COVID-19, გეოპოლიტიკა და საქართველო

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ახალი კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო არა მხოლოდ თავისი გავრცელების არეალით - რაოდენობრივი თვალსაზრისით არის, არამედ თვისობრივიდაც - კოვიდ-19-ის გავლენა ჩვენს სამყაროზე მრავალგანზომილებიანია, მათ შორის, სანიტარული, ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მიმართულებით. ვირუსის არაპროგნოზირებადი ბუნების გამო, ჯერ კიდევ რთულია მსოფლიოზე მისი გავლენის სრული ანალიზი და შეფასება, მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ არასოდეს ყოფილა გეოპოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა ისე აქტუალური ფართო საზოგადოებაში, როგორც ამჟამად.


დღეს ძალიან ხშირად გვესმის ფრაზა - „კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო“. თუმც, ალბათ, უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ რეალურად კოვიდ-19-მა არა იმდენად შეცვალა ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, რამდენადაც იგი გააჩერა და მეტად ნათლად დაგვანახა ყველა იმ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა, რომელიც ვირუსის გავრცელებამდე გაცილებით ბევრად ადრე არსებობდა, მაგრამ რომლის მოსაგვარებლადაც უფრო მეტად განცხადებებით შემოვიფარგლებოდით, ვიდრე ქმედითი ნაბიჯებით, როგორც ეროვნული, ისე გლობალური მმართველობის დონეზე. ის, რომ მსოფლიოში ამა თუ იმ სახის პანდემია შეიძლებოდა გავრცელებულიყო, ამის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, კვლევითი დაწესებულება, მათ შორის, საგანგაშო დასკვნების შემცველი მეცნიერული კვლევები, გვაუწყებდნენ, თუმც, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, რომლის პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯანდაცვის ან კვლევითი სფეროს განვითარება იქცა პრიორიტეტულად ახალი კორონავირუსის ეპიდემიამდე. მსგავსად, გეოპოლიტიკა კოვიდ-19-მა არა იმდენად შეცვალა, რამდენადაც მეტად ნათლად წარმოაჩინა პანდემიამდე არსებული ისეთი გეოპოლიტიკური უარყოფითი ტენდენციები, როგორიცაა მულტილატერალიზმის, დასავლეთის და ზოგადად, დასავლური ღირებულებების შესუსტება მსოფლიოში ან თუნდაც, საერთაშორისო ინსტიტუციების ქმედითუნარიანობისადმი ფართო საზოგადოების მზარდი უნდობლობა. 


მოცემულ კონტექსტში, თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ მულტილატერალიზმის შესუსტებას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა ხედვამ „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა“, რის შედეგადაც ამერიკამ დატოვა რიგი ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანახმებები და ორგანიზაციები, რომელიც გახლავთ ერთგვარი სიმბოლო მსოფლიოში დასავლური ღირებულებების უპირატესობისა და ზოგადად, დასავლეთის სიძლიერისა. მათ შორის, აშშ-მა 2017 წელს დატოვა „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“ და იუნესკო, 2018 წელს „ირანის ბირთვული შეთანხმება“, ბოლოს კი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 


პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, თავის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების მეტად განმტკიცების საშუალებას იძლევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის, რომლის გაცხადებული მიზანია მსოფლიო ლიდერობა და არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, როგორც ეს უმეტესწილად აღიქმება. გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ ტექნოლოგიური სფეროს მონოპოლიზების წყალობით რომ ჩინეთი მსოფლიოში მზარდი ეკონომიკით ხასიათდება, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. თუმც, ეკონომიკური ლიდერობის მიღმა, ჩინეთს გაცილებით მეტი ამბიცია აქვს საერთაშორისო არენაზე - უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, გახდეს იგი მსოფლიოში ზესახელმწიფო - მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის განმსაზღვრელი. აღნიშნულის დასტურია, ალბათ, ის ფაქტიც, რომ მაგალითად, „დიპლომატიის გლობალური ინდექსის“  2019 წლის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატიური წარმომადგენლობის მქონე ქვეყანა დღეს უკვე ჩინეთია - 276 საელჩოს/საკონსულოს/მუდმივი წარმომადგენლობის სახით, ხოლო აშშ-მა კი 273 დიპლომატიური წარმომადგენლობით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, აფრიკის კონტინენტზე ჩინეთის აქტიურობიდან გამომდინარე (და არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, რომლის შედეგად იგი გახლავთ აფრიკის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი), სულ უფრო მეტად შეინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციებში აფრიკული ქვეყნების წარმომადგენელთა მხარდაჭერა ჩინელი კანდიდატების მიმართ. 


აქვე აღსანიშნავია ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე გაორმაგდა, ასევე, 2017 წელს, ჯიბუტში ჩინური სამხედრო ბაზის განთავსება, სიმბოლურად ამერიკული სამხედრო ბაზებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. 


შესაბამისად, ჩინეთის პოლიტიკის სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური ეკონომიკური აქტორის მიღმა, გლობალური პოლიტიკური ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად რომ არის გათვლილი, ეს უკვე ცხადია. მართალია, პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელი - მეტწილად უნილატერალიზმზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა ჩინეთის გაძლიერებას სულ უფრო უწყობს ხელს, მაგრამ ამავდროულად, რთულად წარმოსადგენია აშშ-ის, როგორც ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი ქვეყნის, პასიურობა საერთაშორისო ასპარეზზე, სამომავლოდ, სხვა გლობალური აქტორების გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ. საბოლო ჯამში, უნილატერალიზმის - „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა“ თუ მულტილატერალიზმის პრეფერენცირება ბევრად იქნება დამოკიდებული აშშ-ის 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. 


მულტილატერალიზმის, როგორც ჭეშმარიტად დასავლური ღირებულების შესუსტებას, ასევე, გარკვეულწილად, ხელს უწყობს აშშ-ისა და ევროკავშირის, როგორც სტრატეგიული მოკავშირეების, სულ უფრო მეტად დაშორიშორება, განსაკუთრებით ბუნდოვანი ხედვა მათი ერთიანი თავდაცვის პოლიტიკისა, მაგალითად, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, სულ უფრო მეტად აძლევს ხელს რუსეთს საკუთარი იმპერიალისტური ინტერესების გასატარებლად. მიუხედავად ამერიკისა და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ასეულობით სანქციისა, სამწუხაროდ, დღეს, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში, უკრაინაში. კოვიდ-19-მა კი კიდევ ერთხელ ცხადად წარმოაჩინა აღნიშნულის სიმძაფრე. მაშინ, როდესაც მსოფლიო ყურადღება პანდემიის გავრცელების პრევენციაზე იყო სრულად მიმართული, რუსეთი აგრძელებდა საქართველოში ფაქტობრივ ანექსიას, მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკას, რომლის შედეგად უხეშად ირღვეოდა და კვლავ ირღვევა ასეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლის ფუნდამენტური უფლებები. 


დასავლურ ღირებულებებზე საუბრისას, აქვე არ შეიძლება დანანებით არ აღინიშნოს ევროპის საბჭოს გასული წლის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო შეჩერებული ხმის უფლება დაუბრუნდა. 


ზოგადად კი, საერთაშორისო ინსტიტუციებისადმი ფართო საზოგადოების ნდობის შემცირება, გარდა დეკლარირებული დასავლური ღირებულებების დასაცავად გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯების არასკმარისობისა, ალბათ, გამოწვეულია მოქალაქეებთან მათი კავშირის ნაკლებობითაც. აღნიშნულის ერთგვარი შედეგია, მაგალითად, „ბრექსითი“, რომლის შედეგებთან გამკლავება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ევროკავშირისთვის, რასაც თან ერთვის კოვიდ-19-ის პანდემიის  დროს წამოჭრილი პრობლემატური საკითხები. პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმირების, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიის მიმართულებით მეტი სუვერენულობის მოპოვებისა და კვლევითი სფეროს განვითარების აუცილებლობას 21-ე საუკუნის გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავების მიზნით. კოვიდ-19-მა, აგრეთვე, განსაკუთრებით ცხადად დააყენა ევროკავშირი თვითგამორკვევის წინაშე - რას წარმოადგენს დღეს იგი? - უფრო მეტად ეკონომიკურ პროექტს თუ პოლიტიკურ პროექტს? ვირუსმა, ასევე, წარმოაჩინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობა, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლის განსაზღვრის მიმართულებით. სწორედ პანდემიის პერიოდში გაღვივებულმა დაპირისპირებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კიდევ უფრო ნათლად ცხადყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობების დიფერენცირების გარდაუვალობა, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის საჭიროება, როგორც კონტინენტზე უსაფრთხოების, ისე ევროპული ღირებულებების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად. კოვიდ-19-ის კონტექსტში, რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია მხოლოდ დასავლური ღირებულებების შესუსტებისკენ  გახლდათ მიმართული. ფაქტია, რომ პროგრესის მცირე ნაბიჯების გადადგმით მიღწევის 70 წლის წინანდელი მიდგომა დღევანდელ გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს. ამჟამინდელი, სულ უფრო ნაკლებად წესებზე დაფუძნებული და ქაოტური მსოფლიო დღის წესრიგი ევროკავშირისგან მეტად მასშტაბურ, მეტად პოლიტიკურ და მეტად სწრაფ ქმედებებს მოითხოვს.


აღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ მრავალპოლუსიან მსოფლიოში, სადაც მთავარ გეოპოლიტიკურ აქტორებად აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი გვევლინებიან, არსებითია ე.წ. დასავლური ბანაკის - ამერიკა-ევროპის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება მსოფლიოს მეტი დასავლურობისთვის. მიუხედავად ჩინეთის მზარდი სიძლიერისა და რუსეთის გამუდმებული სწრაფვისა მსოფლიოში გავლენების გასაძლიერებლად, ერთი მხრივ, მათ შორის არსებული ფუნდამენტური კულტურული სხვაობიდან გამომდინარე, ძალიან ნაკლებად რეალისტურია რუსულ-ჩინური სტრატეგიული მოკავშირეობის განვითარება ისეთ დონეზე, როგორსაც ისტორია იცნობს ამერიკულ-ევროპული ტანდემის შემთხვევაში და მეორე მხრივ, როგორც ჩინეთს, ისე რუსეთს, განსხვავებით ამერიკისა და ევროპისგან, ნამდვილად აკლია ის ე.წ. “Soft Power”-ი კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით, რაც მათ მსოფლიოში დომინირებისა და მსოფლიო ხალხების გულების დაპყრობის საშუალებას მისცემდა. 


დღეს მულტილატერალიზმი არის აუცილებლობა და არა არჩევანი. კოვიდ-19-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გლობალური გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა მაგალითად, კლიმატური ცვლილება, უსაფრთხოება და  სხვ., შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით და დროულად მიღებული პრევენციული ზომების საფუძველზე. ახალი კორონავირუსის კონტექსტში, აღნიშნულის საუკეთესო მაგალითია, ალბათ, საქართველოს მიერ წარმატებით მართული პანდემია, უწინარესად, სწორედ დროულად გატარებული პრევენციული ღონისძიებების საშუალებით. მსგავსად, როდესაც წლებია უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები რუსული ექპანსიონისტური პოლიტიკის შედეგად, როდესაც წლებია რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ეფუძნება დასავლური ღირებულებების შესუსტებას სხვადასხვა არადემოკრატიული მეთოდის გამოყენებით, როდესაც წლებია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები მეცნიერულად დადასტურებულად საგანგაშოა და კიდევ სხვ., არსებითია დასავლელი მოკავშირეების - ამერიკისა და ევროპის ინტერესების მეტი კონსოლიდაცია, დროული და თუნდაც, რადიკალური ზომების მიღება როგორც დასავლური ღირებულებების მეტად დაცვის, ისე გლობალური გამოწვევების უკეთ გამკლავებისთვის. საქართველომ კი, როგორც ამერიკისა და ევროპის სტრატეგიულმა მოკავშირემ, ერთი მხრივ, მეტად უნდა გააძლიეროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, მეორე მხრივ კი, დღევანდელ მრავაპოლუსიან და ნაკლებად პროგნოზირებად მსოფლიოში ეროვნული ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, გაზარდოს საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა მსოფლიო მასშტაბით. ამასთან, საქართველომ, რომელიც დღეს, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად გახლავთ ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატო-ს საერთაშორისო მისიებში, მნიშვნელოვანია ასევე საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვით საკითხებში, თუნდაც, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში პრიორიტეტად განსაზღვრული საკითხის - „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“ - ახლა უკვე საგარეო პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტად განსაზღვრით. მსგავსად, მსოფლიო ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებში არსებითია, რომ მწვანე დიპლომატია იქცეს პრიორიტეტულ მიმართულებად.


დაბოლოს, პრევენციული ზომების ნაკლებობასა და ზომიერ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული გლობალური მმართველობის შედეგად, სამყარო კოვიდ-19-მა უკეთეს მსოფლიოზე დასაფიქრებლად ერთხელ უკვე გააჩერა. ამიტომ, მნიშვნელოვანია გლობალურმა აქტორებმა არა უნილატერალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკით იარონ წინ, თუნდაც სწრაფად, არამედ მულტილატერალიზმზე დაყრდნობით - ნელა, მაგრამ უფრო შორს, ვინაიდან „ერთადერთი იმედისმომცემი გზა სამყაროს უკეთესი მომავლისა  არის გზა თანამშრომლობისა და პარტნიორობისა“, - კოფი ანანი, დიპლომატი. 


 

გააზიარე: