწვდომია, დროის ალტერნატიული დანახარჯი იგივე დარჩა. ამის გამო მიწოდების ჯაჭვები რეგიონალურადაა გადანაწილებული, ვიდრე გლობალურად. შესაბამისად, იმ ქვეყნებმა, რომლებიც აშშ-ს, გერმანიის და იაპონიის სიახლოვეს მდებარეობდნენ უფრო მეტად შეძლეს, ესარგებლათ გლობალიზაციის მეორე ეტაპით, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. ამ გადმოსახედიდან, ბოლდვინი ასკვნის, რომ თუ თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საჭიროა განსხავებული პოლიტიკა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც საწარმოო ჰაბების (აზია, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა) ახლოს არიან განლაგებულები და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც შედარებით მოშორებით არიან. 

გეოგრაფიისა და ადგილმდებარეობის მნიშვნელობაზე მიუთითებს, ასევე, ის ფაქტიც, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა მცირდება სავაჭრო პარტნიორებს შორის მანძილის ზრდის მიხედვით. ტიპიურ შემთხვევაში, ვაჭრობა დაახლოებით 10% მცირდება მანძილის 10%-ით ზრდის შემთხვევაში.[xi] საქართველო ამის კარგი მაგალითია - ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები საქართველოს უშუალო მეზობლები არიან: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. სამეზობლოს გავლენაზე მიუთითებს ისიც, რომ ქვეყანას ბევრად მეტი შანსი აქვს, განავითაროს ახალი წარმოება/სექტორი, თუ მისი უშუალო მეზობელი უკვე დაკავებულია ამით. როგორც ჩანს, ქვეყნები ემსგავსებიან მათ მეზობლებს/სავაჭრო პარტნიორებს და დიდ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.[xii]

 

გეოგრაფიული შეზღუდვების მიუხედავად, ეს არ გულისხმობს, რომ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობა ამ ფაქტორის გამო შეუძლებელია. საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც. თუმცა გლობალური წარმოების სიმძიმის ცენტრებიდან დაშორებული ქვეყნებისათვის, შედარებით, გართულებულია ამის მიღწევა. 

ტექნოლოგიური განვითარება - როგორ ვრცელდება ნოუ-ჰაუ

საქართველოში ნაკლები პროდუქტიულობის ერთ-ერთი მიზეზად ზოგიერთ სექტორში ტექნოლოგიური ჩამორჩენა და ინოვაციის ნაკლებობა სახელდება. გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობის ერთ-ერთი სარგებელი შეიძლება ადგილობრივი ტექნოლოგიური განვითარებაც იყოს. თუმცა, აქაც არსებობს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. კერძოდ, მიუხედავად მიწოდების ჯაჭვების საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებისა, ტექნოლოგიური გადადინება შეზღუდულია და კორპორაციების ნოუ-ჰაუს მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცვას. მაგალითად, იაპონურმა ავტომწარმოებელმა, შეიძლება ფილიპინურ კომპანიას ასწავლოს, თუ როგორ მოათავსოს ტყავის სავარძლები იაპონიაში წარმოებული ავტომობილის ჩარჩოზე, რათა ლექსუსის ბრენდის ავტომობილი იაფად გაყიდოს. თუმცა იაპონური კომპანია ნაკლებად გასწევს ძალისხმევას, რომ ფილიპინურ კომპანიას გაუზიაროს გამოცდილება თავად ავტომობილის ჩარჩოს დიზაინისა და აგების, აგრეთვე ჩაშენებული ელექტრონიკის შესახებ. რამდენადაც ეს შესაძლებელია, საერთაშორისო კორპორაციები ცდილობენ, რომ შეინახონ მათი ნოუ-ჰაუ და არ გაუზიარონ ადგილობრივ ეკონომიკას.[xiii]

ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტი რიკარდო ჰაუსმანი იკვლევს მიზეზებს, თუ რატომ აქვთ ქვეყნებს განსხვავებული წვდომა ტექნოლოგიებზე და რა უშლის ხელს ტექნოლოგიების სწრაფად ათვისებას. ჰაუსმანის მიხედვით, ტექნოლოგიები, თავისი არსით, სამ ასპექტს მოიცავს: ინსტრუმენტები (მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები), კოდიფიცირებული ცოდნა (დოკუმენტები, მონახაზები, გზამკვლევები) და გამოცდილება (ანუ ნოუ-ჰაუ). ინსტრუმენტების გადაზიდვა მარტივად შესაძლებელია, კოდებსა და დოკუმენტებს ელ-ფოსტით გააგზავნი, ყველაზე რთული კი ადამიანური გამოცდილების (ე.წ. არაცხადი ცოდნის) გაზიარებაა. ნოუ-ჰაუ ეს არის ადამიანის ტვინის გაუცნობიერებელი შესაძლებლობა აღმოაჩინოს პატერნები და მოახდინოს სათანადო რეაგირება. ნოუ-ჰაუს დაწერა ან ვერბალურად გამოხატვა შეუძლებელია და მისი გადაცმა სხვა ადამიანისათვის იმიტაციისა და გამეორების ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. შედეგად ნოუ-ჰაუს ნელი მოძრაობა ხელს უშლის, ასევე, ინსტრუმენტებისა და კოდიფიცირებული ცოდნის გავრცელებას. გამოცდილების გაზიარების რთული პროცესი, როგორც წესი, მიიღწევა ხშირი, გამეორებადი სოციალური კონტაქტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიის გავრცელება მოსალოდნელია უფრო მეტად იმ საზოგადოებებს შორის, რომლებთაც ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი აქვთ.[xiv]

ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ, რიკარდო ჰაუსმანმა გამოიკვლია კოლუმბიის მსხვილი მუნიციპალიტეტების განვითარების ტემპი. აღმოჩნდა, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებთაც,  შედარებით, ხშირი კონტაქტი ჰქონდათ მდიდარ რეგიონებთან, ბევრად სწრაფად იზრდებოდნენ, ვიდრე ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ, შედარებით, უკეთესი ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის მქონე შტატებს. ცხადია, მხოლოდ ეს ერთი მაგალითი, თავისთავად, არასაკმარისია და მოხმობილ კვლევას სხვადასხვა შეზღუდვები გააჩნდა. ამასთან, ეს მონაცემები უფრო მეტად იმ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ტექნოლოგიური განვითარება დაკავშირებულია სოციო-ტექნოლოგიურ მოვლენებთან ვიდრე სახელმწიფოს ინსტიტუციურ მოწყობასთან.[xv]

დიდი იდეების დასასრული  

დევიდ ლინდაუერის და ლანტ პრიჩეტის მიხედვით[xvi] მე-20 საუკუნის, აგრეთვე, 2000-იანი წლების ეკონომიკური განვითრების პოლიტიკას, ძირითადად, შემდეგი ორი მიდგომა (ან დიდი იდეები, როგორც ამას თავად უწოდებენ) განაპირობებდა, რომლებმაც, ავტორთა შეფასებით, თავიანთი თავი ამოწურეს: 

პირველი დიდი იდეის (რომელიც პოპულარული იყო 1945-დან 1982 წლამდე) მიხედვით მთავრობას უნდა წარემართა ინდუსტრიალიზაცია. საჭირო იყო სახელმწიფოს მიერ ინტერვენციული პოლიტიკა კოორდინაციის პრობლემის დაძლევისთვის, რაც ახასიათებდა წარმოების სექტორს. საერთაშორისო ვაჭრობა საჭირო იყო ძირითადი საწარმოო ფაქტორების იმპორტის მიზნით, თუმცა ექსპორტზე დამოკიდებულება არასასურველად მიიჩნეოდა. 1980-იანი წლების სავალო კრიზისმა იმპორტის ჩანაცვლების ინდუსტრიალიზაციის მიდგომის კრახი გამოიწვია.  

მეორე დიდი ეკონომიკური იდეა (ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსი[xvii], რომელიც მოიცავს პერიოდს 1982 წლიდან 2002 წლამდე) მოიცავდა იმავე მიზნის მიღწევას  სხვა მიდგომით. მთავრობას თავისი როლი ჰქონდა, მაგრამ არსებითი იყო საბაზო პროცესები და ექსპორტზე ორიენტაცია მასშტაბის ეკონომიის მიღწევისათვის. საბაზრო დისციპლინისათვის იმპორტით გამოწვეული კონკურენციაც ასევე მნიშვნელოვანი იყო. 2000-იან წლებში ვაშინგტონის კონსენსუსის მიმართ მიდგომა უფრო კრიტიკული გახდა.

