ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ – 30 წელი გამორჩეული სამხედრო კამპანიიდან

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

58 000 ათასი გარდაცვლილი და 350 000 დაჭრილი ჯარისკაცი, ასეთი იყო იმ მიმდინარე ომის შედეგები, როდესაც 1975 წლის 30 აპრილს უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი ტოვებდა სამხრეთ ვიეტნამს მას შემდეგ რაც ქალაქი საიგონი ჩრდილოეთ ვიეტნამელი მებრძოლების ხელში გადავიდა. რამდენიმე დღით ადრე, ოთხმხრივი გაერთიანებული სამხედრო მისია, რომელიც 1973 წლის იანვრის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების დებულებებითა და მანდატით ხელმძღვანელობდა, ჩრდილოეთი ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში შეიკრიბა. აღნიშნულ შეხვედრაზე, აშშ-ის დელეგაციის მოლაპარაკების ჯგუფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა  ჰარი სამერსმა თავის ვიეტნამელ კოლეგას, პოლკოვნიკ ტუს ნიშნით მოგებით უთხრა: - “კარგად იცით, ბრძოლის ველზე თქვენთან არასდროს დავმარცხებულვართ“, - ამაზე კი ვიეტნამელმა ვიზავიმ ღიმილით უპასუხა: -„შეიძლება ასეა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“. აი, ასე მოკლედ გადმოსცა ჩავარდნილი ამერიკული სტრატეგიის ფიასკო ვიეტნამელმა პოლკოვნიკმა. მან აღნიშნული სიტყვებით პირდაპირ ხაზი გაუსვა ცნობილ მაქსიმას, რომ შეიძლება ჯარი ბრძოლის ველზე დაუმარცხებელი იყოს, მაგრამ ქვეყანამ ომი მაინც წააგოს. როგორც ცნობილია, ვიეტნამის ომი, სწორედ ამდაგვარი წარუმატებელი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციის თვალსაჩინო მაგალითად ითვლება. ნებისმიერი ომის სტრატეგიული ჩანაფიქრის ავკარგიანობა, იმ ახალი მშვიდობის კონდიციებით განისაზღვრება, რომელიც ომის მერე დგება. დაუსრულებელი ომები, იქ სადაც ახალი მშვიდობა ვერ მიიღწევა, სწორედ სტრატეგიული ჩანაფიქრის ხარვეზებზე და ფიასკოზე მიუთითებს.


რონალდ რეიგანის პერიოდის აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, კასპერ ვეინბერგერმა  სწორედ ამ ვიეტნამური გამოცდილების გააზრების შემდეგ შეადგინა ცნობილი პრინციპები, რომელიც განსაზღვრავს კრიტერიუმებს, თუ როდის უნდა მიმართოს აშშ-მა სამხედრო მანქანას, როგორ საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტს და რომელიც ვაინბერგერის დოქტრინის სახელით არის ცნობილი. ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ სტატიაში ვეინბერგერიდან ზურაბიშვილამდე: რატომ არ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი.


სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპარსეთის ყურის პირველი ომი და აშშ-სა და კოალიციის ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ ქუვეითში შეჭრილი სადამ ჰუსეინის ძალების წინააღმდეგ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო კამპანიად, სადაც ბალანსი სტრატეგიული ჩანაფიქრის სამხედრო და პოლიტიკურ კომპონენტებს  შორის იდეალურად იყო დაცული. თუმცა, ვიეტნამის ომის შუქ-ჩრდილები მუდმივად მოქმედებდნენ აღნიშნული კამპანიის დაგეგმარებაზეც. იმ დროისათვის ვიეტნამის ჭრილობები ჯერ კიდევ ბოლომდე მოუშუშებელი იყო.


როგორც ცნობილია, სპარსეთის ყურის ომი ორ ძირითად ფაზას მოიცავდა - 1990 წლის 2 აგვისტოდან 1991 წლის 17 იანვრამდე, ოპერაცია „უდაბნოს ფარი“  (ფაქტობრივად ჯარების მობილიზაციის ფაზა) და 1991 წელის 17 იანვრიდან-28 თებერვლამდე პერიოდი, უშუალოდ საბრძოლო ფაზა, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“. აღნიშნულ კამპანიაში აშშ და დიდი ბრიტანეთის თაოსნობით 35 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მონაწილეობდა. 1990 წლის აგვისტოში ერაყის ჯარები კუვეიტში შეიჭრნენ და მისი ოკუპაცია მოახდინეს, რასაც გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს წევრების  მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა. ერაყის წინააღმდეგ, შეჭრიდან 4 დღეში ამოქმედა ეკონომიკური სანქციები, ფინანსური და სავაჭრო ემბარგო, რომელის ომის დასრულების მერეც შენარჩუნებული იყო. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ჯარები გაგზავნეს საუდის არაბეთში, ხოლო ორივე ქვეყნის ლიდერები, ჯორჯ ბუში უფროსი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი აქტიურად მოუწოდებდნენ სხვა ქვეყნებს გაეგზავნათ ჯარები და კოალიციის ნაწილი გამხდარიყვნენ. საბოლოოდ აქტიური საბრძოლო მოქმედებები 1991 წლის 17 იანვარს დაიწყო და ერაყის ჯარების სრული განადგურებით და მათი კუვეიტის ტერიტორიიდან განდევნით დასრულდა.


აღნიშნული სამხედრო ოპერაცია არა ერთი კუთხით იყო მნიშვნელოვანი. ზოგადად სამხედრო თეორიაში როგორც ვიცით, ცნობილია ომის ოთხი თაობა, (დღეს ზოგიერთები მეხუთეზეც საუბრობენ) რომელთაგანაც მესამე თაობის ომებისათვის  დამახასიათებელია: სიჩქარე, სიურპრიზი, ე.წ. „ბლიცკრიგი“ და გადაწყვეტილებათა სწრაფი ციკლები. ტაქტიკურ დონეზე მოწოდებულია მოწინააღმდეგის ზურგში გასვლაზე და მისი ზურგიდან კოლაფსზე. პირდაპირი შეტაკების ნაცვლად გამოიყენება “შემოვლისა და განადგურების ტაქტიკა”; მესამე თაობის ომი არის მანევრირებადი და არა ხაზობრივი. ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ იყო ე.წ. ტიპიური მესამე თაობის ომის უკანასკნელი დიდი ნიმუში, სადაც მექანიზირებული ნაწილები მნიშვნელოვან საერთო ფრონტალურ სამანევრო ოპერაციებსაც ახორციელებდნენ. (ომის თაობების დეტალური განხილვისთვის გთხოვთ იხილოთ ჩემი ნაშრომი ჰიბრიდული ომის გააზრებისთვის).


ამასთან ერთად, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“  საჰაერო ძალების ოპერატიული გამოყენების ჩანაფიქრით და მისი სამხედრო კამპანიაში მნიშვნელობის კუთხითაც გამორჩეული სამხედრო კამპანიაა. საჰაერო დომინირებამ, რომელიც აშშ-ს და მის მოკავშირეებს ამ ომის დროს გააჩნდათ, კაცობრიობის ომების ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე ცალმხრივად დომინანტური სამხედრო გამარჯვების მიღწევა გახადა შესაძლებელი. ექვს კვირიანი სამხედრო კამპანიის დროს, აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა განახორციელეს თითქმის 60% მთლიანად შესრულებული 112, 000 საჰაერო საბრძოლო მისიებისა. 7,400 ტონა გაშვებული ლაზერული შეიარაღებიდან 90% აშშ-სამხედრო საჰაერო ძალებზე მოდიოდა. ოპერაციის სახმელეთო ფაზის დაწყებიდან, რომელი დაახლოებით 100 საათს გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ჯარებთან შედარებით მოწინააღმდეგეს ორმაგი უპირატესობა ქონდა ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაში, კოალიციის დანაკარგები მთლიანად მხოლოდ 300 ადამიანს შეადგენდა. მოკლე სახმელეთო კამპანიის დროს კოალიციის ჯარები ერაყის ტერიტორიაზე დაახლოებით 240 კილომეტრზე შეიჭრნენ, რომლის დროსაც მათი გადაადგილების სიჩქარე ორჯერ აღემატებოდა ვერმახტის ბლიცკრიგის სიჩქარეს მეორე მსოფლიო ომში.


აღსანიშნავია, რომ კამპანიის დაგეგმვების დროს, საჰაერო კომპონენტის გამოყენების ხედვებზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა და მთლიანად პროცესი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა. „უდაბნოს ქარიშხალის“ დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლის ადრე, ომის წარმოების კონცეფციების სამუშაო ჯგუფმა (დირექტორატი) სახელად Checkmate, რომელსაც პოლკოვნიკი ჯონ ვარდენი ხელმძღვანელობდა, იმის გათვალისწინებით რომ ერაყის ირგვლივ სიტუაცია იძაბებოდა, გადაწყვიტა შეემუშავებინა შეტევითი საჰაერო კამპანიის კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ 1988 წელს გამოქვეყნებულ  კონცეპტუალურ ნაშრომს ეფუძნებოდა საჰაერო ბრძოლის წარმოების შესახებ. გეგმამ სახელი - „მყისიერი ქუხილი“ (INSTANT THUNDER) მიიღო. აღნიშნული ხედვის მიხედვით, საჰაერო კამპანია ძირითადად ერაყის ლიდერშიფის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის და საჰაერო თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ერაყის მხრიდან კუვეიტის ანექსიის მცდელობა არ ყოფილა აბსოლუტური სიურპრიზი, მათ შორის არც აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებისათვის. სადამ ჰუსეინმა კუვეიტთან სადავო ტერიტორიის ანექსირების შესახებ გადაწყვეტილება საკმაო ხნით ადრე მიიღო, ამ გზით მას 40 მილიარდიანი ვალის ჩამოწერაც სურდა, რომელიც ირან-ერაყის ომის დროს დაუგროვდა. აღნიშნული სიგნალების გააზრების შემდგომ, აშშ ცენტრალური სარდლობის ხელმღვანელობამ ნორმან შვარცკოფის თაოსნობით 1990 წლის პირველი ნაწილი სარდლობის საბრძოლო გეგმების გადახალისებას დაუთმეს, რომლის შედეგადაც ივლისის თვეში შედგა გეგმა OPLAN 1002-90 – რომლის მიზანიც არაბეთის ნახევარკუნძულის დაცვა იყო. ერაყის კუვეიტში შეჭრიდან მალევე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო აემუშავებინა გეგმა „უდაბნოს ფარი“ და ასევე სადამსჯელო საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი. შვარცკოფისათვის, აღნიშნული დავალება არ აღმოჩნდა ადვილი, ვინაიდან OPLAN 1002-90 თავიდანვე ხასიათი უფრო თავდაცვით მოქმედებებს გულისხმობდა და მოკლებული იყო ზემოთ აღნიშნული საჰაერო დარტყმების განხორიცელების ჩანაფიქრებს.


როგორ პრეზიდენტ ბუშს, ასევე კოალიციური ჯარების მეთაურს გენერალ ნორმან შვარცკოფს და მთლიანად აშშ-ს გაერთიანებულ შტაბს პირველი რიგში აღელვებდა ერაყის მრავალრიცხოვანი არმია და სახმელეთო კამპანიის შესაძლო შედეგები. როგორც იმ დროინდელი მოვლენების მონაწილეები ამბობენ, აღარავის სურდა ვიეტნამის ომის არსებული სისხლიანი გამოცდილების გამეორება და ძველი ჭრილობების ხელახალი გახსნა. 1988 წლის ბოლოს, ირან-ერაყის ომის დასრულების შემდგომ, ერაყის არმია მოცულობით მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოში და 955 000 აქტიურ სამხედროს, 4500 ტანკსა და 500-მდე საბრძოლო თვითმფრინავს მოიცავდა.


შესაბამისად, დაიწყო მუშაობა არსებული გეგმების გადახალისებაზე და პირველ რიგში საჰაერო ძალების გამოყენებისა და დანიშნულების გადააზრებაზე, რომელიც აქამდე არსებული ჩანაფიქრით თითქმის მთლიანად უარყოფდა ერაყის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ ავიაციის მასიურ გამოყენებას. ცენტრალური სარდლობის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჩაკ ჰორნერმა ამ მიზნით, ჩამოყალიბა ახალი სამუშაო გუნდი, რომელსაც სახელად „შავი ხვრელი:“ ეწოდა. (ამდაგვარი სახელის მიზეზი, კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჯგუფის ირგვლივ განსაკუთრებული გასაიდუმლოებულ გარემო იყო და ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო სამუშაო სივრცეში შესული ადამიანები დიდი ხნით უჩინარდებოდნენ.) ჰორნერის გადაწყვეტილებით, დაგეგმვის პროცესის მეთაურად ბრიგადის გენერალი ბასტერ გლოსონი დაინიშნა, რომელმაც მიიღო დავალება - აეღო „შახმატის“ საჰაერო კონცეფცია და იგი მომავალი სამხედრო კამპანიის საჭიროებებზე მოერგო. სწორედ ამ სამუშაოს მერე შეიცვალა საჰაერო ძალების გამოყენების ხედვა ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალისათვის“ და მიიღო ის ფორმა, რომელის მიხედვითაც, სახმელეთო ოპერაციების ახლო საჰაერო მხარდაჭერა ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა გახდა.  ახალი გეგმის მიხედვით აღნიშნული მიღწეული უნდა ყოფილიყო ოთხი საშუალებით.


პირველი, ეს იყო ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და საჰაერო ძალების განადგურება ხმელეთსა და ჰაერში, რის შედეგადაც უნდა გახსნილიყო ცა უსაფრთხოდ სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად. აღნიშნული ფაზის დროს კოალიციის საჰაერო ძალები მთლიანად გაბატონდნენ საჰაერო სივრცეში და ეფექტურად შეძლეს ერაყის საჰაერო ძალების „დამიწება“. მთლიანი ომის მანძილზე კოალიციამ მხოლოდ 40 ერთეული საჰაერო ხომალდი დაკარგა, აქედან უმეტესობა ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხებისა და ეწ. მანპადების მიერ იქნა მწყობრიდან გამოყვანილი.


მეორე კომპონენტი ერაყის ლიდერშიფის წინააღმდეგ მოქმედებას და სადამ ჰუსეინის მართვის რგოლებიდან მოწყვეტას გულისხმობდა. ამ მხრივ, გეგმა სწორედ ვარდენის თავდაპირველი გეგმის შტრიხებს შეიცავდა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ კომპონენტმა ჯამში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.


სწორედ გეგმის მესამე და მეოთხე კომპონენტი - ერაყის არმიის სახმელეთო ნაწილების შებოჭვა და კოალიციის სახმელეთო ძალების ახლო საჰაერო მხარდაჭერის განხორციელება გახდა ის ნაწილი, სადაც საჰაერო ძალების მოქმედება იდეალურად ეფექტური აღმოჩნდა. ასეთი მიზანი ქონდა გაერთიანებული შტაბის მეთაურს, გენერალ კოლინ პაუელსაც, მას სურდა, რომ ერაყის არმიას ვერ მოესწრო გაქცევა და ადგილზევე განადგურებულიყო. მიზანი იყო კოალიციის სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ერაყის არმიის სახმელეთო ძალების 50-% განადგურება. შედეგად, უკვე ომის ბოლოსკენ კოალიციის საჰაერო ძალებს ერაყის სახმელეთო ძალების 27 000 სამიზნეზე ქონდათ იერიში მიტანილი, რამაც შესაძლებელი გახადა მომავალში სახმელეთო კამპანიის მხოლოდ 100 საათის განმავლობაში ჩატარება.


როგორც ცნობილია ნებისმიერი წარმატებული სამხედრო კამპანია, თუ ზოგადად ომი, სამხედრო და პილიტიკური მდგენელის ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს. სწორედ ამდაგვარი, იდეალურამდე მიყვანილი ომის წარმოების მაგალითია ერაყის პირველი ომი და მთლიანად ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“.


პოლიტიკური კუთხით - შესრულდა საერთაშორისო სამართლებრივი მოთხოვნილებები და მათ შორის მოხდა ცეცხლის შეწყვეტა გაეროს უშიშროების საბჭოს 687-ე რეზოლუციის საფუძველზე. ამასთან ერთად მოხდა კუვეიტის ტერიტორიის დეოკუპაცია, დაწესდა გაეროს სანქციები ერაყის მიმართ, შეიქმნა არა საფრენოსნო ზონები ერაყის ტერიტორიაზე,  თავიდან იქნა არიდებული ხანგრძლივი და სისხლიანი სამხედრო კამპანია. რაც მთავარია, გეოპოლიტიკურ ჭრილში, მოხდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის იმდაგვარ დონეზე შებოჭვა, რაც საშუალებას იძლეოდა  ძალთა ბალანსი რეგიონში დაცულიყო და ერაყის ჩამოშლის შედეგად არ მომხდარიყო ახალი აქტორების აღზევება, მათ შორის ირანისათვის ხელ-ფეხის გახსნა როგორც ეს მომავალში ერაყის მეორე ომის შედეგად მოხდა. ასევე, განხორციელდა ვეინბერგერის პრინციპების ცხოვრებაში გატარება, რომელიც უკვე ზემოთაც ვახსენეთ.


სამხედრო ოპერატიული კუთხით კი, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ სამაგალითო კამპანიას წარმოდგენს, სადაც დაგეგმარებისა და მობილიზაციის პროცესიდან დაწყებული, თითოეული კომპონენტი იდეალურად იქნა აღსრულებული. სახეზე მივიღეთ საჰაერო და სახმელეთო ძალების ჰარმონიული  და ეფექტური გამოყენების კლასიკური ნიმუში. მოკავშირეებისა და კოალიციის წევრების კოორდინირებული მოქმედებები. როგორც ვიცით, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, მისი ინსტრუმენტია და ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ ამ ინსტრუმენტის სწორი, ლეგიტიმური და სიმეტრიული გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია. ამასთან ერთად პირველი ისტორიული მაგალითი, სადაც საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის სახმელეთო ძალები თითქმის მთლიანად გაანადგურეს. აღნიშნულმა სამხედრო კამპანიამ მეტწილად განსაზღვრა მომავალში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენების სპეციფიკაც.


1991 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, ვიეტნამის ომის გამოცდილება თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ როგორც ისტორიამ შემდგომ აჩვენა, ვიეტნამელი პოლკოვნიკ ტუს სიტყვები აშშ-ს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის აქტუალური მომავალში  კიდევ გახდება.

 

გიორგი ანთაძე, "ჯეოქეისის" მკვლევარი

3 თებერვალი, 2021 წ.

 

ფოტო: აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები

გააზიარე: