ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ვიზიტს გეგმავს ისრაელის სახელმწიფოში, რათა უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოს ღაზის სექტორსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების, ასევე ისრაელის რეგიონული და საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ. აგრეთვე, ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სამეცნიერო და აკადემიური წრეების თანამშრომლობას ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხარდასაჭერად.
ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ყიფიანი შეხვდება:
- საქართველოში ისრაელის მომავალ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას;
- რაიხმანის უნივერსიტეტის აბა ებანის სახელობის დიპლომატიისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, მარკ რეგევს, რომელიც 2016-2020 წწ-ში გახლდათ ისრაელის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ასევე, იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი საგარეო საქმეთა და საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებზე;
- ისრაელის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის - ბეგინ-სადათის სტრატეგიული კვლევების ცენტრის (BESA) ხელმძღვანელს, პროფესორ ეიტან შამირს.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ვიზიტის მიზანია, ისრაელის რეგიონული და საქართველოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკის გარშემო დიალოგის გამართვა; საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების ხელშესაწყობად ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. განხილვები შეეხება როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აკადემიური და ინოვაციების კუთხით ორმხრივ ინტერესებს.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ისრაელს შორის უფრო დინამიური და მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ისრაელის წამყვან პოლიტიკოსებთან და მეცნიერებთან ღია და სტრატეგიული მნიშვნელობის დიალოგის გზით“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანის ვიზიტის ორგანიზება ისრაელის საელჩოს დახმარებით განხორციელდა.