რა არის ახალი თანამედროვე დიდი იდეა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება? დანი როდრიკის მოსაზრებით ამგვარი დიდი იდეა არ არის გამოკვეთილი და, საერთოდაც, უმჯობესი იქნება თუ შეწყდება მისი ძიება. ერთიანი იდეის ძიების ნაცვლად, შეიძლება დავსვათ ალტერნატიული კითხვა: რომელი მოქმედებების და პოლიტიკის ერთობლიობაა უფრო მეტად დაკავშირებული ამგვარ დაჩქარებასთან და რა არის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ განაპირობებენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას? აგრეთვე, რა არის ალბათობა, რომ ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება და ეს შენარჩუნდება წლების განმავლობაში?

ამ კითხვებზე გარკვეულ პასუხს იძლევა რიკარდო ჰაუსმანის, ლანტ პრიჩეტისა და დანი როდრიკის ერთობლივი კვლევა. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 110 ქვეყანა 1957 წლიდან 1992 წლამდე და ზრდის დაჩქარების[xviii] 80-მდე ეპიზოდი გამოკვეთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. საყურადღებოა კვლევის ავტორების შემდეგი დასკვნა: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ფინანსური ლიბერალიზაცია, პოზიტიური საგარეო ეკონომიკური შოკი (საერთაშორისო ვაჭრობისადმი გახსნილობა), ფუნდამენტური ეკონომიკური ცვლილებები და პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება.

ამასთან, და ეს კვლევის ავტორთა ყველაზე საინტერესო მიგნებაა, ზრდის დაჩქარების უმრავლეს შემთხვევაზე ზემოაღნიშნული ფაქტორები არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას. ასე მაგალითად, ზრდის დაჩქარების მხოლოდ 14.5% შემთხვევა იყო დაკავშირებული ეკონომიკურ ლიბერალიზაციასთან. სხვაგვარად, რომ ვთქვათ 85.5% შემთხვევაში ზრდის დაჩქარებას არ უსწრებდა და არ ახლდა ლიბერალიზაცია. ამასთან, ეკონომიკური ხასიათის ცვლილებები არა იმდენად ზრდის დაჩქარებასთან, არამედ შემდგომ შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული. აგრეთვე, ფინანსური ლიბერალიზაცია და პოზიტიური საგარეო-ეკონომიკური შოკი დაკავშირებულია ზრდის დაჩქარებასთან, რომელიც დროთა განმავლობაში ნელდება.

ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შემთხვევების სრული უმრავლესობა, დიდწილად, დაკავშირებულია მცირე მასშტაბის და უნიკალური ხასიათის ცვლილებებთან, რომლებიც ზედაპირზე ნაკლებად ჩანს.

2004 წლიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და გარკვეული პერიოდით შენარჩუნება შეიძლება დავუკავშიროთ ოთხივე ზემოაღნიშნულ ფაქტორს: მოხდა პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, ფინანსური ლიბერალიზაცია, ქვეყანა გაიხსნა საგარეო ვაჭრობისადმი და გატარდა ეკონომიკური ხასიათის რეფორმები, რომელთა სრული უმრავლესობა შენარჩუნებულ იქნა 2012 წლის შემდგომაც და მათ დაემატა ახალი (მაგალითად, მოგების გადასახადის რეფორმა და გადასვლა ე.წ. ესტონურ მოდელზე, საპენსიო რეფორმა და სხვა). შედეგად, საქართველო დღეის მდგომარეობით ბიზნესის კეთების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.    

ერთის მხრივ ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია მოითხოვს, რომ არსებული მიღწევები შენარჩუნდეს (გადასახადების კონკურენტული დონე, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და სხვა). ამასთან, ლიბერალიზაციით, პრივატიზაციითა და დერეგულაციით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამეორება, ნაკლებად სავარაუდოა და შეზღუდვები, რომელიც უკავშირდება სტრუქტურულ ცვლილებებს, ტექნოლოგიურ გადადინებას და მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელი სექტორების განვითარებას მხოლოდ ამ მიდგომებით ვერ გადაიჭრება.

ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მრავალი შემთხვევა არ არის განპირობებული სტანდარტული ფაქტორებით, ოპტიმიზმის საფუძველია. ეს ნიშნავს, რომ მცირე მასშტაბის, მიზანმიმართული და გრძელ ვადაზე გათვლილი ნაბიჯებით შესაძლებელია ამა თუ იმ მიმართულებების წახალისება და ამ გზით ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება.

დასკვნა

სტატიაში მოყვანილი ეკონომისტების ნაშრომებზე დაყრდნობით რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომელიც განვითარების მომდევნო ეტაპზე რელევანტურია საქართველოსთვის:

  1. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და განათლების დონის გაუმჯობესებით  ეკონომიკური განვითრების დაჩქარება ნაკლებ მოსალოდნელია. ცხადია, ინსტიტუტებისა და განათლების მიზანი არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარება, ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმები არ უნდა შეჩერდეს;   
  2. ოცდამეერთე საუკუნეში, ჯერ-ჯერობით, არ არის გამოკვეთილი ეკონომიკის იმგვარი სექტორი, რომელიც მე-20 საუკუნის წარმოების მსგავსად, დააჩქარებდა სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ეკონომიკურ ზრდას. ზოგიერთი ეკონომისტის შეფასებით, სამომავლოდ ზრდა, მოსალოდნელია, რომ მიიღწევა რთული და ნელი გზით - ინსტიტუტების და განათლების დონის გაუმჯობესებით. ამ გადმოსახედიდან მმართველობის, გამართული საჯარო სექტორისა და განათლების მნიშვნელობა ქვეყნისათვის მით უფრო დიდია;
  3. თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში გეოგრაფია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. ამ მიზეზით წარმოების ცენტრებისგან დაშორებული ქვეყნებისათვის, შედარებით, რთულია ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილოება და ამ გზით ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება;
  4. ტექნოლოგიების ათვისება სხვადასხვა სირთულესთანაა დაკავშირებული და, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია. გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილეობა  ერთ-ერთი გზაა ტექნოლოგიური განვითარებისათვის, თუმცა, ამ შემთხვევაში მოლოდინები უფრო ზომიერი უნდა იყოს. ტექნოლოგიურ განვითარებას ხელს უწყობს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები და ბიზნეს გარემო. ამასთან, ბევრად მეტია ტექნოლოგიური განვითარების ალბათობა, რაც უფრო ხშირია კონტაქტი იმ საზოგადოებებთან, სექტორებთან და კომპანიებთან, რომლებიც ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან;
  5. ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შემთხვევები არც თუ იშვიათია და მათგან სრული უმრავლესობა არ უკავშირდება ტრადიციულ ფაქტორებს, იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მოქმედებათა სპექტრი ფართოა და ტოვებს ექსპერიმენტისა და ცდის საშუალებას, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისათვის როგორიც საქართველოა და იმგვარ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ამავე მიზეზით, პოლიტიკის ველზე შესაძლებელია, იყოს გრძელვადიანი, მცირე მასშტაბის, თანმიმდევრული და ფოკუსირებული ნაბიჯების ადგილი ახალი, მათ შორის, საწარმოო შესაძლებლობების განვითარებისათვის. 

 

 

[i] საქსტატის მიხედვით, „ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.“

[ii] ეკონომიკის ზრდა  არ გულისხმობს, რომ აუცილებლად შემცირდება სიღარიბე და გაიზრდება დასაქმება. სტანდარტული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2004 – 2015 წლებში მაღალი იყო. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მშპ ოთხჯერ გაიზარდა - 2004 წელს 1120 აშშ დოლარიდან 2014 წელს 4490 აშშ დოლარამდე. სამწუხაროდ რეფორმები ნაკლებად აისახა სიღარიბისა და დასაქმების მაჩვენებლებზე - 2004 წელს საქართველოს მოსახლეობის 34.4% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 2012 წლისათვის იგი მხოლოდ 4.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 30% შეადგინა. ამასთან, ეკონომიკურ ზრდას არ მოჰყოლია უმუშევრობის შემცირება. ამ თემაზე იხ. Dimitri Gugushvili, Lessons from Georgia's neoliberal experiment: A rising tide does not necessarily lift all boats, Communist and Post-Communist Studies, Volume 50, Issue 1, 2017, Pages 1-14, ISSN 0967-067X, https://doi.org/10.1016/j.postcomstud.2016.11.001.  

[iii] OECD (2020), OECD Investment Policy Reviews: Georgia, OECD Investment Policy Reviews, OECD Publishing, Paris, https://doi.org/10.1787/0d33d7b7-en.

[iv] იქვე.

[v] World Bank Group. 2018. Georgia: From Reformer to Performer. Systematic Country Diagnostic; World Bank, Washington, DC. © World Bank. https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/29790 License: CC BY 3.0 IGO

[vi] სტატიის მიზანს არ წარმოადგენს დასაქმებაზე ტექნოლოგიური განვითარების შესაძლო გავლენის შეფასება.

[viii] Dani Rodrik, The Past, Present, and Future of Economic Growth. 2013. Copy at https://j.mp/2nzKGdc

[ix] განახლებული სტრატეგიის მიხედვით პრიორიტეტული სექტორებია სასტუმრო და უძრავი ქონება, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობების კომპონენტები და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება. სტრატეგია ხელმისაწვდომია http://www.enterprisegeorgia.gov.ge/uploads/files/publications/5dfb4da6ac980-Invest-in-Georgia-20-21-ENG.pdf

[x] Richard Baldwin, 2013. "Trade and Industrialization after Globalization's Second Unbundling: How Building and Joining a Supply Chain Are Different and Why It Matters," NBER Chapters, in: Globalization in an Age of Crisis: Multilateral Economic Cooperation in the Twenty-First Century, pages 165-212, National Bureau of Economic Research, Inc.

[xi] Dani Rodrik, Straight Talk on Trade: Ideas for a Sane World Economy, Princeton University Press (2017)

[xii] Bahar, Dany, Hausmann, Ricardo and Hidalgo, Cesar, (2013), Neighbors and the Evolution of the Comparative Advantage of Nations: Evidence of International Knowledge Diffusion?, Working Paper Series, Harvard University, John F. Kennedy School of Government, https://EconPapers.repec.org/RePEc:ecl:harjfk:rwp13-025

[xiii] Baldwin, supra note xi

[xiv]  Ricardo Hausmann on the Puzzle of Development, 2013 Global Empowerment Meeting, available at https://www.youtube.com/watch?v=F3qd-A1acGU

[xv]  Coscia, Michele, Cheston, Timothy and Hausmann, Ricardo, (2017), Institutions vs. Social Interactions in Driving Economic Convergence: Evidence from Colombia, No 331, CID Working Papers, Center for International Development at Harvard University, https://EconPapers.repec.org/RePEc:cid:wpfacu:331

[xvi] Pritchett, Lant & Lindauer, David. (2002). "What's the Big Idea? The Third Generation of Policies for Economic Growth.". Journal of LACEA Economia. 3. 10.1353/eco.2002.0017.

[xvii]„ვაშინგტნონის კონსენსუსი“ მოიცავს მდგრად ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, სუბსიდიების შემცირება/გაუქმებას, საბაზრო პროცესების შედეგად დადგენილ საპროცენტო განაკვეთებსა და  გაცვლით კურსს, საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური საინვესტიციო რეჟიმის ლიბერალიზაციას, პრივატიზაციას, დერეგულიაციასა და საკუთრების უფლების დაცულობას.

[xviii] კვლევის ავტორებმა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება განმარტეს, როგორც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის დაჩქარება 2 პროცენტული პუნქტით ან მეტით (კვლევაში იდენტიფიცირებული ზრდის ეპიზოდების უმრავლესობა ამ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატებოდა), რომელიც შენარჩუნდა 8 წლის განმავლობაში მაინც. 

 

გააზიარე: