რუსეთის გამარჯვების ფასი 

ავტორი:

მთელი მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება დღეს უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისისკენ არის მიმართული. რუსეთის მხრიდან 150 000-ზე მეტი ჯარისკაცია მობილიზებული უკრაინის საზღვრების გასწვრივ და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყება. ამ წუთებში დონბასისას და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის რუსეთისათვის ჩვეულ სტილში დაძაბვის მცდელობებია, რომლის მსგავსი მოვლენების მომსწრენიც ჩვენ უკვე გავხდით 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში. ავტორის ხელწერა ფაქტობრივად უცვლელია. 


მიმდინარე მოვლენების ფონზე დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევა ომის თავიდან არიდებისაკენ არის მიმართული. კვლავინდებურად გაისმის აშშ-ის და ევროპის უმაღლესი პირებისგან მოწოდება, რომ ჯერ კიდევ არის შანსი კრიზისი განიმუხტოს დიპლომატიის მეშვეობით. რა თქმა უნდა, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გარკვეული საბაბებით უკან დაიხიოს, ან სავსებით მოსალოდნელია სცენარი, სადაც მისი მოქმედებები მაინც შეზღუდული იქნება. მაგალითად, პროცესი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღიარებით გაგრძელდეს და რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი პოლიტიკური დესტაბილიზაციის გზა აირჩიოს. თუმცა, ვფიქრობ, ასევე არა ნაკლებ საინტერესოა წარმოვიდგინოთ, ის სცენარი, სადაც რუსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდგომ შესძლებს უკრაინის დამარცხებას და მისთვის სასურველ მარიონეტულ რეჟიმს დაამყარებს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ევროპისათვის, ნატო-სთვის, საქართველოსთვის და ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისათვის?!  თუ რუსეთი შესძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ეს მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცისათვის ახალი რეალობის დასაწყისი გახდება.


რუსეთისთვის, უკრაინაში გამარჯვებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. განსხვავებით სირიისგან, სადაც მოსკოვმა გლობალურ არენაზე პირველად ისარგებლა დასავლეთის და აშშ-ს პასიურობით საკუთარი გეოპოლიტიკური და საგარეო-პოლიტიკური პრესტიჟის დემონსტრირებისათვის და ასადის რეჟიმის გადარჩენის მერე ახალი ბერკეტი გაიჩინა გლობალურ პოლიტიკაში ჩარევისთვის, ამ მოვლენების მნიშვნელობა, გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, მაინც შეზღუდული გავლენის იყო გლობალურ ჭრილში. მეორე მხრივ, უკრაინაში გამარჯვება შეიძლება მოიცავდეს კიევში მოსკოვისადმი ლოიალური მთავრობის დასმას, ან სულაც ქვეყნის ორ ნაწილად დაყოფას. ამასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების დამარცხებამ და უკრაინის დანებების შესახებ მოლაპარაკებამ შეიძლება უკრაინა არშემდგარ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბოს, რომელიც მუდმივი ჩარევის ობიექტი იქნება მოსკოვის მხრიდან.. როგორი სცენარიც არ უნდა განვითარდეს, საბოლოო ნიშნით, კიევი დიდი ხნით დაშორდება დასავლეთს და საუბარი რაიმე სახის ინტეგრაციაზე ევრო-ატლანტიკურ სივრცეში წარმოუდგენელი იქნება.


თუ მოსკოვი კიევში სამხედრო გზით საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევს, ეს იქნება ახალი რეალობა ევროპისთვის და დასავლეთისათვის და ამასთან ერთად, ევროპის უსაფრთხოების მოდელის ფორმატირების დასაწყისი. აღნიშნული მოვლენა აიძულებს ევროპას და ნატო-ს კონცენტრირდეს არსებული წევრებისა და ევროპის სახელმწიფოების დაცვაზე. ყველა ვინც არ არის დღეს აღნიშნული „კლუბის წევრი“ მარტო მოუწევს დგომა უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას. ანდა მოსალოდნელია ახალი სამხედრო/პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატების ფორმირება, რის მომსწრენიც უკვე გავხდით. თუმცა, ამგვარ ფორმატებთან მიმართებაში იარსებებს არა ერთი გარემოება, რაც პრობლემურს გახდის მსგავსი გაერთიანებების ფორმირებას, მაგალითად, საქართველოსნაირი სახელმწიფოებისათვის. 


გეოპოლიტიკური ლანდშაფტის თვალსაზრისით, მოსკოვის მიერ უკრაინაზე კონტროლის დამყარება შესაძლოა გახდეს ჩამკეტი, რომელიც აიძულებს ნატოსა და ევროკავშირს ნაკლებად ამბიციური იყოს მათი პოლიტიკა ევროპის სამეზობლოში და მათი ყურადღება კვლავინდებურად „შიგნით“ იყოს კონცენტრირებული. 


გარდა ამისა, რუსეთის აგრესია, როგორც ცნობილია, გამოიწვევს აქამდე არნახულ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპა და აშშ პერმანენტული ეკონომიკური და ენერგეტიკული ომის რეჟიმში იქნებიან მოსკოვთან. აღნიშნული მოვლენა აუცილებლად აისახება ევროპაზე და ზოგადად ყველა იმ ქვეყანაზე, ვისაც მჭიდრო ფინანსური და ეკონომიკური კავშირები აქვს მოსკოვთან. დღესდღეობით, ევროპის მიერ მოხმარებული გაზის 40% რუსეთიდან შემოდის. ამასთან ერთად, ახალი რეალობა, აღმოსავლეთ ევროპის განაპირა სახელმწიფოებისათვის შექმნის მუდმივი დაძაბულობის ან ესკალაციის არეალს, დაწყებული ესტონეთიდან ვიდრე თურქეთამდე.  რუსეთი მისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებით, დაძაბულობის ფონზე აუცილებლად შეეცდება სხვადასხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით აქტიურად ჩაერიოს ევროპის ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს შეიძლება გულისხმობდეს როგორც საარჩევნო პროცესებში ჩარევას, ასევე სხვადასხვა რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსებას. ამასთან ერთად, მოსკოვი მაქსიმალურად შეეცდება უკვე არსებული მაგალითებით, მაქსიმალურად წაახალისოს ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების გაჩენა აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთის ქვეყნებში, რითაც დამატებით პოლიტიკური დაძაბულობის კერებს შექმნის შუაგულ ევროპაში.


ეკონომიკური დაპირისპირება დასავლეთთან აიძულებს კრემლს აქტიურად გამოიყენოს მისი კიბერ და ენერგეტიკული ბერკეტები ამ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიცლება დიდხანს გაგრძელდეს და მძიმე საფასური იყოს მოსკოვისთვის, კრემლი აუცილებლად შეეცდება ცალკეული ევროპული ქვეყნების ამ ორთაბრძოლიდან გათიშვას და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას (მაგალითად, უნგრეთი, სერბეთი), განსაკუთრებით კი, ენერგეტიკულ სფეროში.  ზოგადად, პირველ რიგში, ეკონომიკურ დაპირისპირებაზე იქნება მეტწილად დამოკიდებული ის, თუ რამდენად გახდება კრემლისთვის შიდაპოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია.


2024 წლის არჩევნები აშშ-ში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და მოსკოვი აუცილებლად შეცდება მასში ჩარევასაც. დაპირისპირებაში მყოფი მოსკოვისგან, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება იქნება მოსალოდნელი. 


სამხედრო თვალსაზრისით, ევროკავშირი დღეს ფაქტობრივად დაუცველია და მთლიანად ნატოს შესაძლებლობებს ემყარება. ევროპული ჯარის პერსპექტივა ჯერ კიდევ შორს არის რაიმე ხელშესახები შესაძლებლობების არსებობისგან. აღნიშნული სიტუაცია აიძულებს ვაშინგტონსა გაზარდოს სამხედრო ყოფნა ევროპაში, პირველ რიგში კი, განაპირა ქვეყნებში - ბალტიისპირეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. ფინეთი და შვედეთი ასევე იძულებული იქნება კიდევ უფრო გაააქტიუროს მათი კავშირები ნატოსთან. განსაკუთრებით, შვედეთის შემთხვევაში მოსალოდნელია მისი ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერთა ზრდა ქვეყნის შიგნით. 


რუსეთის სამხედრო წარმატება მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უარყოფითად იმოქმედებს ევრო-ატლანტიკური სივრცის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ერთიანობაზე და განსაკუთრებით ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ წახალისებული პოლიტიკური ძალების მომძლავრებას, რომელიც მოსკოვთან დაზავების და ახალი რეალობის მიღების აპოლოგეტები იქნებიან.


ბერლინი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ნებისმიერი მილიტარისტული რიტორიკისგან შორს განდგომის პოლიტიკის პრინციპს ეყრდნობა და მისთვის კომპრომისზე დამყარებული დიპლომატია მთავარი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია. მიუხედავად მისი უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობებისა, სამხედრო თვალსაზრისით გერმანია დღეს მკვეთრად ჩამორჩება, როგორც პარიზს, ისე ლონდონსა და ვარშავასაც. თავდაცვის ხარჯების არათანაბარი გადანაწილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს შორის დღესაც პრობლემას წარმოადგენს, და კიდევ უფრო გამწვავდება ახალი რეალობის პირობებში.  


უკრაინაში ფართომასშტაბიანმა ომმა, მიგრანტების სერიოზული კრიზისიც შეიძლება გამოიწვიოს ევროპაში. სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, უკრაინიდან დევნილების რაოდენობამ შესაძლოა რამდენიმე მილიონს მიაღწიოს, რაც ახალი თავის ტკივილი იქნება ევროპისათვის. 


რუსეთსა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეს შორის დაპირისპირება, დიდი ალბათობით, ახალი ცივი ომის ფორმებს მიიღებს, თუმცა ამის ფონზე მოსკოვის მიერ წახალისებული დესტრუქციული ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური სივრცის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ნებისმიერ სფეროს შეიძლება შეეხოს.


მოსკოვისთვის და კერძოდ, ვლადიმერ პუტინისათვის უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ე.წ. „რუსული მიწების“ მოკრების მთავარი ეტაპი იქნება. ვინაიდან, ვერცერთი დიდი რუსული გეოპოლიტიკური პროექტი ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი მასში უკრაინის მონაწილეობის გარეშე.


აშშ იძულებული იქნება ევროპის დასაცავად მეტი რესურსი გაიღოს, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო-მატერიალური, და ეს საბოლოო ნიშნით გავლენას იქონიებს მის შესაძლებლობებზე შორეულ აზიაში, რაც დღეს ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ინტერესის უმთავრეს არეალს წარმოადგენს. გარკვეულწილად, იგი იძულებული იქნება  „ორ გეოპოლიტიკურ ფრონტზე“ თანაბრად იაქტიუროს, რაც ვერ იქნება იოლი.  


გლობალური თვალსაზრისით, რუსეთის წარმატება უკრაინაში, ლიბერალურ-დემოკრატიულ საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისათვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება ცივი ომის დასრულების შემდგომ. ეს პლანეტარული მასშტაბით წაახალისებს ავტორიტარული რეჟიმების ამბიციებსა და ქმედებებს, პირველ რიგში კი პეკინს, რომელმაც მოსკოვთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში, ფაქტობრივად, სურვილი გამოთქვა ახლებური მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე. ამის შემდგომ, სამყარო განაგრძობს განვითარებას ორი პოლიტიკური, სამხედრო-ტექნოლოგიური და ეკონომიკური გრავიტაციული ცენტრის - პეკინისა და ვაშინგტონის - ირგვლივ. მცირე სახელმწიფოებს, რომელიც აღნიშნულ სივრცეებთან შემხებ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე იქნებიან, მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ან ბალანსირება ახალ რეალობაში, რაც ვერ იქნება მარტივი ამოცანა. ჯამში, წარმატებული სამხედრო ოპერაციით მოსკოვი იმ შედეგების უმრავლესობას მიაღწევს, რაც მის მიერ ცოტა ხნის წინ იქნა დასავლეთისადმი წაყენებული როგორც მოთხოვნები და დიპლომატიური მოლაპარაკებების მთავარ საგნად იქცა მოსკოვის მხრიდან.


მოსკოვისთვის, რომელიც  მუდმივ კონფრონტაციაში იქნება დასავლეთთან, პეკინი შეიძლება იყოს ეკონომიკური საყრდენი და პარტნიორი. აშშ-სთვის ყველა ცუდ სცენარში, ჩინეთი შესაძლოა უფრო გააქტიურდეს ტაივანის საკითხის სამხედრო გზით გადაჭრის თვალსაზრისით. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინაში ესკალაცია სარგებელს მოუტანს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან დაზიანდება ჩინეთის ამბიცია გახდეს ევრაზიის ეკონომიკის ცენტრალური კვანძი. ზოგადად, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს მოსკოვი უკრაინაში, პეკინთან მიმართებაში ის მაინც „უმცროსი ძმის“ სტატუსში იქნება.


რუსეთის სამხედრო წარმატებები აუცილებლად აისახება ანკარას პოლიტიკაზეც და მის მოქმედებებზე რეგიონში. აღნიშნულმა მოვლენებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ანკარის და დასავლეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის ქმედებები რეგიონალური ბალანსის ჭრილში. 


ახალი ესკალაციის ფონზე, კონფრონტაციის პირობებში მსოფლიოს ორ ყველაზე მსხვილ ბირთვულ სახელმწიფოს მოუწევს ბალანსირება პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირებისა და სამხედრო ესკალაციის არ დაშვების ზღვარზე. ამ მხრივ სიტუაცია დაემსგავსება გარკვეულწილად ცივი ომის პერიოდს, თვისობრივად განსხვავებული გარემოებებით. დაპირისპირების უმთავრესი სივრცე ამჯერად კიბერ, საინფორმაციო და პოლიტიკური ველი იქნება.


რუსეთის უკრაინაში წარმატების შედეგად შეცვლილი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის საბოლოო დადგომამდე, აშშ-ს და მის მოკავშირეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა და ლოგიკური (სტრატეგიული) აუცილებლობაც მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მიუხედავად დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული პრობლემებისა, იზიარებენ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სულისკვეთებასა და ღირებულებებს. შესაბამისად, მეორე მხრივ, აღნიშნული კრიზისი ბიძგი უნდა გახდეს დასავლეთისათვის უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ გახდნენ ამ სივრცის ნაწილი. ლოგიკა, რომ ნებისმიერი კრიზისი თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მუშაობს და ბევრი რამ სწორედ ამ ქვეყნების პოლიტიკურ კლასსა და დასავლეთის ლიდერშიფზე იქნება დამოკიდებული. უკრაინელი მებრძოლები დღეს ევრო-ატლანტიკურ სივრცეს და გლობალურ დემოკრატიას იცავენ ზემოთ განხილული ნეგატიური შედეგებისაგან.


თუ დღეს დასავლეთში ჯერ კიდევ ფასი აქვს საერთო ღირებულებებს და მართლაც დაფასებულია იმ ერების მისწრაფება და უფლება გახდნენ თანამედროვე, განვითარებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, თვითონ აირჩიონ ალიანსები და წარმართონ საგარეო პოლიტიკა, რუსეთის მიერ წარმოებული ცინიკური და აგრესიული პოლიტიკა უნდა გახდეს ახალი ევრო-ატლანტიკური გამოღვიძების მიზეზი, რომლის შედეგადაც ეს სივრცე კვლავინდებურად დაიბრუნებს ერთობისა და სოლიდარობის ძველებურ სიმტკიცეს. დღეს დადგა დრო, რომ ზემოაღნიშნული დასავლეთის მხრიდან რეალური ნაბიჯებით დამტკიცდეს, რისი პრაქტიკული გამოვლინებაც უკრაინისათვის და საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება შეიძლება გახდეს.
 

გააზიარე: